ენტონი ბლინკენმა და სერგეი ლავროვმა პატიმრების გაცვლის თაობაზე ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პატიმრების გაცვლის თაობაზე ესაუბრა. ინფორმაციას CNN -ი ავრცელებს.
ამერიკის პირველმა დიპლომატმა რუს კოლეგასთან საუბარს "გულწრფელი და პირდაპირი“ უწოდა.
მედიის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-სა და რუსეთს საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ერთმანეთთან სატელეფონო საუბარი გამართეს მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს უკრაინაში ომი დაიწყო.
„მე დიდად ვეცადე დამერწმუნებინა კრემლი, რომ მიეღოთ არსებითი წინადადება, რომელიც ჩვენ დავაყენეთ პოლ უელანისა და ბრიტნი გრინერის გათავისუფლების შესახებ“, - აღნიშნა ბლინკენმა.
როგორც CNN-ი იუწყება, ამერიკული მხარე რუსეთს სთავაზობს აშშ-ის მოქალაქეები რუს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტში გაცვალონ.
გარდა ამისა, ბლინკენის თქმით, მან ლავროვთან მოლოდინი გამოთქვა, რომ უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებით მიღებული შეთანხმება, რომელიც შავი ზღვის გავლით უსაფრთხოდ ტრანზიტის საშუალებას იძლევა, ძალაში შევა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მსოფლიო არ აღიარებს ანექსიებს“ და „დამატებით მნიშვნელოვან ხარჯებს დააკისრებს რუსეთს, თუ ის წინ წავა თავისი გეგმებით“.

























