ბრიტანეთის საგარეო უწყება - ვგმობთ სამხედრო ტყვეების პოლიტიკური მიზნებისთვის ექსპლუატაციას

ბრიტანეთის საგარეო უწყება - ვგმობთ სამხედრო ტყვეების პოლიტიკური მიზნებისთვის ექსპლუატაციას

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა რუსეთისგან მხარდაჭერილი დონეცკის ოლქის სეპარატისტული მმართველების მიერ ბრიტანეთის ორი მოქალაქის წინააღმდეგ ბრალის წაყენებას ეხმაურება და სამხედრო ტყვეების პოლიტიკური მიზნებისთვის ექსპლუატაციას გმობს.

„ვგმობთ სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების პოლიტიკური მიზნებისთვის ექსპლუატაციას და ეს საკითხი რუსეთთან წამოვაყენეთ“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსული ძალების მიერ დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან უკრაინულ მხარესთან.

„მუდმივ კონტაქტში ვართ უკრაინის მთავრობასთან და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას მათი გათავისუფლების მცდელობებში,“- აცხადებენ ბრიტანეთის საგარეო უწყებაში.

ცნობისათვის, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის სეპარატისტულმა მთავრობამ გაერთიანებული სამეფოს კიდევ ორ მოქალაქეს ბრალი სხვადასხვა დანაშაულში, მათ შორის ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში დასდო.