პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროპა აშშ-ის დახმარების გარეშე, თავის დაცვას ვერ შეძლებს

ევროპა ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების გარეშე, თავის დაცვას ვერ შეძლებს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ ვარშავაში, ელჩების შეხვედრის დროს განაცხადა.
მინისტრის თქმით, ევროკავშირმა უნდა განავითაროს თანამეგობრობის წევრი ქვეყნების თავდაცვის პოტენციალი, მაგრამ ეს არ შეიძლება წარმოადგენდეს რაიმე კონკურენციას შეერთებულ შტატებთან პარტნიორობისთვის.
„კონკურენტულ ბრძოლაში ასეთი ავტონომიის აშენებისკენ მოწოდებებს უნდა ეწოდოს ილუზია და შესაძლოა, ქმედებებიც კი, ევროპის უსაფრთხოების საზიანოდ. უსაფრთხოების ამჟამინდელმა კრიზისმა ნათლად აჩვენა, რომ ევროპა შეერთებული შტატების გარეშე თავის დაცვას ვერ შეძლებს“ , - განაცხადა რაუმ.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების გარეშე არ იარსებებს სოლიდარული და ეფექტური ნატო.
მან დასძინა, რომ პოლონეთი აშშ-ის მონაწილეობას იღებს ევროპის უსაფრთხოებაში, როგორც ევროპაში მშვიდობის მთავარ პირობას.
მისი აზრით, ვაშინგტონის ხელმძღვანელობამ 2016 წელს შესაძლებელი გახადა რუსეთის საფრთხესთან სწრაფად ადაპტაცია.
რაუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა განათავსა მეტი ძალები პოლონეთში, რამაც, უკრაინის ომის კონტექსტში, გააძლიერა რუსეთის შეკავება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების ამ კრიზისში ჩაბმის მცდელობებისგან.
ცნობისთვის, ამჟამად პოლონეთში 9 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის დაწყებისთანავე, აშშ-ის შეიარაღებული ძალების 82-ე საჰაერო სადესანტო დივიზია პოლონეთში გადავიდა.

























