პიტერ სიიარტო - არ ველოდებით, რომ ვინმემ მადლობა უთხრას უნგრელებს უკრაინელ ლტოლვილებზე ზრუნვისთვის, მაგრამ ველოდებით, არ დაგვადანაშაულონ მხოლოდ იმის გამო, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში არ ვმონაწილეობთ

არ ველოდებით, რომ ვინმემ მადლობა უთხრას უნგრელებს იმის გამო, რომ ათობით ათასი უნგრელი აერთიანებს ძალისხმევას და ყოველ დღე მუშაობს იმისთვის, რომ ასობით ათას უკრაინელ ლტოლვილზე იზრუნოს არ ველოდებით მადლობას, მაგრამ ველოდებით, რომ არ დაგვადანაშაულონ, არ ილაპარაკონ ჩვენზე ცუდად მხოლოდ იმიტომ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ მივიღოთ მონაწილეობა იარაღის მიწოდებაში, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უნგრეთს არ სურს კონფლიქტში ჩართვა.
„რატომ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მეზობელი ქვეყანა და ჩვენთვის მთავარი მიზანია, რომ ამ ომში არანაირად არ ჩავერთოთ. ჩვენ არ გვსურს ამ კონფლიქტში ჩართვა. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ უნგრეთისა და უნგრელი ხალხის უსაფრთხოება“,- აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, უნგრეთმა უკრაინის ომი, უკრაინის წინააღმდეგ აგრესია დასაწყისშივე დაგმო.
„მხარს ვუჭერთ უკრაინას, მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ ომის უარყოფითი ზეგავლენა უშუალოდ განვიცადეთ. პირველი, მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი. დღემდე უნგრეთმა 830 000 ლტოლვილი მიიღო და ვხედავთ, რომ ეს რიცხვები სწრაფად იზრდება“,- აღნიშნა პიტერ სიიარტომ.
მისი თქმით, რაც შეეხება ენერგორესურსების მიწოდების საკითხს, ეს არის არა პოლიტიკური ან ფილოსოფიური, არამედ ფიზიკური საკითხი და რომ უნგრეთისთვის ფიზიკურად შეუძლებელია, რუსული ნავთობი და გაზი ჩაანაცვლოს.
„როდესაც საქმე ეხება ევროპის მიერ რუსული წიაღისეული საწვავის შესყიდვას, ჩვენ ამაში ძალიან მცირე წილი მიგვიძღვის. მეორე მხრივ, ენერგორესურსების მიწოდება ფიზიკური საკითხია, ეს არ არის არც ფილოსოფიური და არც პოლიტიკური. რატომაც ვითხოვეთ ნავთობის ემბარგოზე გამონაკლისი იყო ის, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მას არ მივიღებთ ქვეყნისთვის საკმარისი რაოდენობის ნავთობის მიწოდება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება“,- აღნიშნა პიტერ სიიარტომ.

























