ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლების მიმართ „არსებული რთული პირობების გამო შეშფოთებულია"

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო "უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლების მიმართ არსებული რთული პირობების გამო შეშფოთებულია". ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
სააგენტოს გენერალური დირექტორის რაფაელ მარიანო გროსის თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ადგილზე "რაც შეიძლება მალე" უნდა ჩავიდეს. მისი თქმით, ატომურ ელექტროსადგურში ვითარება "გაუსაძლისია".
"ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ იცის ბოლოდროინდელი ცნობები, რომლებიც ქვეყნის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურში უკრაინელი პერსონალისთვის ვითარების გაუარესებაზე მიუთითებს. ამ დიდ ატომურ ელექტროსადგურში ვითარება ნამდვილად გაუსაძლისია. ჩვენ ინფორმირებული ვართ, რომ უკრაინელი პერსონალი დაწესებულებაში უკიდურესად სტრესულ პირობებშია, მაშინ, როდესაც ტერიტორია რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლს ექვემდებარება", - განაცხადა გროსიმ.
გროსიმ დასძინა, რომ ბოლო ცნობები "ძალიან შემაშფოთებელია".

























