ზუგდიდში, პოლიკლინიკის ექიმებს, რომლებიც აქციას მართავენ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი შეხვდა

ზუგდიდში, პოლიკლინიკის ექიმებს, რომლებიც აქციას მართავენ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი შეხვდა

ზუგდიდში, დევნილთა პოლიკლინიკის ექიმებს, რომლებიც აქციებს მართავენ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი ვახტანგ ყოლბაია შეხვდა.

იგი ექიმებს საკითხში გარკვევას დაჰპირდა.

"მე ვარ ამ პოლიკლინიკის რიგითი წევრი. მისი ბენეფიციარი ვიყავი თავიდანვე, აქედან გამომდინარე, ის, რაც ხდება დღეს ჩვეულებრივი მოვლენა არ არის ჩემთვის. შეწუხებული ვარ იმით, რომ შეწუხებული არიან ექიმები. ეს ის ხალხია, რომლებმაც გმირული გზა გამოიარეს.

არის სიტუაცია, რომელსაც სიღრმისეული გარკვევა სჭირდება. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ არ წვიმს ისე როგორც ქუხს, ამიტომ არის სიტუაცია დაძაბული, ვაპირებ სხვებთან ერთად გარკვევას. ჩემი კომპეტენცია არ არის, მაგრამ აქ ვარ ჩემს მეგობრებთან, ჩემს კოლეგებთან, ნაცნობებთან. შეიძლება იყოს გაუგებრობა. მინდა მათ ვუთხრა, რომ უყურადღებოდ არ დარჩება არცერთი მათი გამონათქვამი, მათი წუხილი. მე მიჭირს ახლა პასუხის გაცემა. უნდა შევისწავლოთ, რა ხდება. არაფერი არ ერჩის ამ პოლიკლინიკას. არ იცვლის პროფილს. იმიტომ ვარ აქ, რომ გავარკვიო საკითხი", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ამასთან, აქციის მონაწილე ექიმები აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ და ამბობენ, რომ ვახტანგ ყოლბაიას ჩამოსვლა არაფერს ცვლის.

"ეს გასარკვევი იყო თბილისში და არა აქ. ჩვენი პოზიცია არის გარკვეული, არანაირ მოლაპარაკებაზე არ მივდივართ. ჩვენი უფლებები ვიცით და დავიცავთ მათ, ჩვენ უკან დგას პროფესიული კავშირები და პოლიკლინიკა, რომელიც ჩვენი სახსრებით არის აშენებული...არ გვინდა ისეთი გაერთიანება, რომ ჩვენ შემოგვიერთონ არარენტაბელური ხობი და ნაკლებად რენტაბელური ჯვარი", - განაცხადა დევნილთა პოლიკლინიკის ექიმმა ნანა ქობალიამ.

როგორც ცნობილია, უკვე მეორე კვირაა, რაც ზუგდიდში, დევნილთა პოლიკლინიკის თანამშრომლები აქციას მართავენ. მათი ცნობით, პოლიკლინიკის გასხვისება იგეგმება, რის გამოც, უსამსახუროდ დარჩენა ემუქრებათ.