ლადო მგალობლიშვილი “ნაცმოძრაობას” - რაც დღეს ევროკავშირთან გვაშორებს, ეს არის ზუსტად თქვენი ქცევა

რაც დღეს ევროკავშირთან გვაშორებს, ეს არის ზუსტად თქვენი ქცევა, - ასე მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის განხილვისას.
ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის ანგარიში ადეკვატურად ასახავს ყველა იმ გამოწვევას და პრობლემას, რომელიც გასულ წელს იყო.
„ბატონი თორნიკე რიჟვაძის ანგარიში ადეკვატურად ასახავს ყველა იმ გამოწვევას და პრობლემას, რომელიც იყო გასულ წელს. თქვენ კი, ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე საუბრობდეთ, გამოდიხართ და პიროვნულ შეურაცხყოფას აყენებთ მთავრობის თავმჯდომარის ოჯახის წევრს. ადამიანები ორ შემთხვევაში აყენებენ სხვებს პიროვნულ შეურაცხყოფას: პირველი, როდესაც ინტელექტის ნაკლებობა აქვთ და მეორე, როდესაც არგუმენტები არ გააჩნიათ. თქვენთან რომელი შემთხვევა გვაქვს, თავად გადაწყვიტეთ. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე 12-ჯერ დაგამარცხათ და ასე გააგრძელეთ, კიდევ გარანტირებულად 12-ჯერ დამარცხდებით. და რაც მთავარია, რაც დღეს ევროკავშირთან გვაშორებს, ეს არის ზუსტად თქვენი ქცევა“, - აღნიშნა ლადო მგალობლიშვილმა.

























