დავით გაბაიძემ და ლადო მგალობლიშვილმა უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივები პარლამენტის სხდომაზე წარადგინეს

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილმა უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივები წარადგინეს. ამის შესახებ ინფომრაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სხდომაზე დავით გაბაიძის მიერ წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ , კანონმდებლებმა პირველი მოსმენით განიხილეს და 95 ხმით მიიღეს. საკანონმდებლო პაკეტის მიზანი მაჭახლის ხეობის ბიომრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვა, აღდგენა და გონივრული გამოყენების ხელშეწყობაა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებული კანონის პროექტის ავტორები არიან: საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ვლადიმერ მგალობლიშვილი, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP).
რაც შეეხება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებას, რომელიც სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა წარადგინა, პასრლამენტში მესამე მოსმენით განიხილეს. ცვლილების თანახმად, საქართველოს პარლამენტში ინიცირებული ნებისმიერი კანონპროექტის განმარტებით ბარათში, უნდა აღინიშნოს თუ რა გავლენას მოახდენს კონკრეტული კანონპროექტი ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე. კანონის პროექტთან დაკავშირებით, შენიშვნები არ გამოთქმულა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს პარლამენტმა 89 ხმით დაუჭირა მხარი.

























