ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2022

ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2022

რატომ ჩამოვიდნენ ევროპარლამენტარები საქართველოში - „მათი ვიზიტის მიზანია ვითარება ადგილზე ნახონ, გაეცნონ...“

რისთვის შეხვდნენ თეირანში თურქეთის, რუსეთისა და ირანის ლიდერები

“ემართებათ იმ ადამიანებსაც კი, ვისაც გადატანილი აქვს სხვა შტამები” - მსოფლიო კოვიდის ახალი ტალღის მოლოდინში

* * *

რატომ ჩამოვიდნენ ევროპარლამენტარები საქართველოში - „მათი ვიზიტის მიზანია ვითარება ადგილზე ნახონ, გაეცნონ...“

“ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ექვსკაციანი დელეგაცია ოთხშაბათს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს ესტუმრა, ვიზიტისას რამდენიმე შეხვედრა შედგა - განსახილველ საკითხებს შორის საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების წლიური ანგარიში და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ქვეყნის მიერ გაკეთებული განაცხადია. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ევროპარლამენტარების ვიზიტის მიზანია, რომ ადგილზე ნახონ ის რეალობა, რაც საქართველშია, გაეცნონ პრეზიდენტის, მმართველი პარტიის, სახალხო დამცველის და ოპოზიციის პოზიციებს. ასევე, ყველა იმ კითხვას პასუხი გაეცეს, რაც თავად აქვთ და მმართველ გუნდს აქვს მათ მიმართ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ ჩამოვიდნენ ევროპარლამენტარები საქართველოში - „მათი ვიზიტის მიზანია ვითარება ადგილზე ნახონ, გაეცნონ...“

“ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, სახალხო დამცველს და არასამთავრობო სექტორს შეხვდნენ. დელეგაციას ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობს, რომელმაც პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან გამართა, რის მერეც ერთობლივი ბრიფინგიც გამართეს. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა კრიტერიუმების შესრულებასა და დემოკრატიული რეფორმების გატარებაზეა დამოკიდებული. “წინა თვეში გადაწყვეტილება ევროპის საბჭოსი გახლდათ მართლაც და ისტორიული გადაწყვეტილება, რომლითაც გაჟღერდა, რომ საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა. სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე, ეს არის - პოლარიზაცია და ეს არის პროცესი, პოლიტიკური დისკურსი, რომელიც ხასიათდება ძალიან მკაცრი რიტორიკით და უუნარობით თუ სურვილის არქონით იმისათვის, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა იმუშაონ ერთად მიუხედავად იმისა, თუ რა მიზანი ქვეყანას აქვს დასახული”, - თქვა დევიდ მაკალისტერმა, რომლის განცხადებით, “ევროპის გაფართოება რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც შესაბამისი რეფორმების გატარებას მოითხოვს, განსაკუთრებით კი, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, საბაზრო ეკონომიკისა და ევროკავშირის განხორციელების სფეროში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს პროცესი მიესადაგება აბსოლუტურად ყველა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ის არ არის რამე ვაჭრობის საგანი. საქართველოს შეფასება გაგრძელდება ამ დამსახურებების საფუძველზე და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებულია კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე. საქართველოს მოსახლეობა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, იმსახურებს იმას, რომ იცხოვრონ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ, თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში. ევროპის კავშირი განუყოფლად არის დაკავშირებული მშვიდობასთან, სტაბილურობასთან და კეთილდღეობასთან. 2012 წელს ევროპის კავშირმა ნობელის პრიზიც კი მიიღო იმის გამო, რომ 6 ათწლეულის განმავლობაში უდიდესი წვლილი შეიტანა მშვიდობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაში ევროპაში. ამიტომაც, სულ უფრო და უფრო მეტ ქვეყანას უნდა ევროკავშირში გაწევრიანება. საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ ბევრს ვმუშაობთ მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე... ევროპის პარლამენტის წევრები სიამოვნებით დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ თქვენი ქვეყნის გაწევრიანებას”, - თქვა მაკალისტერმა. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი იმედოვნებს, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ხელისუფლების წარმომადგენლები ბრიუსელში ჩავლენ და მუშაობას ადგილზე დაიწყებენ, მუშაობა უნდა დაიწყოს საქართველოს პარლამენტშიც”, - განაგრძობს გამოცემა.

“აქ არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ამ შემთხვევაში უმრავლესობის, რადგანაც მთავარი ბერკეტები არის უმრავლესობის ხელში - ეს იქნება პარლამენტში, თუ მთავრობაში. ამას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ყველაფერზე არ დაიწყებს ოპონირებას, მაგრამ კიდევ ერთხელ მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლების და ესეც კარგად იცის მოსახლეობამ. ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენ გადავიდეთ მუშაობაზე იმ ერთმანეთთან ჭიდილის რეჟიმიდან, რომელიც არამხოლოდ შიგნით არის, არამედ, ასევე არის გარეთ და ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგი. ისიც ვთქვი, შეიძლება ზოგჯერ სჯობდეს, რომ არ იყოს პასუხები და მოვუწოდე, რომ ეს დიალოგი გადავიყვანოთ ცოტა სხვა ფორმებში, მაგრამ მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცეები, რაც არ შეიძლება ითქვას, არის რაღაც ბრალდებები მაგალითად იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს - ეს არის მიუღებელი. არ შეიძლება ამ პირობებში დავიწყოთ რაიმე ფორმის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ჩამოდიან იმისათვის, რომ ყველანაირად გვაჩვენონ - მხარს უჭერენ ამ ჩვენს ძალიან რთულ პროცესს”, - განაცხადა ზურაბიშვილმა. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების დელეგაციის ვიზიტით ხელისუფლებას შესაძლებლობა ეძლევა, განუმარტოს ის პრეტენზიები, რაც ცოტა ხნით ადრე ევროპარლამენტის რეზოლუციაში დაფიქსირდა”, - დასძენს გამოცემა.

“ხელისუფლებას შესაძლებლობა ეძლევა, რომ ევროკავშირს უშუალოდ კიდევ ერთხელ განუმარტოს, ის პოზიცია და პრეტენზიები, რაც კონკრეტულ საკითხებზე მმართველ გუნდს მათთან მიმართებაში გააჩნია, მათ შორის იმ რეზოლუციაზე, რომელმაც საზოგადოებაში ევროკავშირის მიმართ ნამდილად ბევრი უსიამოვნო და სკეპტიკური კითხვა გააჩინა. თუმცაღა, არ მგონია, რომ ამ ერთი შეხვედრის შედეგად ყველა ამ საჭოჭმანო საკითხების მოგვარება-გადაწყვეტა მოხდეს, მაგრამ ის, რომ კიდევ ერთხელ მიეცემათ საშუალება, რომ ერთმანეთს თვალი თვალში გაუყარონ და თავიანთი პოზიციები ღიად და გახსნილად მოახსენონ, ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ მხარეებს ერთმანეთის უფრო უკეთ ესმოდეს და გაუგებრობისთვის ადილი არ რჩებოდეს. ალბათ, ევროპარლამენტარებსაც ექნებათ თავიანთი პოზიციები თუ ეს რეზოლუცია რატომ მიიღეს და ა.შ.” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალამ და მისმა მოკავშირეებმა ასეთი სიტუაცია დაამკვიდრა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რამდენიმე თვე პარლამენტში არ შედიოდნენ, შემდეგ “მიშელის დოკუმენტს” ხელს არ აწერდნენ, ამას დაამატეს მთელი ის პერიპეტიები, რასაც ახლდა აქციები, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა და ამასთან დაკავშირებული პროცესები. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ბრიუსელიდან ჩანს, როგორც დაპირისპირება და არა ისეთი ცივილური პოლიტიკური ცხოვრება, როგორიც მათ აქვთ. პოლიტიკური კონფრონტაცია იქაცაა, მაგრამ არა ისეთი არაცივილიზებული ფორმით, როგორიც ჩვენთანაა. ჩვენთან ეს ისეთ ზღვარზეა მისული, რომ შემდეგი ნაბიჯი უკვე სამოქალაქო დაპირისპირებაა და გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ბრიუსელიდან ასე ჩანს. მით უმეტეს იმ ინფორმაციის ფონზე, რაც აქედან ოპოიზიციისა და მასთან აფილირებული ორგანიზაციების თუ კონკრეტული პირების მხრიდან. ევროპარლამენტარების მხრიდან ამის აღიარება ძალიან სამწუხაროა, მაგრამ პრინციპში ეს რეალობაა, რადგან პოლარიზაცია ვერ დასრულდა და მათ იმ რეალობას გაუსვეს ხაზი, რაც ქვეყანაშია”, - დაასკვნის ანჯაფარიძე.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი “რეზონანსთან”აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების ვიზიტის მიზანია რეალობა ადგილზე ნახონ. “საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოსთხოვეს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები გაითვალისწინონ, მათ შორის დეპოლარიზაციასა და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით და ა.შ. მათი ვიზიტის მიზანია ვითარება ადგილზე ნახონ, გაეცნონ პრეზიდენტის, მმართველი პარტიის, სახალხო დამცველის და ოპოზიციის პოზიციებს. ჯერჯერობით ხელისუფლებისგან იმის ნება არ ჩანს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები იქნას გათვალისწინებულო, მმართველი პარტია არ აღიარებს, რომ ივანიშვილი ოლიგარქია, დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით ვითომ იმიტაციას და სამუშაო ჯგუფებს ქმნის, მაგრამ ეს ის ფაქტორი არაა, რომელიც დეპოლარიზაციას შეამცირებს”, - თვლის ჩიტაძე, რომლის აზრით, “ევროპარლამენტარების ვიზიტი მისასალმებელია, მაგრამ ამას შესაბამისი შედეგი უნდა მოჰყვეს”, - წერს სტატიის ავტორი.

“საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან ერთად 12 პუნქტის შესრულებაზე რეალური მუშაობა უნდა დაიწყოს, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ჯერჯერობით ნება არ ჩანს და ივანიშვილს ოლიგარქად არ აღიარებენ. ამ პირობებში ძალიან რთული იქნება, რომ 2023 წელსაც 12 პუნქტი შესრულდეს, დეპოლარიზაციას რაც შეეხება, ერთის მხრივ კობახიძე ამბობს, რომ ამაზე სამუშაო ჯგუფებს ვქმნიო და მეორეს მხრივ “ოცნების” წარმომადგენელი მომიტინგეებს დედას აგინებს... სიტუაცია დეპოლარიზაციისკენ არ მიდის და ევროკავშირმა საქმის განხილვა 2023 წლისთვის ამიტომაც გადადო, რითიც საქართველოს ხელისუფლებას აგრძნობინა, რომ ჯერჯერობით არავითარი ნება არ ჩანს და ის 6 თვეში პრობლემის მოიგვარებას ვერ მოასწრებდა”, - მიიჩნევს ჩიტაძე.

რისთვის შეხვდნენ თეირანში თურქეთის, რუსეთისა და ირანის ლიდერები

“თეირანში თურქეთის, რუსეთის და ირანის ლიდერების მონაწილეობით სამმხრივი სამიტი გაიმართა, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი სირიის კონფლიქტი იყო. გარდა ამისა შეთანხმება შედგა ენერგოუსაფრთხოების სფეროში რუსეთსა და ირანს შორის. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ამ შეხვედრაზე უკრაინისთვის სასარგებლო არაფერი გააწყვეტილა, წამოიჭრა თემა მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით, თუმცა ვლადიმერ პუტინმა კიევს ტრადიციულად ულტიმატუმები წაუყენა. კრემლი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანისა და ებრაჰიმ რაისის შეხვედრა რუსეთისთვის “სასარგებლო აღმოჩნდა”. პუტინმა განაცხადა, რომ შეთანხმდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისთან ერთობლივი დეკლარაციის მიღებაზე, რომელშიც მხარეები პირობას დებენ, რომ სირიაში ვითარების “ნორმალიზაციისთვის” გააძლიერებენ თანამშრომლობას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რისთვის შეხვდნენ თეირანში თურქეთის, რუსეთისა და ირანის ლიდერები - “ყველა შეზღუდვა, რომელიც რუსული მარცვლეულის ექსპორტთანაა დაკავშირებული...”

“პუტინი ასევე დასძენს, რომ მან და ერდოღანმა უკრაინული და რუსული მარცვლეულის ექსპორტი განიხილეს, ისევე როგორც სასურსათო უსაფრთხოება. მისი თქმით, რუსეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ხელს შეუწყობს, თუმცა სანაცვლოდ უნდა გაკეთდეს ის, რომ მოიხსნება ყველა შეზღუდვა, რომელიც რუსული მარცვლეულის ექსპორტთანაა დაკავშირებული - “ხელს შევუწყობთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რომ მოიხსნება ყველა შეზღუდვა, რომელიც რუსული მარცვლეულის საჰაერო გზით ექსპორტთანაა დაკავშირებული. ამაზე თავდაპირველად საერთაშორისო ორგანიზაციებთან შევთანხმდით. ეს ყველაფერი აქამდე არავის გაუპროტესტებია, მათ შორის ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს”, - აღნიშნა პუტინმა. მან იმედი გამოთქვა, რომ სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე ვითარების გასაუმჯობესებლად შეზღუდვები მოიხსნება. პუტინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესაძლო შეხვედრის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ თითქოს უკრაინამ უარი თქვა მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე და კიევს “არც ახლა აქვს მათი შესრულების სურვილი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მოლაპარაკებების პირობების შესაქმნელად ჩვენი ჯარები გავიდნენ უკრაინის ცენტრიდან, კიევიდან. კიევის ხელისუფლებამ უარი თქვა ამ შეთანხმების შესრულებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პრაქტიკულად მიღწეული იყო. ასე რომ, საბოლოო შედეგი, რა თქმა უნდა, არ არის დამოკიდებული შუამავლებზე, არამედ მხარეების სურვილზე, შეასრულონ მიღწეული შეთანხმებები. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ კიევის ხელისუფლებას ასეთი სურვილი არ აქვს”, - განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს ირანში ვიზიტის შემდეგ. მისივე მტკიცებით, ნავთობსა და გაზზე ფასების ზრდა დასავლეთის პოლიტიკამ გამოიწვია. “აბა, რა შუაშია “გაზპრომი”? დაკეტეს ერთი მარშრუტი, მეორე მარშრუტი, სანქციები დააწესეს. თვითონ დახურეს ყველაფერი”, - თქვა პუტინმა. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ შეხვედრა სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით იყო, საუბარი უკრაინასაც შეეხებოდა, თუმცაღა, უფრო ფორმალურად, რადგან სამივე მხარეს თავიანთი საკითხების გადაჭრა უფრო აწუხებდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ენერგეტიკის მიმართულებით 44 მილიარდიან რუსულ-ირანულ ინვესტიციებზეა საუბარი კასპიის ზღვის სანაპიროზე, ეს შეხვედრა ოფიციალურად ე.წ. ასტანის სამიტის ფორმატში იყო, რომელიც სირიის კონფლიქტთანაა დაკავშირებული. სხვათა შორის, ამ სამიტის შემდეგ პუტინს სამიტის შედეგებთან დაკავშირებით, შემაჯამებელი გამოსვლა ჰქონდა, სადაც თქვა, რომ ამერიკამ სირია უნდა დატოვოს, პუტინი ამას ერდოღანისა და რაისის თანხმობის გარეშე არ იტყოდა. აქ დაისვა საკითხი სტამბულის მოლაპარაკებებზეც, რომელიც გაეროს ჩართულობით მარცვლეულის გატანასთან დაკავშირებით თურქეთს, რუსეთს და უკრაინას შორის მიდიოდა, მაგრამ შეხვედრაზე პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ჩანს, რომ შეთანხმება მიღწეული არაა. თურქეთი ცდილობს, რომ რუსეთიდან და უკრაინიდან მარცვლეული გაიტანოს და მარცვლეულის ექსპორტის ჰაბი გახდეს, ესეც საინტერესო მომენტია, რადგან უკრაინის ომისა და ტრაგედიიდან ყველაზე მომგებიან პოზიციაზეა, რადგან თურქეთი ხდება არა მხოლოდ ენერგეტიკული, არამედ შესაძლოა მარცვლეულის ჰაბად გადაიქცეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ვეჭვობ, რომ მათ კავკასიაში არსებული სიტუაციაც განიხილეს 3+3 ფორმატზე, შესაძლოა ეს სამეული კავკასიაშიც გაქტიურდეს. საინტერესო ისაა, რომ ამ სამეულის შემდგომი სამიტი მოსკოვში გაიმართება, შესაძლოა ამა წლის შემოდგომისთვის. ამ ფორმატში უკრაინისთვის სასარგებლო არაფერი გადაწყვეტილა, პუტინს სურდა რომ ამ პლატფორმიდან საერთაშორისო საზოგადოებისთვის თავისი გზავნილები გაეჟღერებინა. მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ თითქოს უკრაინას სამშვიდობო ინიციატივა შესთავაზა და უკრაინულმა მხარემ არ მოინდომა, შესაძლოა ითქვას, რომ ეს პუტინის ულტიმატუმი იყო. თურქეთმა უკრაინასთან დაკავშირებით მხოლოდ მარცვლეულის თემა წამოჭრა, სხვა საკითხი არ წამოუჭრია. თურქეთი ისევ თავის თამაშებს თამაშობს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“რუსეთის მეორე მთავარი მიზანი ირანული დრონების შესყიდვა იყო. საინტერესო მომენტი ის იყო, რომ რუსეთმა მაღალი ალბათობით ირანული სამი პლიუსის თაობის უპილოტო თვითმფრინავები შეისყიდა, 300-400 საბრძოლო დრონზეა საუბარი. ირანულმა დრონებმა საბრძოლო მოქმედებებში თავი კარგად გამოიჩინეს და საკმაოდ ეფექტურია. რუსეთს ისე გაუჭირდა, რომ ირანულ უპილოტო თვითმფრინავებზე მიუდგა საქმე. მანამდე რუსეთის სამხედრო დელეგაცია თეირანში ფარულად ჩავიდა, იქ ერთ-ერთ სამხედრო პოლიგონზე ირანული დრონები და მათი მანევრები აჩვენეს. ტესტირება ჩაუტარეს, შეამოწმეს და არაა გამორიცხული, რომ რუსი სპეციალისტები ირანშიც ჩავიდნენ და სტაჟირებაც გაიარონ”, - დაასკვნის მაისაია. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძის აზრით, შეხვედრა სამი მონაწილე ქვეყნის სასარგებლოდ გაიმართა”, - დასძენს გამოცემა.

“შეხვედრაზე რამდენიმე საკითხზე იყო საუბარი, პირველი სირიის საკითხი იყო და ამ სამეულის პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა, თურქეთი ასადის რეჟიმის დასრულებას უჭერს მხარს, ხოლო ირანი და რუსეთი პირიქით, მხარს ამ რეჟიმის შენარჩუნებას უჭერენ. თუმცაღა, აქ მიზანი ის იყო მხარეებს დაედასტურებინათ, რომ სირიის კონფლიქტის მთავარი მოთამაშეები ისინი არიან და არა დასავლეთის ქვეყნები. რუსეთის მიზანი ასევე ის იყო, რომ ირანისგან დრონები მიეღოთ, ამაზე აშშ-ს სახელწიფო დეპარტამენტმაც რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, რომ ეს მოლაპარაკებები მიდიოდა. გარდა ამისა, რუსეთსა და ირანს სურთ, რომ ენერგეტიკის სფეროში ითანამშრომლონ, ჰქონდეთ კოორდინაცია ნავთობისა და გაზის ექსპორტის თვალსაზრისით, რადგან ორივე ქვეყანა ნავთობისა და გაზის რესურსებით მდიდარია. ასევე, შეხვედრის მიზანი ის იყო, რომ რუსეთს საშუალება მისცემოდა, რომ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში გარკვეული ინვესტიციები ჩაედო. ვიცით, რომ 40-მილიარდიან კონტრაქტს მოეწერა ხელი გაზპრომსა და ირანის სახელწიფო ენერგეტიკულ კომპანიას შორის”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“თურქეთი დასავლეთს და რუსეთს შორის ბალანსირების პოლიტიკას ატარებს. ამით საკუთარ საერთაშორისო პრესტიჟის ამაღლებას და თურქეთის მნიშვნელობის გაზრდას ცდილობს. უკრაინის მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით თურქეთია შუამავალი, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს ხსნის, რომ მარცვლეული გაატაროს, მაგრამ რუსეთი თურქეთის გადაბირებას ცდილობს. თურქეთი რუსეთისგან ბუნებრივი აირის მიღებითაა დაინტერესებული, დაახლოებით 65%-ს რუსეთისგან იღებს, გარდა ამისა ის დაინტერესებულია, რომ ნაწილი ბუნებრივი აირის იმპორტი ირანიდანაც განხორციელდეს” - თვლის ჩიტაძე. ცნობისთვის, სამიტის დღეს ირანული მედიამ დაწერა, რომ ირანის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ და რუსულმა კომპანია “გაზპრომმა” ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის ღირებულება დაახლოებით 40 მილიარდი დოლარია. მემორანდუმი ითვალისწინებს ქიშისა და ჩრდილოეთ ფარსის გაზის საბადოების განვითარებას, სამხრეთ ფარსუს საბადოზე წნევის გაძლიერებას, ნავთობის 6 საბადოს განვითარებას, გაზისა და პროდუქტების გაცვლა, თხევადი ბუნებრივი გაზის პროექტების დასრულებას, გაზის საექსპორტო მილსადენების მშენებლობას და სხვა სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობას”, - წერს სტატიის ავტორი.

“ემართებათ იმ ადამიანებსაც კი, ვისაც გადატანილი აქვს სხვა შტამები” - მსოფლიო კოვიდის ახალი ტალღის მოლოდინში

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა დააჩქარონ ვაქცინაცია და დააბრუნონ პირბადეების გამოყენება, რათა დაძლიონ კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდა, რომელიც გამოწვეულია “ომიკრონის” განშტოებებით. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “რეზონანსთან” ამბობს, რომ მსოფლიოში გაზრდილი სტატისტიკა უკვე ნიშნავს სიტუაციის გამწვავებას. მისივე თქმით, უნდა გავითვალისწინოთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდება, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მსუბუქად გადავიტანოთ მოსალოდნელი ახალი ტალღა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ემართებათ იმ ადამიანებსაც კი, ვისაც გადატანილი აქვს სხვა შტამები” - პირბადეები და ვაქცინაცია, მსოფლიო კოვიდის ახალი ტალღის მოლოდინში.

“მწვავდება სიტუაცია, ამაზე მიუთითებს გაზრდილი სტატისტიკა, რაც მთელს მსოფლიოში, მათ შორის ევროპის რეგიონშია. როგორც ვიცით ეს დაკავშირებულია ომიკრონის ახალ ქვეშტამებთან, რომელთაც ახასიათებთ სწრაფი გავრცელება და ემართებათ იმ ადამიანებსაც კი, ვისაც გადატანილი აქვს სხვა შტამები. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაუარესდეს ვითარება, მათ შორის საქართველოშიც. დიდია საფრთხე განსაკუთრებით შემოდგომით. ამიტომ, აუცილებელია პრევენცია და გარკვეული ღონისძიებების გატარება, ამასთან, პირბადეების გამოყენება თავშეყრის ადგილებსა და დახურულ სივრცეებში. უნდა გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესიც, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში. შესაძლოა საჭირო გახდეს გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ, ვერ ვხედავ ლოქდაუნის საჭიროებას. საკმაოდ მძიმე ომიკრონის ტალღა გადავიარეთ გაზაფხულზე, მაგრამ არ დამდგარა ლოქდაუნის აუცილებლობა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

„გარდა ამისა, ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდება, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მსუბუქად გადავიტანოთ ეს ტალღა. რაც შეეხება გამოსავალს, ჯერჯერობით არ ჩანს გზები, რომ საბოლოოდ დავაღწიოთ თავი პანდემიას. გამოსავალი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ახალი ვაქცინა, რომლის მოქმედებაც იქნება ხანგრძლივი. იმედია უახლოეს მომავალში მოხდება ასეთი ვაქცინის შექმნა”, - თქვა გოგინავამ... ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა, ჰანს კლუგემ რეგიონის ქვეყნებს მოუწოდა, ახლავე მიიღონ ზომები, რათა თავიდან აიცილონ ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვა შემოდგომასა და ზამთარში, რადგან “ომიკრონის” ქვევარიანტი, BA.5, აგრძელებს სწრაფად გავრცელებას. მანვე ისაუბრა, “პანდემიის სტაბილიზატორების” ამოქმედების საჭიროებაზე, როგორიცაა მეორე “ბუსტერ” დოზა, ასევე პირბადეების გამოყენება და უკეთესი ვენტილაციის ხელშეწყობა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს სტაბილიზატორები უნდა განხორციელდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული ბევრად უფრო მკაცრი ზომები. არ ვფიქრობ, რომ საზოგადოება მზად არის “ლოქდაუნისთვის”, - აღნიშნა კლუგემ. მისი თქმით, ვირუსი არსად გამქრალა, ის ვრცელდება და მუტაციას განიცდის. “ხალხი ხანდახან კითხულობს: “დაბრუნდა ვირუსი?” ის არასოდეს გამქრალა. ჯერ კიდევ არსებობს, ვრცელდება. ის მუტაციას განიცდის და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრ სიცოცხლეს იწირავს”, - აღნიშნა კლუგემ. ჯანმო-ს მაღალჩინოსანმა განაცხადა ისიც, რომ ევროპაში, გასულ კვირას, კოვიდ 19-ის სამი მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გლობალური შემთხვევების თითქმის ნახევარს შეადგენს. იმავე პერიოდში, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები გაორმაგდა, ვირუსს კი ყოველ კვირას დაახლოებით 3000 ადამიანი ეწირება”, -დასძენს გამოცემა.