ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2022

საქართველოში პოლარიზაცია პიკზეა - იქნება თუ არა სამოქალაქო დაპირისპირება?
რა ხდება ფრონტის ხაზზე - სად აპირებს პუტინი მორიგი შეტევის განხორციელებას
***
საქართველოში პოლარიზაცია პიკზეა - იქნება თუ არა სამოქალაქო დაპირისპირება?
“ევროპული საბჭოს რეკომენდაციის მიუხედავად, ქვეყანაში პოლარიზაცია დღითიდღე მწვავე ფორმებს იღებს. პოლიტიკურ დაპირისპირებებს კრიტიკული განცხადებები მოჰყვება-ხოლმე, რაც დაუსრულებელი ხასიათისაა. ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ საქართველოში პოლარიზაციის ხარისხი პიკზეა, თუმცა ეს ძირითადად პოლიტიკურ ჯგუფებს შორისაა და იმის საშიშროება არაა, რომ სიტუაცია სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. გარდა ამისა, ანალიტიკოსთა შეფასებით, საპროტესტო ტალღების სიმძლავრე დინამიკაში იკლებს-ხოლმე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ როგორც კი წინა პლანზე რევოლუციის, გადატრიალების მოტივები გამოდის, ხალხი ცდილობს, ამისგან თავი შორს დაიჭიროს, რაც სამოქალაქო დაპირისპირებას თავისთავად გამორიცხავს”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საქართველოში პოლარიზაცია პიკზეა - იქნება თუ არა სამოქალაქო დაპირისპირება?
„ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხი მაღალია, საპროტესტო ელექტორატის გარკვეული რაოდენობაც არსებობს, თუმცა არა იმდენი, რომ საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს. „ჯერჯერობით საზოგადოებაში განსაკუთრებულ საპროტესტო განწყობებს ვერ ვხედავ. მეორე ფაქტორი ისაა, რომ ამ პროტესტის ლიდერებად ერთი და იგივე სახეები გვევლინებიან, რომელიც საზოგადოებისთვის გვარიანად მოყირჭებულები არიან, მათ შორის მათი მომხრეებისაც. „არა მგონია, რომ მათი ძალისხმევით დიდი საპროტესტო ტალღის აგორება მოხერხდეს. ევროკავშირის სტატუსის თემამაც ის აქტუალობა უკვე დაკარგა, რაც პირველ დღეებში ჰქონდა, როცა ბევრი ხალხი გამოვიდა. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მასობრივი საპროტესტო ტალღის აგორების პოტენციალს ვერ ვხედავ, ისაა, რომ რასაც ეს ადამიანები სთავაზობენ - „ოცნება" ცუდია, გადავაგდოთ და ხელისუფლებაში ჩვენ მოვიდეთო, ამას კი ევროინტეგრაციით ფუთავენ - ამას საზოგადოება ხვდება და ამ სატყუარაზე არა მგონია, რომ მეორეჯერ და მესამეჯერ წამოეგოს”, - აღნიშნავს გამოცემა.
„საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მაშინ მიდის, როცა საზოგადოების ორი ნაწილი ერთმანეთთან მკვეთრად ანტაგონისტურადაა დაპირისპირებული, პოლიტიკურად იდეოლოგიურად თუ სხვა. საპროტესტო ელექტორატის გარკვეული ნაწილი კი არის, მაგრამ მათში იმ განწყობას ვერ ვხედავ. რომ საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანონ, ხელში იარაღი აიღონ და ერთმანეთს ესროლონ, ეს არავის არ უნდა, არ აწყობს თუნდაც ევროკავშირის იდეების გამო. „დღეს ქვეყანაში პოლარიზაცია ცალსახად მაღალი ხარისხისაა, მაგრამ ეს უფრო პოლიტიკურ ელიტებს და მათთან დაახლოებულ საზოგადოების გარკვეულ წრეებს შორისაა. რიგით მოქალაქეებს თავიანთი ყოფითი პრობლემები და ის ყოველდღიური საკითხები აწუხებს, რაც მათ ცხოვრებაზე ახდენს ზეგავლენას. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვები არ ჩატარებულა, მაგრამ რაც ჩატარდა, იქ მოსახლოების 60% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. მიუხედავად ამისა, ეს რატომღაც კონკრეტულ საპროტესტო აქციებში არ ითარგმნება - საზოგადოების მოქცევა სოციოლოგიურ გამოკითხვებს აცდენილია, ეს პირველად არ ხდება. „ისევ იმ პროცესებზე გვიწევს დაკვირვება, რაც საზოგადოების შიგნით მიდის, თუნდაც სოციალურ ქსელებში და თუნდაც საპროტესტო ტალღების დინამიკაში. როგორი იყო პროტესტი 20-24 ივნისს და 3 ივლისს მონაწილეთა რაოდენობამ თანდათანობით როგორ დაიკლო. ეს იმაზე მიუთითებს, რომ როგორც კი წინა პლანზე რევოლუციის, გადატრიალების და კონფრონტაციების მოტივები გამოდის, რომელმაც შეიძლება ადამიანების ყოველდღიურ სიმშვიდესა და ყოფაც-ხოვრებას დაემუქროს, ხალხი ცდილობს, ამისგან თავი შორს დაიჭიროს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ”, - განაგრძობს გამოცემა.
„ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლარიზაციის ხარისხი უკვე პიკზეა მისული და თუ არცერთი მხარე დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯს არ გადადგამს, ეს დიდხანს გაგრძელდება, თუმცა იქვე ამატებს, რომ ნაკლებია ალბათბა საქმე დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. „საქართველოში პოლარიზაციის ხარისხი უკვე პიკზეა, ის დუღილის ტემპერატურაზეა და ამის გამორთვაა საჭირო, ეს არ ხდება და თუ არცერთ მხარეს ჭკუა არ ეყო, ასე დიდხანს გაგრძელდება. მთელი უბედურება ისაა, რომ „ოცნებას" ევროკავშირთან მეტი დაახლოება არ უნდა, მას დემოკრატიის გარეშე ძალაუფლების შენარჩუნება და მშვიდი, კარგი ცხოვრება სურს. „ის ყველაფერი ოპოზიციას აბრალებს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ფორმებით. შესაბამისად მათი მხრიდან პოლარიზაცია გაიზრდება, ტემპერატურა არ დაეცემა. ირაკლი კობახიძე მანდ იმიტომაა, რომ ეს გააკეთოს, სხვა არაფერი არ შეუძლია. ეს „ოცნების" შეტყობინებაა, რომ ჩვენ პოლარიზაცია გვჭირდებაო. კობახიძე პარტიის თავმჯდომარეა და უკვე არაერთხელ თქვა, რომ მათი მთავარი ამოცანა სხვა პარტიის ჩამოშლაა, ანუ დეპოლარიზაციას არ აპირებენ. „რა უნდა ჰქნას ოპოზიციამ, სულ გაჩუმდეს?! ხმა ვერ ამოუღიათ, ერთს ამბობენ და ათს „ოცნებიდან" პასუხობენ, მათი მთავარი ამოცანაა, რომ ოპოზიცია არ არსებობდეს, ეს არასწორია. მიუხედავად ამისა კარგი იქნება, რომ ოპოზიციამ ორ ფრონტზე იმუშავოს - „ქართულ ოცნებასთან" ითანამშრომლონ, ბრიუსელში თუ გინდ მათთვის მიუღებელი დოკუმენტი გაგზავნონ, ოღონდ ეს შეიძლება ევროკავშირისთვის მისაღები გახდეს და მეორეს მხრივ ცალკე 12 პუნქტის ალტერნატიულ ვარიანტზე იმუშაონ, რადგან საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ხელისუფლება უარს რაზე იტყვის და ბრიუსელში რას გააგზავნის. რომელიც შეიძლება ევროკავშირისთვის, ან არჩევნებისთვის გამოდგეს”, - დასძენს გამოცემა.
„თითქმის მთელი მთიანი აჭარა, გურია, სამეგრელო, კახეთი მოვიარე, იმერეთის სოფლებში ვიყავი, სკოლებში დავდიოდით და ახალგაზრდებს და მასწავლებლებს ვხვდებოდით და პროტესტის განწყობა არსად არაა, ხალხს სიტუაცია არ მოსწონს, მაგრამ ვერ ხედავს იმას თუ ხელისუფლება ვისით უნდა შეიცვალოს. სხვა არჩევანს ვერ ხედავენ, ხალხში მუხტი არაა იმისა, რომ ოპოზიციას პროტესტებში აჰყვეს. ქვეყანაში სრული უკუღმართობაა და სიტუაცია ამოყირავებულია, მგონია, რომ აქციები ისევ ისე მილევადი იქნება, ვერანაირ სამოქალაქო დაპირისპირების საფუძველს ვერ ვხედავ. „საქართველოში პირველად 16 წლის შემდეგ საზოგადოებას არჩევანი არ აქვს, პოლიტიკურ სცენაზე სულ ვიღაც ახალი ჩნდებოდა, რომელზეც ქართული საზოგადოება მთელ იმედებს ამყარებდა. კომუნისტების დროს ეროვნული მოძრაობა იყო, შემდეგ შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი. ახლა ივანიშვილი ჩიხშია, დამალულია, არ ჩანს, მისი სახელით ქვეყანას უტიფარი ცინოკოსები მართავენ კობახიძის სახით და სხვა არჩევანი არაა, ქართველები არჩევანში სააკაშვილს ვერ ხედავენ, მისი წარსული ახსოვთ. სიახლეა საჭირო ახალგაზრდული პარტიები და ახალგაზრდა პოლიტიკოსები, მაგრამ არ ჩანს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.
რა ხდება ფრონტის ხაზზე - სად აპირებს პუტინი მორიგი შეტევის განხორციელებას
„რუსებმა ოდესას ისევ დაარტყეს - უკრაინის სამხრეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროს მიმართულებით სარაკეტო იერიში განხორციელდა, დაიბომბა მიკოლაევიც. ლუგანსკის ოლქში ოკუპანტები ახალ სტრატეგიაზე გადავიდნენ და იმისთვის, რომ გამაგრდნენ, დასახლებულ პუნქტებს წვავენ. ამასთან, „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ინფორმაციით, რუსული ძალები ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში უკრაინული არმიის კონტრშეტევისთვის ემზადებიან და პოზიციებს აძლიერებენ”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა ხდება ფრონტის ხაზზე - სად აპირებს პუტინი მორიგი შეტევის განხორციელებას
„უკრაინის „სამხრეთის" ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, ოდესის ოლქში კერძო შენობები დაიბომბა, მიკოლაევში კი საპორტო ინფრასტრუქტურა. არსებული ინფორმაციით, მიკოლაევის ოლქზე სარაკეტო დარტყმა ეს-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემით ოკუპირებული ხერსონიდან განხორციელდა. „უკრაინის სამხრეთზე განხორციელდა მასობრივი სარაკეტო დარტყმა, მათ შორის ავიაციის გამოყენებით, შავი ზღვიდან. გაშვებულია საჰაერო ბაზირების რამდენიმე რაკეტა. ოდესის ოლქში რაკეტები სანაპიროზე მდებარე სოფლების კერძო შენობებს მოხვდა, რის შემდეგაც ცეცხლი გაჩნდა. ადგილზე მაშველები მუშაობენ. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულები არ არიან. მიკოლაევის ოლქში თავდასხმა საპორტო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა", - ნათქვამია „სამხრეთის" ოპერატიული სარდლობის განცხადებაში. მანამდე, ოდესის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის პრესმდივანმა, სერგეი ბრატჩუკმა განაცხადა, რომ ოდესის ოლქზე სარაკეტო იერიში სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავების გამოყენებით განხორციელდა”, - აღნიშნავს გამოცემა.
„მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვიტალი კიმის თქმით კი, მიკოლაევზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა განხორციელდა. „26 ივლისს, დილით მიკოლაევზე განხორციელდა მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი და ავტოტრანსპორტის საწარმო. დაშავებულები და გარდაცვლილები არ არიან. დეტალები ზუსტდება", - განაცხადა კიმმა. როგორც ლუგანსკის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი წერს, იმისთვის, რომ ლუგანსკის ოლქში გამაგრდნენ, რუსი დამპყრობლები წვავენ იმ დასახლებულ პუნქტებს, რომლებიც არ ემორჩილება. ტოვებენ მხოლოდ ფერფლს როგორც დიდი ქალაქებისგან, ისე სრულიად პატარა დასახლებული პუნქტებისგან. გაიდაი წერს, რომ გასული დღის განმავლობაში რუსების თავდასხმის ოთხი მცდელობა მოიგერიეს და მეხუთე მიმართულებით ბრძოლა გრძელდება. „რუსებმა ოთხი რაკეტით დაარტყეს, მოაწყეს ორი მასობრივი საარტილერიო თავდასხმა და ორჯერ გამოიყენეს ნაღმმტყორცნები, სადაც ცოტათი მიახლოება მოახერხეს. უკვე თითქმის თვეა, რაც მტერი მოუახლოვდა ჩვენი რეგიონის საზღვარს და მის გადმოსაკვეთად, მსხვერპლად იღებს ყველა რესურსს და წვავს ლუგანსკისა და დონეცკის დასახლებებს. ოკუპანტებს არ სჭირდებათ ადამიანები, სჭირდებათ რეფერენდუმი, რამდენი ადამიანი არ უნდა მოკლან და რამდენი არ უნდა დატოვონ თავშესაფრის გარეშე", - წერს გაიდაი”, - განაგრძობს გამოცემა.
„საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარები ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის ემზადებიან. მათი თქმით, საოკუპაციო ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან ანექსიის პირობების შექმნასა და მათზე ადმინისტრაციული კონტროლის გაფართოებას აგრძელებს. ამასთან, ინსტიტუტისვე ინფორმაციით. რუსულმა ძალებმა გარკვეულ წინსვლას მიაღწიეს ბახმუტის სამხრეთით, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლებენ ამ მიღწევების ეფექტურად გამოყენებას ქალაქის სრული კონტროლისთვის. რუსეთის ჯარებმა ასევე განახორციელეს შეზღუდული სახმელეთო შეტევები ხარკოვის ჩრდილოეთით, სევერსკისა და ბახმუტის აღმოსავლეთით. ბრიტანული დაზვერვა მორიგ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი მომავალშიც მიანიჭებს უპირატესობას უკრაინის გემსაწინააღმდეგო აღჭურვილობის განადგურების ძალისხმევას, მათ შორის გააგრძელებს თავდასხმას ოდესაზე. როგორც უწყების ანალიტიკოსები ამბობენ, რუსეთი გემსაწინააღმდეგო რაკეტებს აღიქვამს, როგორც საკვანძო საფრთხეს, რომელიც მისი შავი ზღვის ფლოტის ეფექტურობას ზღუდავს. ამასთან, მან, თავის მხრივ, ხელი შეუშალა უკრაინაში შეჭრის საერთო გეგმას, რადგან რუსეთი ოდესაზე სადესანტო თავდასხმას რეალურად ვერ ახორციელებს. „2022 წლის 24 ივლისს რუსული ფრთოსანი რაკეტები უკრაინის ოდესის პორტს მოხვდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ დაარტყა უკრაინულ სამხედრო გემსა და გემსაწინააღმდეგო რაკეტების მარაგს, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ ასეთი სამიზნეები საერთოდ იყო რაკეტის დარტყმის ადგილას", - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში. ბრიტანული დაზვერვის მტკიცებით, რუსული სამიზნე ხშირად არასწორია დაზვერვის მოძველებული ინფორმაციების, ცუდი დაგეგმარებისა და ოპერაციისადმი „ზემოდან ქვევით" მიდგომის გამო”, - წერს სტატიის ავტორი.

























