ლანჩხუთში, სადაც ,,ნაციონალური მოძრაობა" მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდა, ხმაური და დაპირისპირება იყო

ლანჩხუთში, სადაც ,,ნაციონალური მოძრაობა" მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდა, ხმაური და დაპირისპირება იყო.
პარტიის წევრების ინფორმაციით, ოპოზიციას ,,ქართული ოცნების” აქტივისტები, საკრებულოს წევრები და თანამშრომლები დაესხნენ თავს.
,,"ლაივი" მქონდა სოციალურ ქსელში და წინასწარ ვთქვი, რომ არიან ორგანიზებულები, მოაწყობენ თავდასხმას, დაპირისპირების რაღაც სცენას დადგამენ და ზუსტად აკეთებენ იმას, რაც რამდენიმე წუთის წინ წინასწარ ცხადი იყო ჩვენთვის, რადგან იგივე გააკეთეს გუშინ ახალციხეში, სადაც ასევე საკრებულოს წევრები, გამგებლები დააორგანიზეს. ასევე, იგივე გააკეთეს ოზურგეთში, მთელი ფრაქცია გამოყვანილი ჰყავდათ. აქაც, საკრებულოს წევრები, თანამდებობის პირები, ფრაქციის თავმჯდომარეები, გამგეობის წევრები არიან შეკრებილები, რომლებიც ქმნიან ილუზიას, თითქოს და ხალხი უპირისპირდება ოპოზიციას. ჩვენ არ გვინდა დაპირისპირება, ძალადობას ვემიჯნებით. უბრალოდ, ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იყოს ძალადობა, ფიზიკური ანგარიშსწორებაც. როცა ევროპულ საქმეს ვაკეთებთ და გვინდა ღირსეული, ევროპული ცხოვრება ჩვენი შვილებისთვის, აი მაშინ ასეთ ეგზალტირებულ საკრებულოს წევრებს გვიგზავნიან, რაშიც ალბათ, შემდეგ პრემიებს უხდიან", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა.
ოპოზიციის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ “ქართული ოცნების" მხარდამჭერები.
მათი განცხადებით, ოპოზიციისა და მოსახლეობის შეხვედრების დროს, პროვოკაციები ხელისუფლების მიმართ, სწორედ ,,ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან განხორციელდა.
“სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ვათვალიერებდით აქაურობას. აქ ჩვენი შტაბია, სადაც გავდივართ ფრაქციულ მომზადებას. ოპოზიციის წარმომადგენლები მოვარდნენ გადაღებებით, წივილ-კივილით, აბსურდული ბრალდებებით. პროვოკაცია თავად მოაწყვეს", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ემზარ თევდორაძემ.
ამ დროისთვის ლანჩხუთში ვითარება განმუხტულია. ადგილზე სამართალდამცველები რჩებიან.

























