ჯონ კირბი - რუსეთი უკრაინის კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის ანექსიას გეგმავს

რუსეთი უკრაინის კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის ანექსიას ყირიმის სცენარით გეგმავს, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი უკვე საფუძველს უყრის უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსიას და ამ მიზნით, ოკუპირებულ რეგიონებს, შესაძლოა, სექტემბერში რუსეთთან შეერთების საკითხზე ყალბი „რეფერენდუმი“ ჩაატარონ.
„კენჭისყრის შედეგებს რუსეთი გამოიყენებს სუვერენული უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მცდელობისთვის“, - აღნიშნა კირბიმ.
მისი თქმით, აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ასეთ ქმედებებზე სწრაფ რეაგირებას მოახდენენ.
„ნებისმიერი სავარაუდო ანექსია არის წინასწარ განზრახული, უკანონო და არალეგიტიმური და აშშ-სა და მისი მოკავშირეებისგან სწრაფი რეაგირება იქნება“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.
რუსეთმა ყირიმის ანექსირება 2014 წელს, ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების შემდეგ განახორციელა. აღნიშნული „რეფერენდუმი“ დასავლეთმა არალეგიტიმურად მიიჩნია.

























