საქართველოს პარლამენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა მეორე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით, საქართველოს კანონის პროექტები მიიღო „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კანონპროექტებს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არც ერთი ყოფილა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ წარადგინა.
საკანონმდებლო პაკეტი მიზნად მაჭახლის ხეობის ბიომრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენას და გონივრული გამოყენების ხელშეწყობას ისახავს.

























