დოიჩე ველე დეზინფორმაციასთან ბრძოლაში MDF-თან თანამშრომლობაზე წერს

“საინფორმაციო ომი საზღვრებთან არ წყდება” - ამ სათაურით აქვეყნებს დოიჩე ველე სტატიას გერმანიის განვითარების მინისტრის, სვენია შულცეს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მედიები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის მედიის განვითარების ფონდის (MDF), წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დოიჩე ველე წერს, რომ MDF გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა (BMZ) და დოიჩე ველე აკადემიის მხარდაჭერით 2014 წლიდან ფაქტების გადამოწმების ტრენინგებსა და დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ონლაინ პლატფორმას გვთავაზობს. სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ MDF ფეისბუკის მესამე მხარის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ერთ-ერთი პარტნიორია საქართველოში, რაც სოციალურ ქსელში ყალბი ამბების მონიშვნასა და მკითხველისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.
„არაერთი საშინაო და საგარეო გამოწვევის მიუხედავად, ქართული სამოქალაქო საზოგადოება ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა მის ავტორიტარულ წარსულს არ დაუბრუნდეს. ქართველი ხალხი აგრძელებს საკუთარი ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას და აქტიურად ებრძვის დეზინფორმაციას.“ - ამბობს MDF-ის მკვლევარი, სანდრო გიგაური მინისტრთან შეხვედრაზე.
MDF-ისა და დოიჩე ველე აკადემიის მედიაწიგნიერების პროგრამა - “მითების დეტექტორის ლაბორატორია” - უკვე მეექვსე წელია ახალგაზრდებს მედიაწიგნიერების კურსის გავლისა და MDF-ის ფაქტების გადამოწმების პლატფორმა - მითების დეტექტორზე სტაჟირების შესაძლებლობას აძლევს.
(R)

























