უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსთან ოპერატიული ვითარება განიხილა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის წინ, აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროს, გენერალ მარკ მილისთან ოპერატიული ვითარება განიხილა.
მისი თქმით, თავდაცვითი ხაზების და პოზიციების შენარჩუნების ხელშემწყობი ფაქტორია M142 HIMARS-ის დროული ჩამოსვლა.
"მე ვაგრძელებ დიალოგს გაერთიანებული შტაბის უფროსებთან, გენერალ მარკ მილისთან. ტრადიციულად ვაცნობე ჩემს ამერიკელ კოლეგას ოპერატიული სიტუაციის შესახებ. ჩვენ მოვახერხეთ სიტუაციის სტაბილიზაცია. ეს არის რთული, ინტენსიური, მაგრამ მთლიანად კონტროლირებადი. ჩვენი თავდაცვითი ხაზების და პოზიციების შენარჩუნების ხელშემწყობი ფაქტორია M142 HIMARS-ის დროული ჩამოსვლა", - განაცხადა ზალუჟნიმ.
მან დასძინა, რომ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის წინ მან და გენერალმა მილიმ ასევე მოახდინეს უკრაინული მხარის მოთხოვნების სინქრონიზაცია.
„გულწრფელად მადლობა გადავუხადე ჩემს კოლეგას და პირადად, შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის“, - დასძინა ზალუჟნიმ.

























