ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2022

ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2022

რატომ ჩავარდა ოპოზიციის პროტესტი - „იმდენი ქნეს, საპროტესტო მუხტი უაზრო მოთხოვნებით და გაუგონარი ტაქტიკით გალიეს“

გახდება თუ არა აუცილებელი კოვიდრეგულაციების დაბრუნება - ინფიცირების რაოდენობა დიდი სისწრაფით იზრდება

ლარი 2.80-მდე ან კიდევ უფრო მეტადაც გამყარდება

* * *

რატომ ჩავარდა ოპოზიციის პროტესტი - „იმდენი ქნეს, საპროტესტო მუხტი უაზრო მოთხოვნებით და გაუგონარი ტაქტიკით გალიეს“

“რას აპირებს 3 ივლის კრახით დასრულებული აქციის შემდეგ ოპოზიცია და მესამე სექტორი? როგორც აქცია “სირცხვილიას” ორგანიზატორები აღიარებენ, რომ აქციის დაგეგმვის დროს გარკვეული შეცდომები ნამდვილად დაუშვეს, თუმცა ამ ყველაფერს გაიაზრებენ და შემდეგ სამოქმედო გეგმაზე იფიქრებენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ოპოზიცია უკიდურეს და მწვავე ფორმებზე უნდა გადავიდეს, რათა ხელისუფლება დათმობაზე დაიყოლიოს. მისი აზრით, ყველგან სადაც პრემიერი და მმართველი გუნდის წარმომადგენლები იქნებიან, მშვიდობიანი აქციით მათთვის დისკომფორტის შექმნა უნდა სცადონ, და ხელისუფლებასთან ყველანაირ თანამშრომლობაზე უარი უნდა თქვან. ანალიტიკოსები კი “რეზონანსთან” ამბობენ, რომ ოპოზიციამ, რომელიც მესამე სექტორის უკან აქციაზე იდგა, ისევ საბედისწერო შეცდომები დაუშვა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ ჩავარდა ოპოზიციის პროტესტი - “იმდენი ქნეს, საპროტესტო მუხტი უაზრო მოთხოვნებით და გაუგონარი ტაქტიკით გალიეს”.

“ოპოზიციაში წარსული გამოცდილების არგაზიარების შედეგად, ქვეყანაში არსებული პროტესტი უბრალოდ გალიეს. ეს კი მოსახლეობაში ნიჰილიზმს და ოპოზიციის მიმართ უნდობლობას იწვევს. ისინი პოლიტიკურ სპექტრს ურჩევენ ხელისუფლებასთან ერთად ევროკავშირის მიერ შემუშავებულ 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობა დაიწყონ და პოლიტიკური დღის წესრიგი თავად შექმნან. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ სამწუხაროდ ოპოზიცია მოქმედებს ისე, რომ უახლოეს წარსულსაც კი არ ითვალისწინებს - ერთსა და იგივე შეცდომებს უშვებს. მაგალითად 2009 წლის მოვლენები მოჰყავს და ამბობს, რომ მაშინ, როცა ოპოზიციაც ერთიანი იყო და ხალხშიც უფრო დიდი საპროტესტო მუხტი არსებობდა, მიხეილ სააკაშვილი არ გადადგა. ამიტომ გაუგებარია ახლა რატომ ჰქონდა ოპოზიციას ან სამოქალაქო სექტორს იმის ილუზია, რომ სამჯერ ნაკლები ხალხის რუსთაველზე შეკრებით “ოცნება” შეშინდებოდა და ხელისუფლებას დაუთმობდა. მით უმეტეს სიტუაცია ახლა რადიკალურად განსხვავებულია და ამ ხელისუფლებას თავისი მხარდამჭერები ისევ ჰყავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

„ოპოზიციამ იმდენი ქნა, რომ ეს საპროტესტო მუხტი უაზრო მოთხოვნებით და გაუგონარი ტაქტიკით გალია. ზუსტად ამას ვამბობდი, რომ იგივე შეცდომებს უშვებენ, რაც 2009 წელს დაუშვეს და მერე 2012 წლიდან უშვებენ. არ შეიძლება ასე უგეგმოდ და უაზროდ ხალხის ქუჩაში ტარება. მერე ეს მუხტი ილევა და მოსახლეობა საპროტესტო განწყობის მიუხედავად ოპოზიციას აღარ ენდობა. მერე მე მაინტერესებს ერთი რამ, ვინ ჰკითხავს სამოქალაქო სექტორს პოლიტიკურ მოთხოვნებს რომ აყენებს? ვინ არის ეს ხალხი, რა ლეგიტიმაციით სარგებლობენ საზოგადოებაში? ამიტომაც ვნახეთ 3 ივლისს აქციის კიდევ კონტრაქცია, სადაც ხალხი ყვიროდა სიტყვა მოგვეცითო. ან პოლიტიკოსები უნდა ავიდნენ სცენაზე და ადეკვატური მოთხოვნები დააყენონ ან კიდევ თუ არ შეუძლიათ, შეეშვან. ხალხს ფიტავენ და ნიჰილიზმში აგდებენ, რაც ხელისუფლებას აძლევს ხელს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“კარგი, ვთქვათ ახლა პრემიერს რომ ქუჩაში დევნას დაუწყებენ და არ მისცემენ სადღაც გამოსვლის უფლებას, მერე რა? სააკაშვილს არ დასდევდნენ? კაფეში საჭმელად იყო შესული და იქ მიუცვივდნენ - რა მერე? წავიდა მაშინ სააკაშვილი? ამით ხალხში კიდევ უფრო მეტ აგრესიას გამოიწვევენ, რადგან საქმის კეთების მაგივრად რაღაცა ცირკს ატარებენ. უნდა დაიწყონ 12-პუნქტიანი გეგმის შერულების მოთხოვნა. ოპოზიციაც და მესამე სექტორიც ამაში უნდა ჩაებან. აი, ხალხის პორტესტი აქ უნდა გამოეყენებინათ, რომ ხელისუფლებაზე ორმაგი ზეწოლა ყოფილიყო და არა ის, შენ წადი ახლავე და კაბინეტი დამითმეო. ეს ხომ ნანახი კინოა და ერთსა და იმავე შეცდომაზე რატომ მიდიან ვერ ვხსნი. ოპოზიციის ამ ქცევას მხარდაჭერა არც დასავლეთისგან ექნება. ევროპარლამენტარების შეცვლილი რიტორიკა უკვე ვნახეთ და ისინი ოპოზიციას ხელისუფლებასთან ერთად ამ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში მონაწილეობას სთხოვენ“, - განმარტავს ძაბირაძე.

“მისივე თქმით, რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, გაუგებარია რა უნდა ქნან ან რას აპირებენ. ივანიშვილს საკუთარი ქვეყნიდან ხომ ვერ გააგდებენ, არაკონსტიტუციური და არასამართლებრივია. ის ადამიანი კი ამბობს, რომ ხელისუფლებაში აღარ არის. ამიტომ ამ აბსურდს სჯობს რეალურად ყველა დაჯდეს და ხალხს გასაგებად აუხსნან დეოლიგარქიზაცია როგორ წარმოუდგენიათ. ეს ყველაფერი მოსახლეობაში დაბნეულობას იწვევს, ამიტომაც მოხდა ის, რომ აქცია 3 ივლისს დაიშალა. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ აქციის ორგანიზატორების მხრიდან გეგმის არქონა სიახლე არ იყო, რადგანაც ბევრჯერ ყოფილა ოპოზიციას ხალხი აქციაზე რომ მიუყვანია და არანაირი სამოქმედო გეგმა, გარდა მთავრობის გადაყენებისა, არ ჰქონია. ახალი და გასაკვირი აქ არ იყო, სიახლე იყო ის, რომ ხალხს ჰქონდა ამაზე რეაქცია და კარგია, რადგან ჩანს ჩვენი საზოგადოება გაიზარდა და მათი მართვა მხოლოდ ემოციებით შეუძლებელი აღმოჩნდა”, - დასძენს გამოცემა.

“2012 წლის შემდეგ ოპოზიციას კონკრეტული გეგმის შედგენის საშუალება ჰქონდა, მაგრამ ეს აქამდე ვერ მოახერხეს. მუდმივად ერთსა და იგივე შეცდომას უშვებენ. შეცდომა იყო, როცა ტექნიკურ მთავრობას ითხოვენ, სადაც ისევ “ქართული ოცნება” უნდა ყოფილიყო ჩართული და ხელისუფლება საკუთარი ნებით უნდა გადაებარებინა. ეს ხომ აბსურდია? ამიტომაც მოხდა ის, რომ გაუგებრობაში თავადვე აღმოჩდნენ. ოპოზიციას მარტო “გადადექის” გეგმა აქვს. ახლაც იგივე გაჟღერდა. როგორც ჩანს, საზოგადოებაში უკვე მომწიფდა აზრი, რომ მხოლოდ “გადადექი” გეგმა არ არის. საზოგადოებას აქვს სურვილი, და გარანტიებს ითხოვს იმისთვის, რომ ამ გადადგომის უკან კონკრეტული გეგმა არსებობდეს. მიზნის მიღწევის გეგმის შედგენა ოპოზიციას ამდენი წელია უჭირს. ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა. ხალხი უბრალოდ შებრუნდა და სახლში წავიდა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ ქართველი ხალხი პოლიტიკურად გაიზარდა, მათთვის მისაღები მხოლოდ ემოციები აღარ არის. მოსახლეობას 3 ივლისს არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე, ხელისუფლება რომც გადამდგარიყო და “ოცნებას” სულაც ეთქვა მობრძანდით, მივდივარო, მართვის სადავეებთან ვინ აღმოჩნდებოდა. მსგავსი ინფორმაცია ხალხს პოლიტიკოსებმა უნდა მიაწოდონ. ასეთი გეგმის გაწერა პოლიტიკოსების ვალდებულებაა, რაც აღმოჩნდა, რომ არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში ხალხს კითხვა უჩნდება, ვინ იკავებს ხელისუფლებას? ნაციონალები? უმეტესობას ეს ხალხი არ უნდა. კოალიციური ხელისუფლება უნდა იყოს? ვის აქვს გარანტია, რომ ენმ-ი იქ ყველაზე მეტი წარმომადგენლობით არ მოხვდება? ეს კითხვები ბევრ ადამიანს აწუხებს და ამაზე პასუხებს ვერ იღებენ. ასე ალალბედად ქვეყნის ვიღაცეების ხელში ჩაგდება ჩვენს მოსახლეობას აღარ უნდა და ეს ნათლად გამოჩნდა. სააკაშვილს 2009 წელს კარვების ქალაქი რუსთაველზე მოუწყვეს და უფრო დიდი საპროტესტო მუხტი იყო, მაგრამ არ გადადგა. მაშინ ოპოზიციამ ვერაფერს ვერ მიაღწია. ამიტომ მხოლოდ იმაზე გათვლა, რომ ხალხი მოვა, პროტესტი იქნება და ხელისუფლება გადადგება აბსურდია”, - დაასკვნის საყვარელიძე.

გახდება თუ არა აუცილებელი კოვიდრეგულაციების დაბრუნება - ინფიცირების რაოდენობა დიდი სისწრაფით იზრდება

“ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება - მედიკოსები მიზეზად ომიკრონის ახალ ქვეტიპს ასახელებენ. სპეციალისტების განცხადებით “კოვიდ -19”- ის ახალი ვარიანტი, რომელიც ახლა ცირკულირებს, კლინიკურად მსუბუქი მიმდინარეობისაა, თუმცა სახიფათოა რისკ-ჯგუფებში შემავალი პირებისთვის. მისი მთავარი მახასიათებელი კი სწრაფი გავრცელების უნარია. ამასთან ჯანდაცვის სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ საჭირო გახდეს გარკვეული რეგულაციების კვლავ შემოღება. 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გახდება თუ არა აუცილებელი კოვიდრეგულაციების დაბრუნება - ინფიცირების რაოდენობა დიდი სისწრაფით იზრდება.

“ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “რეზონანსთან” ამბობს, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც მწვავდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. რაც გამოწვეულია ახალი ქვეშტამების ცირკულაციით, მისივე თქმით, შესაძლებელია კვლავ გახდეს საჭირო რეგულაციები, თუმცა, სიტუაციის დრამატულ განვითარებას არ ელის. “ეს ვირუსი არ არის მხოლოდ საქართველოში, ზოგადად მთელს მსოფლიოში გაუარესდა ეპიდსიტუაცია. განსაკუთრებით კი ევროპის რეგიონებში, რაც დაკავშირებულია ომიკრონის ახალი ქვეშტამების “ბიეი-4” -სა და “ბიეი-5”-ის ცირკულაციასთან, რომელთაც აქვთ უნარი გავრცელდნენ უფრო სწრაფად ვიდრე მათი წინამორბედები. ამასთან, შეუძლიათ აუარონ გვერდი მანამდე გადატანილი ინფექციის შედეგად ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს”, ამბობს გოგინავა, რომლის აზრით, “ამ ყველაფერს ერთვის ისიც, რომ რეგულაციები პრაქტიკულად აღარ არის საქართველოში და არანაირ რეკომენდაციას არ იცავს მოსახლეობა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აქედან გამომდინარე როგორც მსოფლიოში ისე ჩვენთანაც შეინიშნება სტატისტიკის მკვეთრი ზრდა. მე არ მგონია, რომ დრამატული გაუარესება მივიღოთ უახლოესი 2 თვის განმავლობაში, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ გავატაროთ ყველანაირი პრევენციული ღონისძიება, როგორიცაა რისკ-ჯგუფების ვაქცინაცია და რეკომენდაციების დაცვა, მათ შორის გარკვეული შეზღუდვების შემოღებაც, პირბადის აუცილებლობა და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ სამწუხაროდ რისკები არსებობს იმ ადამიანებთან მიმართებაშიც რომლებიც ორჯერადად აცრილები არიან და გადატანილი აქვთ კოვიდი”, - მიიჩნევს გოგინავა. საყურადღებოა, რომ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბოლო ორი კვირის კანმავლობაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა, თუმცა, მისი თქმით, დაავადება უმეტეს შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს”განაგრძობს გამოცემა.

“ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევები მატულობს და ეს მატება საკმაოდ მნიშვნელოვანია. გაორმაგებულია შემთხვევათა რაოდენობა, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა მსუბუქი რჩება. გარდაცვალების მაჩვენებელი, 0, 1, მაქსიმუმ 2 შემთხვევაა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად შემთხვევების მატებისა, ამ ვარიანტის ბუნებიდან გამომდინარე დაავადება არ მიმდინარეობს მძიმედ და ძირითადად არიან პაციენტები, რომელთა მართვაც შესაძლებელია ბინაზე, ან ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ივანე ჩხაიძე.

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მთავარ რეკომენდაციად შემოდგომისთვის ისევ და ისევ იმუნური ფენის გაზრდა რჩება. “ბ4 და ბ5 ხასიათდებიან უფრო მაღალი ტრანსმისიით, ანუ გავრცელებით და გადადებით, მაგრამ მისი სიმძიმე არ არის უფრო მეტი. მთავარ რეკომენდაციად შემოდგომისთვის ისევ და ისევ იმუნური ფენის გაზრდა რჩება. ამიტომ აუცილებელია, რომ მივმართოთ ამცრელ პუნქტებს და ავიცრათ”, განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, ვინც აცრილია და “ბუსტერიც” გაკეთებული აქვს, სასურველია, რომ მეორე „ბუსტერი" გაიკეთოს”, - დასძენს გამოცემა.

ლარი 2.80-მდე ან კიდევ უფრო მეტადაც გამყარდება

“ეროვნული ვალუტა, დიდი ხანია გამყარების გზას ადგას და დადებითი დინამიკა წლის ბოლომდე გაგრძელდება. პოზიტიური მოლოდინი აქვთ ფინანსისტებსაც. როგორც ვარაუდობენ, კურსი ჯერ კიდევ ახალი წონასწორული ნიშნულის ძიებაშია და გამორიცხული არ არის, ეს 2.80-ს დაბლაც კი იყოს. უკრაინა-რუსეთის ომიდან გამოწვეული დიდი გაუფასურებისა და არასტაბილურობის შემდეგ, ლარმა გამყარება დაიწყო. აპრილიდან მოყოლებული გაცვლითი კურსი შესამჩნევად გაუმჯობესდა. პროცესი კიდევ გრძელდება. სპეციალისტებიც პოზიტიურად არიან განწყობილნი. “თიბისი კაპიტალის” მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას პროგნოზით, სავარაუდოდ, ლარი 2.80-მდე გამყარდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ლარი 2.80-მდე ან კიდევ უფრო მეტადაც გამყარდება / შეიძლება ითქვას, რომ გაცვლითი კურსი მალე პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდება.

“ამაზე გავლენა ექნება ტურიზმს, ფულად გზავნილებს, ექსპორტის მაჩვენებელსაც. საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის დასუსტება თუ არ მოხდება, რაც ამ თვეებში ნაკლებად სავარაუდოა, ვფიქრობთ, დაახლოებით 2.80 არის ის ნიშნული, სადამდეც ლარი გამყარდება. შემდეგ უფრო ეროვნული ბანკის მხრიდან აქტიურ ინტერვენციებს განვიხილავთ, დოლარის შესყიდვის მიმართულებით”, – განაცხადა ნადარაიამ. მიმდინარე პროცესებთან ერთად, აშკარად შეინიშნება, რომ ლარის ზედმეტად გამყარების ნიშნებია, რადგან ბაზარზე ჭარბი რაოდენობით არის დოლარი. ამაზე მეტყველებს ბლუმბერგის “ბიმაჩ” პლატფორმაზე სებ-ის ტრანზაქციების ზრდა. “ეროვნულმა ბანკმა ივნისში 23 მლნ დოლარის ფარგლებში შეისყიდა და ამ არხით, ბაზარს 69 მლნ ლარის ფულადი მასა მიაწოდა. სებ-ის “თვის მიმოხილვით” მაისში სებ-მა “ბიმაჩზე” 21.3 მლნ დოლარი, სავალუტო აუქციონზე კი 10 მლნ დოლარი შეისყიდა და მიმოქცევაში 90 მილიონი ლარი გაუშვა, რაც დააკორექტირა 45 მლნ-ის გაყიდვამ, შიდა სამთავრობო კონვერტაციებმა. მთლიანობაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით და სავალუტო ინტერვენციებით, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 14 მლნ აშშ დოლარით შემცირდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მონეტარული ოპერაციებით მაისში ლიკვიდობა 65 მლნ ლარით შემცირდა, მათ შორის, რეფინანსირების სესხები, წინა თვესთან შედარებით, 90 მლნ ლარით, 2,7 მლრდ-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ყველანაირი პირობა არსებობს იმისთვის, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდეს. ეკონომიკა გახსნილია, ხელისშემშლელი ფაქტორი არ არსებობს, არ არის მიზეზები, რამაც შესაძლოა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება გამოიწვიოს. როგორც საბანკო სფეროს ექსპერტი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი აღნიშნავს, რთული სათქმელია რა ნიშნულამდე შეიძლება ჩამოვიდეს კურსი, თუმცა ფაქტია, რომ ვალუტა გამყარებას გააგრძელებს”, - დასძენს გამოცემა.

“კურსი რა ნიშნულზე გაჩერდება, ამის წინასწარ თქმა შეუძლებელია. წლის ბოლომდე, შესაძლოა, სრულად საწინააღმდეგო მოვლენები განვითარდეს, თუმცა ჯერჯერობით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მსოფლიოში მაღალი ინფლაციაა, რაც ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, ამიტომ დოლართან მიმართებით გამყარება აშკარაა, თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება და როგორ წარიმართება, ახლა პროგნოზი რთულია. როცა ქვეყანაში ტურისტები შემოდიან, მათ უცხოური ვალუტა შემოაქვთ და მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე იზრდება, რაც ამყარებს ლარს, მაგრამ ასევე არის საწინააღმდეგო მოვლენებიც - ეს არის იმპორტზე მოთხოვნა. მაშინ, როცა უცხოურ საქონელზე მოთხოვნა იზრდება, მატულობს მოთხოვნა დოლარზეც და პროცესი მიმდინარეობს ერთდროულად, ხოლო რომელი გადაწონის ამის ყოველდღიურად და ყოველთვიურად პროგნოზი შეუძლებელია”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მიხეილ თოქმაზიშვილი.

“ლარის სტაბილიზაცია და პოზიციების გამყარება არა მხოლოდ ეკონომიკაზე იმოქმედებს დადებითად, არამედ მოსახლეობისთვისაც შვების მომგვრელი იქნება. ახლა, ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ პროცესი კიდევ გაგრძელდეს და არსებობს რეალური შანსი იმისა, რომ კურსი იმ ნიშნულსაც კი ჩამოსცდეს, რაზეც სპეციალისტები საუბრობენ. ფაქტია, რომ ამ ეტაპზე საქართველოში კარგი სიტუაციაა და მნიშვნელოვანია რესურსების სწორად გამოყენება. როგორც საფინანსო საკითხების ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, ქვეყანაში არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ კურსი იმ ნიშნულზე ჩამოვიდეს, რასაც სპეციალისტები პროგნოზირებენ, რადგან ამის ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს”, - წერს სტატიის ავტორი.

“პროგნოზის მიხედვით, რომ კურსი მაისის პერიოდში 2.85-2.90-ის ფარგლებში იქნებოდა, ფაქტობრივად გამართლდა, რაც ემყარებოდა რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხს. პირველი ეს იყო, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი - 11,6%. პარალელურად, გაზრდილია ფულადი გზავნილები აპრილში, მაისში და დიდი ალბათობით ასეთივე მაჩვენებელი იქნება ივნისშიც. ასევე ჩანდა, რომ სარეკორდოდ იყო მომატებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - 4,4-ჯერ იყო გაზრდილი და თუ შევხედავთ კურსის გამყარების დინამიკას, რაც ბოლო დღეებში სახეზეა, უნდა ვივარაუდოთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეორე კვარტალშიც გაზრდილია. კურსის გამყარების დინამიკიდან გამომდინარე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ექსპორტია მომატებული, ასევე აღდგენილია ტურიზმი, რომელიც ხელს უწყობს უცხოური ვალუტის შემოდინებას, ამას ემატება ფულადი გზავნილები და ექსპორტი, რაც ორნიშნა ზრდასთან ერთად, აუცილებლად გამოიწვევს სავალუტო კურსის გამყარებას”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ცუცქირიძე.

“რომ არსებობდეს უარყოფითი მოლოდინი, თუნდაც ომის გათვალისწინებით, ბუნებრივია, ეს აისახებოდა სავალუტო კურსზე, რადგან ინვესტორები გაიტანდნენ ვალუტის ნაწილს, მათ შორის დივიდენდების სახით, თუმცა ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს, რომ პირველ კვარტალში რეინვესტირებაც და კაპიტალური ინვესტიციებიც გაზრდილია, რაც არის პოზიტიური მოლოდინის ასახვა და ზეგავლენა. ამიტომ, აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ კურსი მართლაც პოზიტიურ ნიშნულს დაიკავებს”, - თვლის ცუცქირიძე. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტის მეორე ნახევრიდან ლარი სულ უფრო და უფრო მყარდებოდა დაპოზიციების გაუმჯობესებას თითქმის ყოველდღიურად ახერხებდა. ახლა კი რეალურია მოლოდინი, რომ კურსი პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდეს და ახალი წონასწორული ნიშნული იპოვოს”, - დასძენს სტატიის ავტორი.