აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით, ბორჯომის ქარხანასთან კომპანიის გაფიცული თანამშრომლების პროტესტი, პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად, გაგრძელდება

ბორჯომის ქარხანასთან კომპანიის გაფიცული თანამშრომლების პროტესტი, პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად, გაგრძელდება, - ამის შესახებ საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და აგრარული მეურნეობის, ვაჭრობის და მრეწველობის პროფკავშირის წარმომადგენელმა, გიორგი დიასამიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, პოლიციამ მათ ტერიტორიის დატოვება რამდენჯერმე მოსთხოვა, თუმცა მოქალაქეები ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.
„ადამიანები მშვიდობიანად, ხელებაწეულები იდგნენ ქარხნის წინ და პოლიციამ მოსთხოვა მათ ტერიტორიის გათავისუფლება, რეალურად იქ მოქალაქეები არაფერს აშავებდნენ. დამსაქმებელი კომპანია აშინებს დასაქმებულთა ნაწილს და ავტობუსებით ცდილობდა ქარხანაში მათ შეყვანას, ეს დასაქმებულები ჩამოვიდნენ ავტობუსიდან და უარი განაცხადეს მუშაობაზე, სანამ პრობლემა არ მოგვარდებოდა. პოლიციამ მათ ჰკითხა უდნოდათ თუ არა ქარხანაში შესვლა, მათ უთხრეს, რომ არ სურდათ და ამის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა. რამდენჯერმე მოგვთხოვეს ტერიტორიის დატოვება, თუმცა ჩვენ ისევ აქ ვართ და პროტესტი გაგძელდება მანამ, სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება”, - განაცხადა დიასამიძემ.
„IDS ბორჯომი საქართველოს“ გაფიცული თანამშრომლების ორგანიზებით, „ბორჯომის“ 1-ელი და მე-2 ქარხნების მშვიდობიანი პიკეტი მიმდინარეობს.

























