ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - რუსეთი დონბასში, დიდი ალბათობით, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს განათავსებს

ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - რუსეთი დონბასში, დიდი ალბათობით, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს განათავსებს

რუსეთი, დიდი ალბათობით, განათავსებს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს დონბასში მისი თავდაცვითი ხაზების გასწვრივ გადაადგილების თავისუფლების დაცვისა და შეკავების მიზნით, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.

„ამ ნაღმებს აქვთ პოტენციალი, გამოიწვიონ ფართომასშტაბიანი მსხვერპლი როგორც სამხედრო, ისე ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობაში“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, რუსეთი დონეცკსა და კრამატორსკში PFM-1 სერიის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას ცდილობს, რომელიც არაზუსტი იარაღია.

„დონეცკსა და კრამატორსკში, რუსეთი, დიდი ალბათობით, ცდილობს PFM-1 და PFM-1S გაფანტული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას, სახელწოდებით „პეპლის ნაღმი“, PFM-1 სერია ძალიან სადავო, განურჩეველი ტიპის იარაღია“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, PFM-1 გამოიყენებოდა დამანგრეველი ეფექტით საბჭოთა კავშირ-ავღანეთის ომში, სადაც მათ, სავარაუდოდ, ბევრი ბავშვი დაასახიჩრეს.

„დიდი ალბათობით, საბჭოთა ეპოქის მარაგი, რომელსაც რუსეთი იყენებს, დროთა განმავლობაში გაუარესდებოდა და ახლა მეტად არასანდო და არაპროგნოზირებადი იქნება. ეს საფრთხეს უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე განაღმვის ჰუმანიტარულ ოპერაციებს“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.