ჰელსინკის კომისიის მრჩეველი მუხთარლისთან დაკავშირებით გოგაშვილის განცხადებაზე - შემზარავია, თუ ეს სიმართლეა, მაგრამ შემზარავია მაშინაც კი, თუ ეს სიმართლეს არ შეესაბამება

ჰელსინკის კომისიის  მრჩეველი მუხთარლისთან დაკავშირებით გოგაშვილის განცხადებაზე - შემზარავია, თუ ეს სიმართლეა, მაგრამ შემზარავია მაშინაც კი, თუ ეს სიმართლეს არ შეესაბამება

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის უფროსი მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში, მაიკლ ჩეჩირე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ის აღნიშნულ ინფორმაციას "შემზარავს" უწოდებს.

"შემზარავია, თუ ეს სიმართლეა, მაგრამ შემზარავია მაშინაც კი, თუ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი ან დაუსჯელობის გაუტეხელი კულტურა, რომელიც სათავეს საბჭოთა პერიოდიდან იღებს, იშვიათად არის განხილული და კიდევ უფრო ნაკლებად ხდება ღიად კითხვების დასმა", - აღნიშნა ჩეჩირემ “ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, პატიმრობაში მყოფმა სოსო გოგაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც ის სხვა საკითხებთან ერთად, 2017 წელს თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებასაც შეეხო. გოგაშვილის მტკიცებით, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის გატაცება ბიძინა ივანიშვილის დავალება იყო, რომელიც „სუს-ის ზონდერებმა“ შეასრულეს და ოპერატიულ ტექნიკურმა დეპარტამენტმა (ოტო) წაშალა.