იენს სტოლტენბერგი - უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება

იენს სტოლტენბერგი - უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს მოკავშირეები საერთო დაფინანსების გაზრდის საკითხზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო გააძლიერებს თავდაცვასა და საბრძოლო ჯგუფებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და მზადყოფნაში მყოფი ჯარისკაცების რაოდენობას 300 000-მდე გაზრდის.

ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება მოიცავს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდასა და მართვისა და კონტროლის გაძლიერებას.

„ცივი ომის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ასეთი გეგმები გვაქვს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა ისაუბრა უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხზეც და აღნიშნა, რომ განახლებული მხარდაჭერის შესახებ შეთანხმება მოხდა, რაც მოიცავს უსაფრთხოების კომუნიკაციებს, საწვავს, სამედიცინო მარაგს, აღჭურვილობას ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეების დასაძლევად.

მისივე თქმით, მათი გზავნილი უკრაინის პრეზიდენტისთვის ნათელი იყო.

„უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“, - დასძინა სტოლტენბერგმა.