ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები აქციას მართავენ

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები აქციას მართავენ. შეკრებილების განცხადებით, მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება, რის გამოც, მათ ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება.
აქციის მონაწილეები წლებია პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ და ხელისუფლებისგან საცხოვრებელი სახლის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებს სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია შეხვდა. მისი თქმით, ის, რასაც კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები ითხოვენ, მათ ძალებს აღემატება. მისივე თქმით, მზად არის კორპუსის პროექტი, გამოყოფილია მიწის ნაკვეთი ფაზისის ქუჩაზე, სადაც დროულად დაიწყება მშენებლობა.
აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე მისასვლელი გზა, რომელიც ცოტა ხნის წინ იმ პირობით გახსნეს, რომ მათ პრემიერ-მინისტრი შეხვდება.
,,საცხოვრებელი კორპუსის აშენება ძალაში რჩება, მაგრამ ამ ადამიანებს დღეს ეს არ აკმაყოფილებთ, მათ აქვთ სურვილი, რომ თანხობრივად აუნაზღაურდეთ მათი ბინების საფასური, რომელიც ჩვენს ძალებს აღემატება.
ჩვენ გვესმის ამ ადამიანების, მაგრამ ქმედება, რომელსაც ისინი მიმართავენ არის კანონის დარღვევა და შესაბამისად ვთხოვთ, რომ შეწყვიტონ აქცია“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩიამ.

























