ილია ვერძაძე - როდესაც სათქმელი არ აქვთ მიმართავენ უზნეობას

გია კობახიძეზე ასეთი აბსურდის დამბრალებელი ან თავად ხარ აგენტი, ან გამწარებული ირაკლის წარმატებებით, - ასე ეხმაურება აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ილია ვერძაძე უკრაინელი პოლიტიკოსის დავით არახამიას განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი გია კობახიძე „კაგებეშნიკია“.
ილია ვერძაძის თქმით, დავით არახამიამ რაც თქვა, აბსურდია.
„არაერთხელ მითქვამს, როდესაც სათქმელი არ აქვთ და კონკურენციას ვერ უძლებენ, მიმართავენ მსგავს უზნეობას! ვფიქრობ, არახამიამ თავადაც კარგად იცის, რომ რაც შეთხზა არის სრული აბსურდი, სიცრუე. მათ რომ შეეძლოთ თქვან, რომ კონსტიტუცია ცუდია, ან გუნდმა, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, მშვიდობა ვერ შეინარჩუნა ქვეყანაში ან არ გვაქვს ეკონომიკური ზრდა და ა.შ. - აუცილებლად იტყვიან. ამას ვერ ამბობენ და თხზავენ სხვადასხვა სიბინძურეებს. ამას საზოგადოება კარგად ხვდება.
გია კობახიძეზე ასეთი აბსურდის დამბრალებელი ან თავად ხარ აგენტი, ან გამწარებული ირაკლის წარმატებებით. გია არის ჩემი მეგობარი და მე ვამაყობ ამით. ყველამ, ვინც პოლიტიკოსობას იბრალებს, იმის მეასედი რომ გააკეთოს, რაც გიას გაუკეთებია, ეს ქვეყანა ბევრად უკეთესი იქნება. (ის ნაძირლები ვერ ხვდებიან, რომ მთელ ჩვენს სამეგობროს ამით აყენებენ შეურაცხყოფას, მიუხედავად მათი დღევანდელი პოზიციისა და იმის მეასედის გამბედავი და გამკეთებელიც ვერ იყვნენ და არიან, რასაც ჩვენ ვაკეთებდით). ეს პასაჟი, რომელიც მთავარი არხის საშუალებით გაითამაშეს, კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ ნამდვილ სახეს. საბედნიეროდ, ჩვენს საზოგადოებას ნათლად შეუძლია ავის და კარგის გარჩევა“,- აცხადებს ილია ვერძაძე
დეპუტატატის განცხადებას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამიამ "მთავარ არხთან" ინტერვიუში ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა. არახამიას თქმით, მან არ იცოდა ვინ იყო ირაკლი კობახიძე, თუმცა მას შემდეგ რაც "დაგუგლა" , აღმოაჩინა, რომ კობახიძის მამა “კაგებეშნიკია”.

























