ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2022

ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2022

პაატა ზაქარეიშვილი - “ოცნებას” გაუჭირდა და ივანიშვილის სახით ძლიერი არტილერია ჩართო"

რა ხდება ფრონტის ხაზზე ომის 154-ე დღეს - “ახლა ბევრად ეფექტური კონტრშეტევები ხორციელდება მტერზე”

საქართველოში წამლების ფასზე ზედა ზღვრის დაწესება იგეგმება

* * *

პაატა ზაქარეიშვილი - “ოცნებას” გაუჭირდა და ივანიშვილის სახით ძლიერი არტილერია ჩართო"

“ქართული ოცნება” ძალიან სასაცილო მდგომარეობაშია. საქართველოს წინააღმდეგ მერამდენედ იქნევს ჯოხს და თავში ირტყამს. ამ წერილმა ხომ დაადასტურა, რომ სიტუაციას ივანიშვილი მართავს? აშკარად ჩანს, რომ “ოცნებას” ძალიან გაუჭირდა, ზარი ახლობელთან დასჭირდა და ეს ახლობელიც გამოეხმაურა. გაუმზადეს წერილი, აშკარად ფორმალურია, მას ხალხური ლაპარაკი უყვარს და თავად რომ დაეწერა, სხვანაირად დაიწერებოდა. აშკარაა, რომ ესაა თხოვნა "გვიშველე", მანაც უშველა და პრაქტიკულად დაადასტურა, რომ არა მხოლოდ ძალაუფლებას ფლობს, არამედ რეალურად მართავს პოლიტიკას”, - აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “რეზონსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოცნებას” გაუჭირდა და ივანიშვილის სახით ძლიერი არტილერია ჩართო” - ზაქარეიშვილი წერილზე.

“ეს პირველ რიგში ომის კონტექსტში ჩანს, რომელიც “ოცნებიდანაა” წამოსული. მართლაც უცნაური, აბსოლუტურად გაუმართლებელი და უსაფუძვლო იდეაა, რომ ომი თავიდან ავიცილეთ. ომის თავიდან აცილების არავითარი საფუძველი არ არსებობდა. თავიდან რა უნდა აეცილებინათ, როცა ომის არავითარი საფრთხე არ არსებობდა. როგორც ჩანს, ეს თემა არ იყიდება და საზოგადოებას არ სჯერა. ამიტომაც ივანიშვილის სახით ძლიერი არტილერია ჩართეს. მან მაინც დაადასტუროს, რომ დიახაც, ომის საფრთხე მართლაც იყო. მას არაფერი მტკიცებულება არ მოჰყავს. ერთადერთი, ვინც ომისკენ მართლა მოგვიწოდებდა, ეს უკრაინის ერთი-ორი უდღეური პოლიტიკოსი იყო, მაგრამ მათ საქართველოსთან საერთო არაფერი არ აქვთ. მმართველ გუნდს დღემდე არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომ საქართველოში რომელიმე პარტია, რომელიმე ჯგუფი ან პარლამენტის წევრი ომს მოითხოვდა. მათ ეს მოიგონეს, თითიდან გამოწოვეს, ახლა თავიანთ მიერვე დაგებულ მახეში გაებნენ და ივანიშვილის მხარდაჭერა დასჭირდათ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“წერილში ეს ერთ-ერთი წამყვანი თემაა, რომელმაც “ოცნების” მოსაზრება გაამყარა, რომ თითქოს ომი თავიდან ავიცილეთ, არადა თავიდან ასაცილებელი არაფერი იყო. ამ წერილის ორი მთავარი სამიზნეები იყო: ერთი, გაემყარებინა თითქოსდა ომის თავის აცილების ეს ლეგენდა (კარგად ვიცი, ომი როგორ მზადდება და ამის არავითარი ნიშნები არ იყო) და მეორე. ანტიდასავლური კამპანიის მხარდაჭერა და რაც მთავარია ამით გამოააშკარავა, რომ ის ფლობს როგორც პოლიტიკას, ისე ძალაუფლებას. ეს კი ყველაზე შემაშფოთებელი და ყველაზე დამაფიქრებელია, რაც ამ წერილმა მოიტანა”, - მიიჩნევს კონფლიქტოლოგი.

“როგორც წესი, სჯობს ასეთი განცხადებები არ გააკეთონ, რადგან იმ ეჭვებს კიდევ უფრო ამყარებენ, რაც მათ წინააღმდეგაა. შვეიცარიის ბანკი გაიხსენა - ასეთი კეთილი ადამიანი ვარ, საქართველოსთვის მინდა ფული ვხარჯო და შვეიცარიელები საშუალებას არ მაძლევენ, მაგრამ ამას ისე, სხვათა შორის ვამბობ, სჯობდა არ მეთქვაო. თუ სჯობდა, რომ არ გეთქვა, მაშინ ნუ ამბობ! ქართველ ხალხს კიდევ დაამადლა, რამდენი რამე დაგაკლდათ იმიტომ, რომ შვეიცარიამ დამაზარალაო. “ოცნებას” უჭირს და იძულებულია, რომ ივანიშვილი კომფორტოს ზონიდან გამოიყვანონ. მას ძალიან არ სიამოვნებს და როგორც ჩანს, სხვა გზა არ აქვს. პირველად კვირიკაშვილის თემაზე გამოვიდა, დაიმალა და ახლა ისევ გამოსვლა მოუწია. ესე იგი, უჭირთ. ეს საზოგადოებისთვის შეტყობინებაა, რამ მათთან ყველაფერი კარგად არაა და ძალიან უჭირთ. საქართველოს გამოწვევებზე სიტყვა არ უთქვამს, მხოლოდ “ოცნების” დღის წესრიგსა და მის გამოწვევებზე, დეგნანსა და ომზე ილაპარაკა”, - დასძენს ზაქარეიშვილი.

რა ხდება ფრონტის ხაზზე ომის 154-ე დღეს - “ახლა ბევრად ეფექტური კონტრშეტევები ხორციელდება მტერზე”

“უკრაინის არმიამ რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევები გააძლიერა. თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ კონტროლირებად დონბასის ტერიტორიაზე მიიტანეს იერიში, სამიზნეში მოექცა სანავთობო ბაზა. თავის მხრივ, ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში ხარკოვის ოლქზე განახორციელეს - ერთი რაკეტა ქალაქ ჩუგუევში ერთ-ერთ შენობას მოხვდა. დაიღუპა 3 ადამიანი, მაშველებმა 4 მოქალაქის გადარჩენა და შენობის ნანგრევებიდან ამოყვანა მოახერხეს. ასეთია ომის 154-ე დღე უკრაინაში. ღამით მასირებული შეტევა იყო სუმის ოლქზეც. ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, რუსებმა იერიში ტერიტორიაზე “გრადის” ტიპის რაკეტებით მიიტანეს. არიან დაშავებულები. დაბომბვის შესახებ იუწყება ხარკოვის მერიც, მისი განცხადებით, ქალაქზე მტრის მორიგი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 6 ადამიანი დაშავდა, თავდასხმას მსხვერპლი და ხანძარი არ მოჰყოლია. მერის თქმით, თავდასხმის სამიზნე ქალაქის ინდუსტრიული ობიექტები იყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ხდება ფრონტის ხაზზე ომის 154-ე დღეს - “ახლა ბევრად ეფექტური კონტრშეტევები ხორციელდება მტერზე”.

“რუსმა დამპყრობლებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ასევე დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველო ავრცელებს. მათივე ცნობით, თავდასხმა ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე მოხდა. თავდასხმის შედეგად განადგურდა 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი გადარჩენილის ამოყვანა შეძლეს, ერთი პირი კი დაიღუპა. როგორც უცხოური გამოცემა “უნიანი” იტყობინება, უკრაინელმა სამხედროებმა მტკიცედ მოიგერიეს რუსი დამპყრობლების თავდასხმები რამდენიმე მიმართულებით. კერძოდ, მტერი წარუმატებლად შეიჭრა ვერხნეკამენსკში და უკან დაიხია. სემიგორიასა და კოდემის რაიონებში, ბახმუტის მიმართულებით, საომარი მოქმედებები გრძელდება. გრძელდება სლავიანსკის მიმართულებით დაბომბვაც”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უკრაინული მედიის ცნობით, შეტევა უკრაინელებმა სტრატეგიული მნიშვნელობის ანტონოვსკის ხიდზე მიიტანეს, რომელიც რუსეთის ჯარისთვის მომარაგების უმნიშვნელოვანეს არტერიას წარმოადგენს. შედეგად, აფეთქების ხმა ისმოდა დროებით ოკუპირებულ ხერსონში. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი “ტვიტერში” დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში საკვანძო ხიდზე დარტყმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. იგი ოკუპანტებს მიმართავს: “რეალობას ვერ გაექცევით - ოკუპანტებმა მდინარე დნეპრში ცურვა უნდა ისწავლონ ან მათ უნდა დატოვონ ხერსონი, სანამ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. შეიძლება, მეტი გაფრთხილება აღარ იყოს”, - დასძენს გამოცემა.

“სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” ამბობს, რომ დასავლეთიდან მიღებულმა შეიარაღებამ საკმაოდ გააუმჯობესა უკრაინული მხარის საბრძოლო შესაძლებლობები. ზოგიერთ ასპექტში რუსებს ისეთი დანაკარგები აქვთ, რომ იძულებულნი არიან მაღალტექნოლოგიური იარაღი ირანიდან შეისყიდონ. შესაბამისად, ახლა ბევრად ეფექტური კონტრშეტევები ხორციელდება მტერზე, რამაც რუსეთი იძულებული გახადა, ეძებოს მოკავშირეები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დასავლურმა იარაღმა უკვე შედეგი გამოიღო, რუსებს ზოგიერთ ასპექტში სერიოზული დანაკარგები აქვთ - ვახტანგ მაისაია.

“გრძელდება პოზიციური საბრძოლო მოქმედებები, გარკვეულ ნაწილში უპირატესობა აქვთ რუსებს, ზოგან კი უკრაინელები მიიწევენ წინ. უკრაინის შეიარაღებული ძალები აქტიურები არიან ხერსონის მიმართულებით და ეფექტურად ახორციელებენ კონტრშეტევებს. ამასთან, ეფექტურად ანადგურებენ რუსული მხარის საკომუნიკაციო და ლოგისტიკური ტიპის კომუნიკაციის ცენტრებს. რუსებს უპირატესობა აქვთ დონბასისა და დონეცკის მიმართულებით, თუმცა დასავლეთიდან მიღებულმა შეიარაღებამ ერთგვარი წონასწორობა მისცა კონტრსაბატარეო ბრძოლებში მხარეთა პოზიციებს. გამოსწორდა ის სუსტი მხარეები, რომლებიც უკრაინელებს ჰქონდათ სარაკეტო და ზალპური ცეცხლის კომპლექტების კუთხით. ახლა ისინი აწარმოებენ კონტრსაბატარეო ბრძოლებს, რაც საკმაოდ პოზიტიურად მოქმედებს მათ უპირატესობზე. ამაზე ისიც ნათლად მიანიშნებს, რომ რუსებმა ირანელებს სთხოვეს დრონები - უკრაინელებმა შეძლეს რუსული უპილოტო თვითმფრინავების განადგურება, რამაც ისინი იძულებულები გახადა, ჩასულიყვნენ თეირანში და კონტრაქტი გაეფორმებინათ ირანთან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

საქართველოში წამლების ფასზე ზედა ზღვრის დაწესება იგეგმება

“საქართველოს ჯანდაცვის სამინიტრო მედიკამენტების გაიაფების ახალ გზებს ეძებს და რეფორმაზე მუშაობს. საუბარია რეფერენტული ფასების დადგენაზე, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ზედა ზღვარს დააწესებს, თუ რა ფასად უნდა მოხდეს მედიკამენტების გაყიდვა ან მათი იმპორტი, ღირებულება კი სხვა ქვეყნებთან შედარების საფუძველზე, კონკრეტული ფორმულით უნდა დადგინდეს. რეფერენტული ფასები, ძირითადად, იმ მედიკამენტებზე გავრცელდება, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. ესენია ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელი ნანა შაშიაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული რეგულაცია მომხმარებელს დანახარჯს მკვეთრად შეუმცირებს. რაც შეეხება ვადებს, მისი ინფორმაციით, მთავრობა რეფერენტულ ფასებს 2023 წლის დასაწყისიდან შემოიღებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საქართველოში წამლების ფასზე ზედა ზღვრის დაწესება იგეგმება / რეფერენტული ფასები, ძირითადად, იმ მედიკამენტებზე გავრცელდება, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.

“რეფერენტული ფასების შემოღებით სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება და შემცირდება ხარჯი, რასაც სახელმწიფო და მომხმარებელი გადაიხდის. ეს სისტემა ევროკავშირის წევრ და არაწევრ ქვეყნებშია დანერგილი და მათ მნიშვნელოვანი თანხა დაზოგეს. მაგალითად, თურქეთმა, რეფერენტული ფასების შემოღებიდან მესამე წელს, 1 მლრდ დოლარი დაზოგა. ქვეყნების ნაწილი რეფერენტულ ქვეყნად სამ-ოთხ ქვეყანას ირჩევს. არჩევანი რამდენიმე მაჩვენებელზეა დამოკიდებული, მათ შორის: ტერიტორიულ სიახლოვეზე, სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე. იმ ქვეყანაში, რომელსაც ჩვენ რეფერენტულ ქვეყნად ავირჩევთ, ფასები დაბალი უნდა იყოს. ამ დროისთვის მოლაპარაკება რამდენიმე ქვეყანასთან გვაქვს. საწყისად ვფიქრობთ, რომ რეფერენტული ფასი იმ სამკურნალო საშუალებებზე უნდა გავრცელდეს, რომლებიც ქრონიკული და ონკოლოგიური პაციენტებისთვის გამოიყენება. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილი გვაქვს, ეს ჩამონათვალი განვავრცოთ”, - განაცხადა ნანა შაშიაშვილმა. რეფერენტული ფასის დაწესების ბევრი მოდელი არსებობს და მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის სამინისტრო რომელ მათგნს აარჩევს. ასევე საინტერესოა, რომელ ქვეყნებს შეედრება საქართველო, რადგანაც რეფერენტული ფასის დაწესება სწორედ სხვა ქვეყნებში არსებული ფასების შესწავლას გულისხმობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უკვე დიდი ხანია, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები მედიკამენტებზე ზედა ზღვრის დაწესებას ითხოვენ. ჯანდაცვის სამინიტროს მომავალი წლის გეგმას დადებითად აფასებს სფეროს სპეციალისტი, ორგანიზაციის “გახსოვდეს ჰიპოკრატე” ხელმძღვანელი მარინა ბერაძე და იქვე ამბობს, რომ სხვა ცვლილებების შემუშავებაც აუცილებელია. “რასაკვირველია, ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა, რადგან ჩვენთვის მთავარია პაციენტის ინტერესი. ცალსახად კარგია, თუ მედიკამენტებზე ზედა ზღვარი დაწესდება. ბიზნესი, რა თქმა უნდა, საკითხს სხვაგვარად უყურებს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოსახლეობა ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტებით, რაც არის მთავარი ამოცანა, ეს ამ პირობებში უფრო კარგად შესრულდება”, - ამბობს ბერაძე, რომელიც დასძენს, რომ “რასაკვირველია, საჭიროა ყველა ნიუანსის გათვალისწინება, აღსრულების მექანიზმების დახვეწა, რადგან ზიანი არ მიადგეს არც ფარაცევტულ კომპანიებს და, რაც მთავარია, მოქალაქეებს და მათთვის იყოს მედიკამენტები ხელმისაწვდომი და საიმედო”, - განაგრძობს გამოცემა.

“ამ შემთხვევაში, ეს რეფორმა რომ განხორციელდეს, ალბათ, საჭირო იქნება კიდევ რამდენიმე ცვლილება. მექანიკურად რომ დაწესდეს ზედა ზღვარი, ვითარებას მხოლოდ ეს არ უშველის. საჭიროა, კიდევ რამე გაკეთდეს იმისთვის, რომ პრაქტიკაში რეფორმა სწორად განხორციელდეს. დაცული უნდა ვიყოთ იმით, რომ არ მოხდეს გადაჭარბებული რაოდენობით მედიკამენტების გამოწერა და არ იყოს შუალედური რგოლები ძალიან ბევრი, ეს აძვირებს თვითღირებულებას. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ოჯახის ექიმის ინსტიტუტი უნდა გაძლიერდეს, სწორედ ოჯახის ექიმი უნდა განკარგავდეს ამ მედიკამენტებსაც და ადგილზევე მიეწოდოს პაციენტს წამალი, რომელსაც ექიმი გამოუწერს და ადამიანს დაფინანსებაზე ფურცლებით ხელში არ უნდა მოუწიოს სიარული, გინდაც გამგეობაში და გინდაც მერიაში. ასეთი რეგულაციები არსებობს განვითარებულ ქვეყნებში. ევროპულ ქვეყნებში სწორედ ამ სახით ხდება პაციენტების უზრუნველყოფა საჭირო მედიკამენტით. პაციენტი თავად არ უნდა ეძებდეს წამალს და ათას ადგილას სიარული არ უნდა უწევდეს”, აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მარინა ბერაძე.

“თურქეთიდან შემოდის შედარებით იაფი წამლები და იქ მედიკამენტები გაძვირდა, ამიტომ კარგი იქნება, სხვა ბაზრები მოვიძიოთ. კონკურენცია როდესაც გაიზრდება, ბაზარი გაჯანსაღდება. ეს, რა თქმა უნდა, 1-2 დღეში არ მოხდება. სისტემურად იმდენად ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და გამოსასწორებელი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თანდათან ყველაფერი გაუმჯობესდება. რეფერენტულ ფასს ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა იყენებს. ასევე იყენებენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა აზერბაიჯანი, მოლდოვა და ა.შ.” - დაასკვნის ბერაძე. სრულიად განსახვავებული მოსაზრება აქვს ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტ ვატო სურგულაძეს. ის ამბობს, რომ მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებით პრობლემები შეიქმნება”, - წერს სტატიის ავტორი.

“არავითარი ლიმიტი, არავითარი ზედა ზღვარი, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, შედეგს ვერ მოიტანს. ამ რეფორმის განხორციელებით მოხდება ის, რაც მოხდა ბევრ ქვეყანაში - აღარ შემოვა ხარისხიანი მედიკამენტები. უცებ რომ ლარი გაუფასურდეს, მერე რას ვშვრებით?! ე.ი. კომპანიები უნდა წავიდნენ წაგებაზე. გაქრება ხარისხიანი მედიკამენტი და შესაძლოა, საერთოდ წამლის პრობლემაც გაჩნდეს. ნებისმიერი ზედა ზღვრისგან ბიზნესი მაინც იპოვის გამოსავალს და შეიძლება, გაცილებით უარესი შედეგი მივიღოთ. პრობლემა ის კი არ არის, რომ მაღალი ფასებია, პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში დაბალი შემოსავლებია. ჩვენ ამის გამო გვექნება სეროზული პრობლემა. გაჩნდა პრობლემა თურქეთში, წამლები გაძვირდა, ჩვენ ხომ შემოგვქონდა ვითომ იაფი მედიკამენტები და ახლა ჩვენთანაც ავტომატურად მოხდება ფასის მატება. შეიძლება, პირველ ეტაპზე რაღაც შედეგი მივიღოთ, მაგრამ საბოლოოდ ძალიან ცუდი რეზულტატი იქნება. დამიჯერეთ, ამ გზით გვექნება პრობლემები”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვატო სურგულაძე.