ოკუპანტებმა დონეცკში კიდევ 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 21 კი დაჭრეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, პავლო კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„5 ივლისის განმავლობაში რუსებმა დონეცკის ოლქში 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 2 ავდიივკაში, 1 სლავიანსკში, 1 კრასნოგოროვკაში და 1 კურახოვოში. დაშავდა კიდევ 21 ადამიანი“, - წერს დონეცკის გუბერნატორი „ტელეგრამში“.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსებმა დონეცკის ოლქში 570 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 1494 კი დაჭრეს. ეს მაჩვენებელი არ შეიცავს მონაცემებს მარიუპოლიდან და ვოლნოვახადან.

























