ბსუ-სა და იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას განაგრძობს - იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას იუსტიციის სამინისტროში გაივლიან და დამოუკიდებლად მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს შეიძენენ.
სამინისტრო წარმატებულ სტუდენტთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებას ხელს შეუწყობს.
„ღონისძიების ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ბსუ-ში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის საჯარო ლექცია „საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა სამართლებრივი გზებით“ წაიკითხა. ლექციის თემა ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოება და საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად სამართლებრივი ბრძოლა იყო.
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო ინტერესების დაცვას საქართველოს სუვერენიტეტისა და შემდგომი დეოკუპაციისათვის, რა სამართლებრივ ბერკეტებს აძლევს საქართველოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპაციის ფაქტის დადასტურება, ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნიკური წმენდის აღიარება.
მომხსენებელმა აგრეთვე ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე , როგორებიცაა: ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობისა და წამებისთვის, სამხედროებისა და სამოქალაქო პირების არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის რუსეთის ბრალეულობის დადგენა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა ლექციაზე ასევე ცხინვალის რეგიონის 3 „მაღალჩინოსნის“ მიმართ ჰააგის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერების გამოცემა განიხილა, აგრეთვე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ამოერიცხა ან დაუშვებლად ეცნო საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ წარდგენილი 3 300-ზე მეტი საჩივარი, რომლებიც რუსეთის კოორდინაციით შევიდა.
ლექციის ბოლოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სტუდენტების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























