უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა - რუსეთმა ვინიცას შავი ზღვის წყალქვეშა ნავიდან კალიბრის რაკეტებით დაარტყა

რუსი ოკუპანტები ვინიცას „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით, შავ ზღვაში განთავსებული წყალქვეშა ნავიდან დაესხნენ თავს, - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება.
„დღეს, 14 ივლისს, დაახლოებით დილის 11:00 საათზე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ვინიცას ცენტრს შავი ზღვიდან, წყალქვეშა ნავიდან „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტებით დაარტყეს“, - განაცხადა სარდლობის პრესსპიკერმა იური იგნატმა.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალებმა ორი რაკეტა გაანადგურეს.
ქალაქ ვინიცას ცენტრზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 20 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.

























