BTU-ში კვლევების დაფინანსების პროგრამა გაფართოვდა

BTU-ში კვლევების დაფინანსების პროგრამა გაფართოვდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის საუნივერსიტეტო კვლევის დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ ტრენინგი გაიმართა. ღონისძიებას უნივერსიტეტის ასოცირებული და აფილირებული, ასევე მოწვეული ლექტორები ესწრებოდნენ. ტრენინგი BTU-ის საერთაშორისო ურთიერთობების და განვითარების სამსახურის კონსულტანტმა მარიამ ქებურიამ ჩაატარა. მოდერატორი კი BTU-ს კვლევითი ცენტრის დირექტორი ზვიად გაბისონია გახლდათ.

მარიამ ქებურია: „აკადემიურ პერსონალს გავაცანით შესაძლებლობები, რომლებიც საგრანტო პროგრამებში ჩასართავად აქვთ. აღნიშნული საგრანტო პროგრამები შეთავაზებულია როგორც ეროვნული ფონდების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ტრენინგის ფარგლებში მრავალფეროვანი საკითხები განვიხილეთ, მათ შორის, რა უნდა გავითვალისწინოთ საგრანტო პროექტის არჩევის დროს, სად უნდა მოვიძიოთ საგრანტო პროექტები, როგორ დავგეგმოთ და როგორ შევავსოთ აპლიკაციები. ამ პროცესში კი გუნდურობას დიდი ყურადღება ექცევა. ინდივიდუალური მუშაობა ძირითადად სადოქტორო პროექტებზე ხდება. შემდეგ კი უკვე ფართომასშტაბიან საქმიანობაზე უნდა გადავიდეთ და კავშირები გავაბათ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან. სწორედ ამ ყველაფრის წახალისებას ემსახურება ჩვენი შეხვედრა. ჩვენი ტრენინგი მოტივატორი გახდება BTU-ს აკადემიური პერსონალისთვის, რომ იფიქრონ და ჩაერთონ საგრანტო პროექტებში.“

ზვიად გაბისონია: „ტრენინგი BTU-ს კვლევების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიება ტრენინგის ფორმატით ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მარიამ ქებურიამ უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს არაერთი საინტერესო საკითხი გააცნო. ტრენინგთან ერთად გაიმართა დისკუსია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში კვლევითი შესაძლებლობებისა და დაფინანსების მოდელების გაძლიერებასა და განვითარებას ისახავდა მიზნად.“

ტრენინგზე შემდეგი საკითხები განიხილეს:

  • სამეცნიერო და აკადემიური კვლევის დაფინანსების ეროვნული შესაძლებლობები;
  • საერთაშორისო კვლევითი კოლაბორაცია და უცხო ქვეყნების საგრანტო პროგრამები;
  • საპროექტო წინადადების შემუშავებისას გასათვალისწინებელი ძირითადი საკითხები;
  • ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ‘ჰორიზონტი ევროპა’;
  • პანევროპული ინიციატივა EURAXESS - კვლევითი შესაძლებლობების ძიება და განთავსება ევროპულ პორტალზე;
  • აშშ-ის საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნული საბჭოს - NCURA-ს რესურსები და ვებინარები.

როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, ტრენინგს ერთჯერადი სახე არ ჰქონდა და ტრენინგების სერია შემდეგი თემებით გაგრძელდება: ტექნოლოგიური ტრანსფერი, მეცნიერები მენეჯმენტი... კვლევითი ცენტრი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ აკადემიურ პერსონალს თითოეული ამ საკითხის პრაქტიკაში განხორციელებაშიც დაეხმარება.

BTU დაარსების დღიდან აქტიურად მუშაობს ციფრული ეკონომიკის, ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის კვლევების მიმართულებით. ბოლო პერიოდში კი გააქტიურდა კვლევები კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.

(R)