გიორგი დოხტურიშვილი „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორს შეხვდა

გიორგი დოხტურიშვილი „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორს შეხვდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორს, ალექსანდრე თევდორაძეს შეხვდა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს, გარდაბნის, წალკის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერები დაესწრნენ.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონის თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევები და საჭიროებები, ასევე მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ასევე ისაუბრეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში წამოჭრილი წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრის მიზნით უკვე დაგეგმილ სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოებზე.

,,მნიშვნელოვანია, რეგიონში მიმდინარე საკითხებზე დროული რეაგირება მოვახდინოთ. პრიორიტეტულია ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის პროექტირება - მშენებლობის საკითხი. მიმდინარე წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ,,მშენებლობა განვადებით“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბოლნისის, დაბა კაზრეთის, სოფლების: ბალიჭის, ქვეშის, ძეძვნარიანის წყლის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფლი. ამ დროისთვის პროექტის ტექნიკური დავალება უკვე მომზადებულია. ბოლნისის წყლის სისტემის მიმდინარე და აღნიშნულ სოფლებში დაგეგმილი პროექტის განხორციელება, აღმოფხვრის პრობლემას და მოსახლეობას 24 საათიანი წყლის მიწოდებით უზრუნველყოფს. პროექტი სრულად მოიცავს წყალმომარაგების ქსელის მოწყობას, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანებას, მაგისტრალური მილის, არსებული რეზერვუარებისა და სატუმბი სადგურის რეაბილიტაციას. შეხვედრის ფარგლებში „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორთან, ალექსანდრე თევდორაძესთან ერთად, ასევე განვიხილეთ სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების დასაქმების პროგრამა, რომლის მიზანი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობაა“,- განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.