მარკეტა გრეგოროვა - მსურს, მივმართო საქართველოს ხელისუფლებას, იმუშავეთ ყველასთან პარლამენტში, მათ შორის ოპოზიციასთან

მსურს მივმართო საქართველოს ხელისუფლებას, გთხოვთ, მიაღწიოთ პროგრესს ევროპული კომისიის დასკვნაში ნახსენები რეფორმების განხორციელებაში. იმუშავეთ ყველასთან პარლამენტში, მათ შორის ოპოზიციასთან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიური ანგარიშის პროექტი წარადგინეს.
მისი თქმით, 2022 წლის ბოლომდე, შემდგომ შეფასებამდე საქართველომ უნდა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები და განახორციელოს რეფორმები.
„პირველ რიგში საჭიროა ქვეყნის საარჩევნო რეფორმის დასრულება და საარჩევნო კამპანიის დროს დაფიქსირებული ხარვეზების მოგვარება ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად, ჭეშმარიტი და სრულყოფილი საარჩევნო რეფორმის განხორციელება და მოსამართლეების წარდგენისა და დანიშვნის პროცესში ხარვეზების მოგვარება, რომელიც გამოვლენილია ვენეციის კომისიის მიერ. ასევე თავისუფალი ანტიკორუფციული სამსახურების ჩამოყალიბება საქმეების ეფექტურად გამოძიების მიზნით და საჯარო სამსახურებში კეთილსინდისიერების პრინციპებისა და ინტერესთა კონფლიქტის საკანონმდებლო ნორმების აღსრულება აუცილებელი ნაწილია კორუფციისა და დეოლიგარქიზაციის წინააღდეგ ბრძოლაში“, -აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
მან საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, მიაღწიონ პროგრესს ევროპული კომისიის დასკვნაში ნახსენები რეფორმების განხორციელებაში.
„წლებია ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული სიტუაცია უარესდება. ამასთან საქართველოს მოსახლეობა გამოხატავს სურვილს, ევროპული მისწრაფების მიმართ. ეს მოიცავს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტების დაცვას. მსურს მივმართო საქართველოს ხელისუფლებას, გთხოვთ, მიაღწიოთ პროგრესს ევროპული კომისიის დასკვნაში ნახსენები რეფორმების განხორციელებაში. იმუშავეთ ყველასთან პარლამენტში, მათ შორის ოპოზიციასთან. საუბარი არ არის პარტიებზე, ცალკეულ პირებზე, საუბარია თქვენი ქვეყნისთვის ნამდვილად ისტორიულ მომენტზე და ამ მომენტში არავინ, თვენს გარდა, არ გიშლით ხელს კანდიდატის სტატუსის მიღებაში“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

























