აშშ-მა რუსეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლებიც ტრეფიკინგში ან ბავშვების ჯარისკაცებად გამოყენებაში არიან ჩართულები

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლებიც ახორციელებენ ადამიანებით ვაჭრობის და იძულებითი შრომის პოლიტიკას ან პრაქტიკას, ან რომელთა უსაფრთხოების ძალები ან მთავრობის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფები კომპლექტდებიან ბავშვებით ან იყენებენ მათ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნული სია ტრეფიკინგთან დაკავშირებით ყოველწლიურ ანგარიშში შეიტანა.
რუსეთი ხშირად ფიქსირდება ანგარიშში 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის და მილიონობით უკრაინელი ლტოლვილის ტრეფიკინგისადმი დაუცველობის გამო იმ ქვეყნებში, სადაც მათ თავი შეაფარეს.
„მილიონობით უკრაინელს მოუწია სახლების დატოვება. ზოგიერთმა საერთოდ დატოვა ქვეყანა, უმეტესობამ მხოლოდ იმით, რისი ზიდვა და ტარებაც შეეძლო. ეს მათ ძალზე დაუცველს ხდის ექსპლუატაციის მიმართ” - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

























