ანტონიო გუტერეში ქალაქ ვინიცაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გმობს

გენერალური მდივანი შეძრწუნებულია უკრაინაში ქალაქ ვინიცაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც მისი პრესსპიკერი ავრცელებს.
„გენერალური მდივანი გმობს ნებისმიერ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ასეთი დარღვევების გამო პასუხისმგებლობისკენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, გუშინ, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ვინიცაში სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 23 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, დაიღუპა.

























