უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთში 38 ოკუპანტი, ტანკი და საბრძოლო მასალების სამი საცავი გაანადგურეს

მიკოლაივისა და ხერსონის რაიონებში უკრაინის სარაკეტო-საარტილერიო და საავიაციო შენაერთებმა მოწინააღმდეგის საყრდნობ პუნქტსა და საწყობებს დაარტყეს, - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იუწყება.
„სამხრეთში, ოკუპანტების დანაკარგები 6 ივლისის განმავლობაში ასეთია: 38 ჯარისკაცი, ერთი T-62 ტანკი, ორი ერთეული ნაღმტყორცნების სისტემა, 2 ჯავშანმანქანა, 4 მანქანა, ასევე საბრძოლო მასალების 3 საცავი მიკოლაივის ოლქში და საწვავი და საპოხი მასალების ერთი საცავი ხერსონში,“- აცხადებენ სარდლობაში.
მათივე ცნობით, დობრიანკას (ხერსონის ოლქი) რაიონში, 10-მდე ოკუპანტისგან შემდგარი სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი ცდილობდა უკრაინის ქვედანაყოფების ზურგის მხარეს გადასვლას, თუმცა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 5 რუსი, დაშავდა კიდევ ერთი რუსი ჯარისკაცი, ამიტომ სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა უკან დაიხია.
ამასთან, სარდლობის ცნობით, ოკუპანტებმა სცადეს შტურმი ხერსონის ოლქის ბერისლავსკის რაიონში, მიროლიუბოვკას მახლობლად, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს და უკან დაიხიეს.

























