The Washington Post - სამართალდამცველებმა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ბრეტ კავანოს მკვლელობა აღკვეთეს

შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ბრეტ კავანოს მოკვლა სურდა მერილენდში, მოსამართლის სახლთან დააკავეს. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.
მამაკაცმა პოლიციას განუცხადა, რომ იგი განაწყენებული იყო მოსამართლის აბორტთან დაკავშირებული პოზიციით.
სამართალდამცავების ცნობით, კალიფორნიელი მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება, 20 წლისაა. ის იარაღითა და დანით იყო შეიარაღებული.
შეგახსენებთ, მაისში, მედიით ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უმრავლესობა აპირებს მხარი დაუჭიროს 1973 წლის ისტორიული გადაწყვეტილების (Roe v. Wade) გაუქმებას, რომელიც ქალებს აბორტის კონსტიტუციურ უფლებას აძლევს.
ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ, შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს შენობას, უსაფრთხოების მიზნით, მაღალი ღობე შემოარტყეს. სასამართლოს ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს დოკუმენტის ავთენტურობა, თუმცა იქვე დასძინეს, რომ ის სულაც არ წარმოადგენს საბოლოო გადაწყვეტილებას.
მედიაში დოკუმენტის გაჟონვის შემდეგ, აბორტის უფლებების მომხრეების მიერ, საპროტესტო გამოსვლები ვაშინგტონსა და სხვა ქალაქებში დაიწყო. საპროტესტო აქციები გაიმართა მოსამართლეების სახლებთანაც, რომელთა საცხოვრებელსაც, შესაძლო თავდასხმის აღსაკვეთად, 24 საათის განმავლობაში სამართალდამცველები იცავენ.
ცნობისთვის, კავანო აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დონალდ ტრამპის მიერ 2018 წელს დაინიშნა.

























