უკრაინის ვიცე-პრემიერი - უკრაინამ, დღემდე, სამშობლოს 400-ზე მეტი დაღუპული დამცველისა და მოქალაქის ცხედარი დაიბრუნა

რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის პერიოდში, მოვახერხეთ სამშობლოს 400-ზე მეტი დაღუპული დამცველისა და მოქალაქის ცხედრის უკრაინაში დაბრუნება, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
„უკვე გვაქვს 400-ზე მეტი დაბრუნებული ცხედარი, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის საკმარისი, რადგან ვიცით, რომ კიდევ ბევრი ცხედარია. რუსეთს არ სურს აჩვენოს თავის მოქალაქეებს ცხედრების მასობრივი გადაცემა, მათ ესმით, რა სახის აფეთქება მოჰყვება, ამიტომ ამას თითქმის ფარულად, რეკლამის გარეშე აკეთებენ და ცდილობენ, ცხედრები არ გადმოგვცენ“, - განაცხადა ვერეშჩუკმა.
მან ასევე გაამახვილა ყურადღება რუსების მიერ ცხედრების იდენტიფიკაციის განხორციელების პრობლემაზე.
„ნება მომეცით აგიხსნათ კიდევ ერთი სიტუაცია, რომელიც უკვე პრობლემაა და მომავალშიც იქნება. ვახორციელებთ იდენტიფიკაციას და გენეტიკურ გამოკვლევას ევროპული პროტოკოლების მიხედვით. რუსეთი პრინციპში არ უჭერს მხარს ევროპულ ოქმებს. მათ აქვთ საკუთარი პროტოკოლები და მომავალში ეს იქნება დიდი პრობლემა, რადგან გენეტიკური ექსპერტიზა, რომელსაც ისინი ატარებენ, ნამდვილად არ ემთხვევა და სიაში, შეიძლება ვერც აღმოჩნდნენ ის ცხედრები, რომლებსაც ისინი გადმოგვცემენ. ეს არის პრობლემა, მაგრამ ჩვენ ასევე ვფიქრობთ, როგორ მოვაგვაროთ იგი“, - განაცხადა ვერეშჩუკმა.

























