ჰააგის სასამართლოს პროკურორი - სამართლიანობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთად ვიმუშავებთ

სამართლიანობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ. დღეს ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, დავამყაროთ თანამშრომლობის ახალი სტანდარტი, გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა გლობალური პასუხისმგებლობისკენ, - ამის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა ჰააგაში, ნიდერლანდების, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და ევროპული კომისიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა, რომელზედაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჩადენილი ომის დანაშაულების კოორდინირებულად გამოძიების საკითხები განიხილეს.
„მარტივი ჭეშმარიტება ის არის, რომ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ბავშვები, ქალები და კაცები, ახალგაზრდები და მოხუცები შიშში ცხოვრობენ“, - აღნიშნა კარიმ ხანმა.
ცნობისათვის, გუშინ, 45 ქვეყანამ, მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოებმა, ასევე გაერთიანებულმა სამეფომ, აშშ-მ, კანადამ, მექსიკამ და ავსტრალიამ, ჰააგაში გამართულ კონფერენციაზე ხელი მოაწერეს პოლიტიკურ დეკლარაციას ერთობლივი მუშაობის შესახებ. ოფიციალური პირების თქმით, უკრაინაში ომის დანაშაულების დაახლოებით 23 000 საქმეზე გამოძიება დაწყებულია და მტკიცებულებები სანდო და ორგანიზებული უნდა იყოს.

























