ბენ უოლესი - ჩვენ ვგმობთ პუტინის ბარბაროსულ შეჭრას უკრაინაში, ჩვენი მიზანია უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი ისლანდიაში ჩრდილოეთ ევროპის 11 ქვეყნის წარმომადგენელს შეხვდა, სადაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად წარმოქმნილი უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.
შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს გარდა დანიის, ესტონეთის, ფინეთის, გერმანიის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთისა და შვედეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ჩვენ ვგმობთ პუტინის ბარბაროსულ შეჭრას უკრაინაში. ჩვენი მიზანია უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს“, - განაცხადა ბენ უოლესმა.
ამასთან მან ხელი მოაწერა ახალ შეთანხმებას ფინეთთან, რომელიც უსაფრთხოების ორმხრივ პაქტს ეფუძნება.
ცნობისთვის, გასულ თვეში გაერთიანებულმა სამეფომ შვედეთთან და ფინეთთან უსაფრთხოების სფეროში ურთიერთდახმარების პაქტი გააფორმა. პაქტი რომელიმე ქვეყნის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას გულისხმობს.

























