სოფელ საბაჟოში რაჰიპ მამედოვის ძეგლისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბაჟოში რაჰიპ მამედოვის ძეგლისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაიასთან და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან გია ჩაბალუხასთან ერთად დაათვალიერა.
„პროექტს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.
მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა კვარცხლბეკები, ლითონის ღობე, განთავსდება სკამები და ურნები, დაირგვება დეკორატიული მცენარეები, მემორიალი და კვარცხლბეკები მოპირკეთდება მარმარილოს ფილებით.
ინფრასტრუქტურული პროექტის სამუშაოებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 81 000 ლარია, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „აფო“ აწარმოებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

























