ქართული პრესის მიმოხილვა 06.06.2022

ქართული პრესის მიმოხილვა 06.06.2022

თენგიზ ფხალაძე - “უკრაინის დიდი კონტრშეტევა აუცილებლად იქნება, თანაც წარმატებული...”

რატომ არ სურს დასავლეთს “დამცირებული რუსეთი” და ძლიერდება თუ არა ზეწოლა უკრაინაზე

გიორგი გობრონიძე - “თუ სტატუსს მოგვანიჭებენ, დასავლეთი უფრო გაღიზიანებულ რუსეთს მიიღებს, თუ არ მოგვანიჭებენ, მაშინ მიიღებენ გადიდგულებულ რუსეთს”

ქართველებმა სევეროდონეცკში ბრძოლის ბედი შემოატრიალეს - რუსები უკან იხევენ

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” ივნისის ნომრის N2 (282) მიმოხილვა

* * *

თენგიზ ფხალაძე - “უკრაინის დიდი კონტრშეტევა აუცილებლად იქნება, თანაც წარმატებული...”

“ამ 100 დღის განმავლობაში უკრაინელმა ხალხმა უპრეცედენტო გმირობა და თავდადება აჩვენა, რისი წყალობითაც არა მარტო შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობა, არამედ კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მათ დაამსხვრიეს მითი რუსეთის უძლეველობის შესახებ. ამ ეგრეთ წოდებული სპეცოპერაციის ვერც ერთი ამოცანა ვერ და არ იქნა შესრულებული. კრემლი უკვე ნათლად ხედავს თავდაპირველ არასწორ გათვლებს, ასევე დემორალიზებულ არმიას. ის შეიარაღება, რომელსაც უკრაინა იღებს, აბსოლუტურად ცვლის ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსს, რაც იმის მაუწყებელია, რომ მომდევნო ფაზა აუცილებლად იქნება დიდი კონტრშეტევა. მცირე კონტრშეტევით ოპერაციებს უკრაინა წარმატებით ახლაც ატარებს ხერსონისა თუ ხარკოვის ოლქის მიმართულებით, მაგრამ დიდი კონტრშეტევა, რომელსა ყველა ველით, აუცილებლად იქნება, თანაც წარმატებული”, - აცხადებს ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “უკრაინის დიდი კონტრშეტევა აუცილებლად იქნება, თანაც წარმატებული...” / “რუსეთი ძალიან საშიშია მეზობლებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ფრთხილად და ვემზადოთ ნებისმიერი სცენარისთვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების მიღება”.

“მოლაპარაკების კლასიკური რუსული სქემა ასეთია - როდესაც ხედავენ, რომ რაღაც ისე არ მიდის, როგორც სურთ, ლაპარაკს იწყებენ მოლაპარაკებაზე. სინამდვილეში ამით დროის მოგებას ცდილობენ, თუმცა მალევე არღვევენ ყველა შეთანხმებას და აძლიერებენ სამხედრო ძალით ზეწოლას. ის მოლაპარაკება, რომელიც ომის დაწყებიდან მალევე დაიწყო, სწორედ ასე წარიმართა. ახლა რუსეთი იწყებს ფიქრს, როგორ გამოვიდეს ამ ვითარებიდან და ამიტომ კვლავ ახსენებენ მოლაპარაკების შესაძლებლობას, თუმცა ისე, რომ უკრაინამ რაღაც უნდა დათმოს. ჩემი აზრით, ეს ეტაპი უკვე გავლილია. მარტში, აპრილის დამდეგს შეიძლებოდა უკრაინა დათმობაზე მართლაც წასულიყო, მაგრამ დღეს, როდესაც უკრაინელი ხალხი ავლენს საოცარ საბრძოლო სულისკვეთებას და რუსეთმა ამდენი სასტიკი დანაშაული ჩაიდინა, დათმობაზე ლაპარაკი სრულიად არარეალურია. დღეს უპირატესობა აშკარად უკრაინელების მხარეს არის. ისინი აუცილებლად იბრძოლებენ საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლებისთვის. რაც მეტი წარმატება ექნება უკრაინას, მით მეტ შეთავაზებას გაახმაურებს რუსეთი მოლაპარაკების თაობაზე, თანაც მისი პოზიცია მით უფრო რბილი და დამყოლი იქნება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზხ ფხალაძე.

“სამწუხაროდ, ეს ომი სწრაფად არ დასრულდება. ის დამქანცველია ორივე მხარისთვის. ამიტომ რამდენად ექნება რუსეთს იმის შესაძლებლობა, რომ რამდენიმე ფრონტზე იომოს, რთული სათქმელია. პირადად მე ეჭვი მეპარება, თუმცა პროვოკაციები რუსეთის მოსახლეობის წინაშე ე.წ. სახის შენარჩუნებისთვის შეიძლება მოხდეს. ამიტომ ამისთვის მუდმივად უნდა ვემზადებოდეთ. გავიხსენოთ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის თემა, რომლის ჩატარებაც გადაიფიქრეს, თუმცა მოვისმინეთ კრემლის პრესსპიკერ პესკოვის განცხადება - ახლა ამაზე ლაპარაკი ადრეა, ვნახოთ, რამდენიმე თვეში როგორი გეოპოლიტიკური ვითარება იქნებაო. მან სავსებით გასაგებად თქვა, ახლა ამისთვის არ გვცალია, მაგრამ შეიძლება რამდენიმე თვეში მოვიცალოთო. ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ. სწორედ უკრაინიდან გამომდინარე უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერისა და დახმარების კონსოლიდაცია. ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ უკრაინელი ხალხის გმირობასა და შემართებაზე, რაც უდავოდ გამაოგნებელია, მაგრამ უკრაინა ბევრს ვერაფერს შეძლებდა, რომ არა დასავლეთის უპრეცედენტო კონსოლიდაცია და დახმარება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია ყოველთვის გავამახვილოთ ჩვენი პარტნიორების ყურადღება იმ პრობლემებზე, რომლებიც შეიძლება საქართველოს დაუდგეს. მით უფრო, რომ ისინიც აცნობიერებენ ამას და ხშირადაც ლაპარაკობენ. ამის თაობაზე მოვისმინეთ კიდეც დიდი ბრიტანეთის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის, ასევე ნატოს გენმდივნისა თუ ამერიკის მაღალჩინოსნების არაერთი განცხადება. ყველა ჩვენი პარტნიორი აღნიშნავს, რომ რუსეთი ძალიან საშიშია მეზობლებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ფრთხილად და ვემზადოთ ნებისმიერი სცენარისთვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების მიღება”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ჩვენი პრემიერის ბრატისლავაში გამოსვლის შემდეგ ბევრს გაუჩნდა ასეთი აზრი, რომ თურმე შეგვძლებია სწორი გზავნილების მიტანა პარტნიორებთან. ვფიქრობ, ეს არის “ქართული ოცნების” პრობლემა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა - ძალიან ხშირად ვერ ხედავენ იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს, ან ხედავენ, მაგრამ უყურებენ ვიწროპარტიული პრიზმიდან, საბოლოოდ კი ამგვარი განცხადებებით აზიანებენ საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც. ზოგჯერ გაკეთებულ საქმეებსაც ჩრდილს აყენებენ. საქართველოს თავის ევროპულ გზაზე აქვს წარმატებაც და მარცხიც. არ უნდა შეგვეშინდეს იმის აღიარების, თუ რაიმე არასწორად გავაკეთეთ. ჯერ ერთი, რაც უნდა ვილაპარაკოთ, რომ ყველაფერი რიგზე გვაქვს, არა მგონია, ჩვენი პარტნიორები ისეთი გულუბრყვილონი იყვნენ, რომ ეს დაიჯერონ. არაერთხელ მიუნიშნებიათ ხარვეზებზე და შემოუთავაზებიათ დახმარება მათ გამოსასწორებლად. მართალია, ეს ვერ გამოვიყენეთ და ვერ გამოვასწორეთ თუნდაც სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, მაგრამ ისინი მოწადინებული არიან, რომ რეფორმა გაგრძელდეს, და ახლაც მზად არიან დახმარებისთვის”, - ამბობს თენგიზ ფხალაძე.

“დღეს იმის ძახილი კი არის საჭირო, სასამართლო სისტემაში ყველაფერი კარგად არისო, არამედ უნდა ვაღიაროთ შეცდომები და ვაჩვენოთ ევროპელ პარტნიორებს, რომ რეალურად ვაპირებთ პრობლემების აღმოსაფხვრელად მუშაობას. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს შესაძლებლობის ფანჯარა გაჩნდა შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გამო და არა იმიტომ, რომ ჩვენ ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებთ. ასე უფრო გულწრფელი ვიქნებით საკუთარი თავის შეფასებაშიც და ჩვენს პარტნიორებსაც დახმარების უფრო მეტი სურვილი ექნებათ. მუდმივად უნდა ვმუშაობდეთ ჩვენს პარტნიორებთან. მაგალითად, ევროპარლამენტს უკრაინისა და მოლდოვას მხარდამჭერი რეზოლუციები აქვს მიღებული, ჩვენს საკითხზე კი არა - იმის მაგივრად, რომ გვემუშავა ევროპარლამენტარებთან, მათი ლანძღვითა და დადანაშაულებით ვიყავით დაკავებული. პარტნიორს შეიძლება რაღაცაში არ ეთანხმებოდე, მაგრამ უთანხმოებისა და განსხვავებული შეხედულებების გამოთქმას თავისი წესი აქვს. შეუძლებელია პარტნიორობაზე ლაპარაკობდე ისე, როგორც ლაპარაკობს “ქართული ოცნების” ზოგიერთი წევრი, თან იმ ადამიანებზე, რომლებმაც ჩვენს თაობაზე ან უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ან მისი მიღების პროცესზე დიდი ზეგავლენა აქვთ”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“კითხვა ისმის - ასეთ ადამიანებს, რომლებსაც ასეთი მნიშვნელოვანი პროცესის არა ესმით რა, რა უნდათ პოლიტიკაში? ხოლო თუ ესმით, მაგრამ მაინც ასე იქცევიან, მაშინ ეს მეორე უბედურებაა. ასე რომ, ამას გამართლება არც ერთ შემთხვევაში არა აქვს. ძალიან ხშირად რიტორიკა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა და თუ გჭირდებით, მაშინ მიიღეთ გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდო, გარკვეულწილად ჩვენი პარტნიორების დაშანტაჟების ელემენტებს ატარებს და ევროკავშირთან ურთიერთობის ძალიან მცდარი ფორმაა. თუ ამაზე დაფიქრდებიან და რიტორიკას შეცვლიან, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება საქართველოს. შეიძლება კანდიდატობის შეთანხმებაში მართლაც განსაზღვრული პირობები ჩადონ, შეიძლება განსხვავებული ვარიანტიც შემოგვთავაზონ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ვიმუშაოთ მაქსიმუმის მისაღებად, მაგრამ მუშაობა არ ხდება ეპისტოლარულად, პარტნიორების ლანძღვით და გაუგებარი განცხადებებით”, - დარწმუნებულია ექსპერტი.

“გუნდი, რომელიც 10 წელია ხელისუფლებაშია, დღეს ამბობს, რომ თურმე ოპოზიცია არ აძლევს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის საშუალებას, რაც არასერიოზული განცხადებაა. რაც შეეხება ოპოზიციას, ის, რომ დღეს “ქართული ოცნებაა” ხელისუფლების სათავეში, ეს არა მისი სიძლიერის, არამედ ოპოზიციის სისუსტის ბრალია, იმ შეცდომების დამსახურებაა, რასაც უშვებს ქართველ საზოგადოებასთან, ხელისუფლებასა და ერთმანეთთან ურთიერთობაშიც კი. თუ შევხედავთ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, მათ შორის ამ ევროინტეგრაციის საკითხის პრიზმაში, პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, არის დაქსაქსულობა. თითქოს ყველა ვლაპარაკობთ, რომ გვინდა ევროპაში, მაგრამ რეალურად საქმეს არავინ აკეთებს. ნაცვლად იმისა, სრული ერთობის დემონსტრირება მოვახდინოთ, ისევ კინკლაობენ თავად ოპოზიციაშიც. ისიც კი ვერ მოხერხდა, რომ სრულ ოპოზიციურ სპექტრს ერთობლივად მიემართა ევროკავშირისთვის”, - დასძენს ფხალაძე და შეკითხვაზე - “თუ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსზე უარი გვითხრა, ეს ხომ არ გამოიწვევს საზოგადოებაში დასავლური კურსის დევალვაციას, რასაც რუსული პროპაგანდაც შეუწყობს ხელს?” - პასუხობს:

“ესეც პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა. მათ არავითარ შემთხვევაში, ყველაზე ცუდ სცენარშიც კი არ უნდა დაუშვან ეს საფრთხე. ამიტომ ვამბობ, რომ უმნიშვნელოვანესია მოლოდინების სწორად მართვა და ურთიერთობა მოსახლეობასთან, და არა იმის ძახილი, საუკეთესონი ვართ და არ გვაფასებენო. აუცილებელია სწორი გზავნილებით ურთიერთობა საზოგადოებასთან. ეს პროცესი ფართო თვალსაწიერით უნდა დაინახონ და კარგად გააცნობიერონ. მინდა ვიყო ოპტიმისტი და იმედი ვიქონიო, რომ აუცილებლად მივიღებთ ევროკავშირის წევრის სტატუსს, მაგრამ, იმავდროულად, ყოველი რისკი უნდა გავთვალოთ”.

რატომ არ სურს დასავლეთს “დამცირებული რუსეთი” და ძლიერდება თუ არა ზეწოლა უკრაინაზე

“რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ დასავლეთის მხრიდან დაღლა სულ უფრო თვალში საცემი გახდა. ევროპული ქვეყნების ზოგიერთი ლიდერის მხრიდან გახშირდა განცხადებები, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა საჭიროა. უფრო მეტიც, ზოგიერთი ლიდერი უკრაინას გარკვეულ დათმობებზე წასვლას ურჩევს. დასავლეთში დაპირისპირება ნელ-ნელა ღვივდება და ეს თვალსაჩინო დავოსის ფორუმზეც გახდა. ორი დღის წინ კი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ “რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული”. რას ნიშნავს დასავლელი ლიდერების ასეთი მიდგომა? ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინაში ომის გაჭიანურება თავად დასავლეთსაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის, ამიტომ მათი მთავარი მიზანი ომის სწრაფად დასრულებაა და სწორედ ახლა მიდის მსჯელობა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ეს. ამასთან, ბევრი რამ უშუალოდ ბრძოლის ველზე შექმნილ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ახლა ყველა ელოდება, თუ რა მოხდება მას შემდეგ, რაც უკრაინა სრულფასოვნად მიიღებს ლენდ-ლიზის კანონით გათვალისწინებულ უახლეს ამერიკულ შეიარაღებას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ომის დასრულების ფორმულის ძიებაში - რატომ არ სურს დასავლეთს “დამცირებული რუსეთი” და ძლიერდება თუ არა ზეწოლა უკრაინაზე.

“თუკი უკრაინელებმა ამის შემდეგ ომში მნიშვნელოვანი გარდატეხა ვერ შეიტანეს და ფრონტზე მდგომარეობა უცვლელი დარჩა, დასავლეთის ზეწოლა ოფიციალურ კიევზე უფრო გაძლიერდება. უკრაინის ხელისუფლება კი ამ ეტაპზე კატეგორიულად გამორიცხავს სამშვიდობო შეთანხმებას ტერიტორიების დათმობის ხარჯზე. დასავლელი ლიდერები უკრაინას დათმობისკენ მოუწოდებენ. მაგალითად, იტალიის ხელისუფლებამ ომის დასრულების საკუთარი გეგმა გაერო-ში წარადგინა და ის ითვალისწინებს უკრაინისთვის მიუღებელი ზავის დადებას, უკრაინის სტატუსის შესახებ მოლაპარაკებასა და “ორმხრივ შეთანხმებას კიევსა და მოსკოვს შორის ყირიმისა და დონბასის შესახებ”. მსგავსი მოსაზრება გამოთქვა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა. განცხადების თანახმად, რუსეთის 24 თებერვლის შეჭრამდე არსებული სტატუს-კვოს დაბრუნება იდეალური იქნებოდა. კისინჯერი არ არის ამ მხრივ გამონაკლისი: რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების სასწრაფოდ მიღწევისკენ უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდეს ასევე იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ და 2007 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომიკაში და ჰარვარდის პროფესორმა ერიკ მასკინმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პუტინის “შეცდომის” მიუხედავად, რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული”, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა დაუშვა “ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა” უკრაინაში შეჭრით და ახლა “იზოლირებულია”, თუმცა, ამავდროულად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი არ იყოს დამცირებული, რათა დიპლომატიური გამოსავალი მოიძებნოს მას შემდეგ, რაც უკრაინაში ბრძოლა შეჩერდება. “ვფიქრობ, მან საკუთარი თავი იზოლაციაში მოაქცია, რომლისგანაც თავის დაღწევა ნამდვილად რთულია. დარწმუნებული ვარ, საფრანგეთი შეძლებს მედიატორის როლის შესრულებას”, - განაცხადა მაკრონმა. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ დასავლეთისგან უკრაინის ომთან დაკავშირებით გარკვეული სახის დაღლა გამოიკვეთა. ახლა ყველა ელოდება ამერიკული იარაღის უკრაინაში ჩასვლას და, ლენდ-ლიზის კანონით ამოქმედებული დახმარების მიწოდების შემდეგ, რა გარდატეხის შეტანას მოახრხებს უკრაინა ომის მსვლელობაში”, - დასძენს გამოცემა.

“თუკი უკრაინამ ამერიკული იარაღით მოახერხა და შეძლო გარკვეულწილად რუსეთის შევიწროება დონეცკი-ლუგანსკის მიმართულებით, ხომ კარგი, ხოლო თუ ვერ მოახერხა და სიტუაცია იგივე დარჩა, მაშინ დასავლეთი უკრაინას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას მოსთხოვს. ახლა ფრონტზე ისეთი სიტუაციაა, რომ ვერც რუსები გადადიან შეტევაზე და ვერც უკრაინელები. შესაბამისად, ფრონტის ხაზზე ცვლილების მოლოდნი მხოლოდ იარაღის უკრაინაში ჩასვლის შემდეგ არსებობს. თუ უკრაინა ამ იარაღს ვერ გამოიყენებს სათანადოდ, მაშინ დასავლეთში არსებული დაღლა უფრო მასობრივ სახეს მიიღებს. რუსეთი ახლა ემზადება არა თავდასხმისთვის, არამედ უფრო თავდაცვისთვის. პუტინს დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნება სჭირდება, ამიტომ ორივე მხარე ერთმანეთისგან თავდასხმას ელის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“პუტინი ახლა ფრონტის ხაზის პარალელურად ბრძოლას დიპლომატიურ ფრონტზე გადაიტანს. ისიც ელოდება, რომ დასავლეთში დაღლა გაძლიერდება, უკმაყოფილება გაიზრდება და უკრაინას იმ ზავის მიღებამდე მიიყვანს, რომელიც მას გამარჯვების გასაფორმებლად სჭირდება. დასავლეთს ამ ომის გააგრძელება დიდი ხნით არ სურს და მათი ნებისყოფაც და სხვა რესურსიც ამოწურვადია. პუტინმა კარგად იცის, ომი რაც უფრო გაიწელება, დასავლეთი უკრაინაზე ზეწოლას გააძლიერებს. დასავლეთი უკრაინას ეტყვის - როდემდე და სადამდე უნდა იომოთ? დასხედით მოლაპრაკების მოგიდასთან და რაღაცაზე შეთანხმდით. მოლაპარაკების მაგიდა იქნება ის, სადაც რუსეთია გაჩერებული - საუბარი იქნება, რომ ამ ტერიტორიებზე კონტროლის უფლება მიიღოს. პუტინის პროგრამა-მინიმუმი ლუგანსკისა და დონეცკის აღებაა, ხოლო მას პროგრამა-მაქსიმუმიც აქვს. ის ამ მაქსიმუმს მაშინ აამოქმედებს, როცა შეხედავს, რომ ამის შანსი არსებობს, ამას კი ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაცია და დასავლეთის პოზიცია უკარნახებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თუკი დასავლეთი დაიღლება და ამერიკული იარაღის გამოყენებასაც სათანადოდ ვერ შეძლებენ, მაშინ სჯობს სანამ რუსეთს დონეცკი აუღია, უკრაინამ გააფორმოს დაახლოებით ისეთი ხელშეკრულება, როგორიც საქართველომ 2008 წელს გააფორა, როცა მხარეები გაჩერდნენ და რუსეთმა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლი დაიწყო. სხვა გამოსავალი საქართველოს იმ დროს არ ჰქონდა. სამწუხაროდ, უკრაინასაც არ ექნება”, - თვლის ზაქარეიშვილი. კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი ფიქრობს, რომ დასავლეთს ომის კიდევ დიდხანს გაწელვა არ აწყობს, რადგანაც პრობლემები მათაც ექმნებათ - გაძვირებული ნავთბი და პროდუქტების დეფიციტი, რაც ფასების მატებასა და ეკონომიკურ პრობლემებს აჩენს. სწორედ ამიტომ დროის გასვლასთან ერთად მოსალოდნელია, რომ, მაკრონის მსგავსად, დასავლეთის სხვა ლიდერებმაც ომის დასრულების სხვადასხვა ფორმულა მოიფიქრონ”, - წერს სტატიის ავტორი.

“დასავლეთის მხრიდან იმაზე ფიქრი მიდის, თუ ეს ომი როგორ დასრულდეს. დაწყება ერთია, მაგრამ ხომ უნდა დამთავრდეს?! რაღაცაზე მხარეები უნდა შეთანხმდნენ. ამასთან დაკავშირებით დასავლეთში რამდენიმე მოსაზრება არსებობს, თუმცა აშშ-მა განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ უკრაინელებზე ზეწოლას, რათა ტერიტორიების დათმობის ხარჯზე მშვიდობა დადგეს, თუმცა იტალიის პრეზიდენტმა ომის დასრულების თავისი ვარიანტი წარადგინა. ეს მაინც უნდა განვიხოლოთ ისე, რომ დასავლეთი ომის დასრულების სხვადასხვა მოდელს სინჯავს, თუმცა, ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, ყველა ისევ მოლოდინის რეჟიმშია. მაინც ყველაფერი ბრძოლის ველზე წყდება. ბოლოდროინდელი ტაქტიკური გამარჯვებები, რომელიც რუსეთს აქვს, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. მაკრონიც სწორედ ამიტომ ალაპარაკდა. ჯერ არ ჩანს ის მოცემულება და მდგომარეობა, რომ უკრაინა დათმობებზე წავა”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას გიორგი კანაშვილი.

“ასეთი განცხადებები გაგრძელდება და დასავლეთი ომის დასრულების ფორმულის ძებნას განაგრძობს. ძალიან რთულია კონკრეტულად საუბარი იმაზე, როდის რა შეიძლება მოხდეს ან პუტინის ჩანაფიქი რა შეიძლება იყოს. ალბათ მანაც კარგად იცის, რომ დასავლეთში ეს განწყობები გაჩნდება და თავისთვის სასურველ მომენტს ელოდება. არაა გამორიცხული, ლუჰანსკისა და დონეცკის დაკავების შემდეგ თქვას, რომ მოლაპარაკება უნდა და თუკი უკრაინა ამას არ დათანხმდება, ეცდება, მსოფლიოს აჩვენოს, რომ მას მშვიდობა უნდა და უკრაინა ომის გაგრძელებას აპირებს. სამწუხაროდ, ეს ომი მაინც არ დასრულდება და როგორი შეთანხმებაც არ უნდა დაიდოს, მუდმივი დაპირისპირებები ყოველთვის იქნება“, - დასძენს კანაშვილი.

გიორგი გობრონიძე - “თუ სტატუსს მოგვანიჭებენ, დასავლეთი უფრო გაღიზიანებულ რუსეთს მიიღებს, თუ არ მოგვანიჭებენ, მაშინ მიიღებენ გადიდგულებულ რუსეთს”

“ჩვენ ნამდვილად არ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, რომელიც ყველანაირ ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს, ან საერთოდაც სჭირდება ამ სტანდარტის დაკმაყოფილება. თუმცა საერთაშორისო პოლიტიკას ახსოვს მაგალითები, როდესაც მსგავს გაერთიანებებში ქვეყნები პოლიტიკური გადაწყვეტილების მიხედვით მიიღეს და არა იმის გათვალისწინებით, აკმაყოფილებდნენ თუ არა სტანდარტებს. ჩვენ უკვე დიდი ხანია ნატოს სტანდარტებს იმაზე მეტად ვაკმაყოფილებთ, ვიდრე ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყანა, მაგრამ არა ვართ წევრი. ნუ გვექნება ილუზია, რომ რაღაც სტანდარტს დავაკმაყოფილებთ და ევროკავშირში ან ნატოში მიგვიღებენ. ღარიბაშვილმა ევროპელებს შეახსენა, რომ მხოლოდ მომხმარებელი ქვეყანა კი არა ვართ, ძალიან სერიოზული კონტრიბუცია გვაქვს ჩადებული ევროპის სტაბილურობაში და ეს ძალიან კარგია, სწორი გზავნილები გაუშვა”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ სტატუსს მოგვანიჭებენ, დასავლეთი უფრო გაღიზიანებულ რუსეთს მიიღებს, თუ არ მოგვანიჭებენ, მაშინ მიიღებენ გადიდგულებულ რუსეთს”.

“ძალიან მაინტერესებს, მთავრობას რისი რესურსი აქვს. არც ერთისგან არ მომისმენია კონცეპუტუალურ, კონკრეტულ საკითხებზე სიღრმისეული მსჯელობა და ანალიზი. როდესაც პოლიტიკურ სპექტრს საგარეო პოლიტიკის კუთხით კონსოლიდირებული პოზიცია არა აქვს, ყოველთვის ზიანდება სახელმწიფო. ძალიან არ მომწონს დღევანდელი მმართველი გუნდის ბევრი ქმედება, მაგრამ ასევე არ მომწონს ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის გზავნილი, ევროპელი პარტნიორებისთვის, - იქნებ პიროვნული სანქციები ჩვენთანაც დაგეწესებინათო. პიროვნული სანქციები შეიძლება დაუწესონ კიმ ჩენ ინს, სუდანის დიქტატორს. მუჰამედ ბინ სალმანიზე ტირანი არავინ გვყავს და მას არა აქვს სანქციები დაწესებული, კაცს, რომელმაც ჟურნალისტი მოკლა და მის ნაწილებს ჭაში ყრის. რატომ არ დაადეს სანქცია? იმიტომ, რომ პარტნიორობის ხარისხი განსაზღვრავს სანქციების მოცულობას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე და შეკითხვაზე - “რა სიგნალს მიიღებს რუსეთი, თუ ევროკავშირი ამ სამი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებაზე თავს შეიკავებს და როგორ შეიცვლება რეგიონში პოლიტიკური დღის წესრიგი?” - პასუხობს:

“რუსეთი გააგრძელებს იმას, რასაც ახლა აკეთებს უკრაინაში. რაც შეეხება რეგიონულ თუ გლობალურ პოლიტიკას, მოსკოვი უფრო გააღრმავებს დაძაბულობას დასავლეთთან. თუ კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ, დასავლეთი უფრო გაღიზიანებულ რუსეთს მიიღებს, თუ არ მოგვანიჭებენ, მაშინ გადიდგულებულ რუსეთს. მთავარი ის იქნება, ვის ხელში იქნება ინიციატივა, თუ ჩვენ სტატუსს მოგვცემენ - ინიციატივა იქნება ევროკავშირის ხელში და ეს ჩვენთვის კარგია. სტატუსის მიღება წევრობას არ ნიშნავს. შესაბამისად, რუსული საფრთხეებისგან დაცული ვერ ვიქნებით.

“ისიც შეიძლება სტატუსი უკრაინამ და საქართველომ მიიღონ და მოლდოვა დარჩეს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ევროკავშირი ახლა ფრთხილი ნაბიჯების გადადგმას მიიჩნევს მართებულად თუ რუსეთის განწყობების პირისპირ გადამწყვეტი სიტყვის თქმას. სიფრთხილის გამოჩენის შემთხვევაში შეიძლება საქართველოს მიანიჭონ სტატუსი, იმიტომ, რომ უკრაინაში ომია, მოლდოვაში კი რუსეთის მეთოთხმეტე არმია დგას. თუმცა არც ის არის გამორიცხული, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მას მისცენ სტატუსი. ძნელი გამოსაცნობია, როგორი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება”, - დასძენს რესპონდენტი.

ქართველებმა სევეროდონეცკში ბრძოლის ბედი შემოატრიალეს - რუსები უკან იხევენ

“უკრაინაში მიმდინარე ომის ყველაზე ყველზე ცხელ წერტილად კვლავ ქალაქი სევეროდონეცკი რჩება. ბოლო დღეებში რუსული ძალები წარმატებულ იერიშებს ახორციელებდნენ და შაბათის მონაცემებით, ქალაქის ძირითადი ნაწილი უკვე მათი კონტროლის ქვეშ იყო. თუმცა, კვირას დილით უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და დაიბრუნეს დაკარგული პოზიციები. თავად რუსული წყაროების მიხედვით, ასეთ წარმატებას უკრაინელებმა ბრძოლაში უცხოელი მებრძოლების, ძირითადად ქართველებისა და პოლონელების ჩართვის შედეგად მიაღწიეს, რომლებიც ქალაქ ლისიჩანსკიდან გადმოისროლეს სევეროდონეცკის დამცველთა დასახმარებლად”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ქართველებმა სევეროდონეცკში ბრძოლის ბედი შემოატრიალეს - რუსები უკან იხევენ.

“რუსული “ტელეგრამ” არხები ბრძოლაში ქართველების მონაწილეობის დამადასტურებელ ვიდეო ჩანაწერებსაც ავრცელებენ. ამ ცნობას “რეზონანსთან” საუბარში სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისიაც ადასტურებს. მისი ინფორმციით, უკრაინის სარდლობა უკვე ფიქრობდა ამ ტერიტორიების დათმობაზე, როდესაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვიტა ის სარეზერვო ძალები გადაესროლა ცხელ წერტილში, რომელიც ქართველი და პოლონელი მოხალისეებით იყო დაკომპლექტებული, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო. თუმცა ბრძოლები პოზიციის შესანარჩუნებლად ამჟამადაც გრძელდება. რუსული ძალები სევეროდონეცკში 30 მაისს, სასტიკი ბრძოლების შემდეგ შევიდნენ. შაბათს ისინი უკვე ქალაქის 70%-ს აკონტროლებდნენ, რის შემდეგაც მათი შეტევა ლისიჩანსკისკენ უნდა გაგრძელებულიყო და წარმატების შემთხვევაში ისინი ლუგანსკის ოლქის მთელს ტერიტორიაზე დაამყარებდნენ კონტროლს. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია და ქართველი მებრძოლების მნიშვნელოვან წარმატებაზე საუბრობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს ინფორმაცია რეალურია. რუსებს საკმაოდ სერიოზული ზიანი მიაყენეს ქართველმა და პოლონელმა მოხალისეებმა. მათ, ფაქტიურად, ნახევარი ქალაქი დაიბრუნეს, მაგრამ გრძელდება ძალიან მძიმე ბრძოლები. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობას არ ჰქონდა იმედი, რომ სევეროდონეცკს შეინარჩუნებდნენ და გაცემულიც იყო უკან დახევის ბრძანება. თუმცა, მოგვიანებით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიიღო გადაწყვეტილება და გადაისროლა სარეზერვო ძალები, სადაც ჩვენი ქართველი მოხალისეები იმყოფებიან. სწორად მათ შეძლეს კრიტიკული სიტუაციის შემობრუნება და მდგომარეობის გამოსწორება. დანარჩენს ვნახავთ, გვიჩვენებს მოვლენენათა განვითარება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” ივნისის ნომრის N2 (282) მიმოხილვა

ომი გრძელდება... უკრაინის სრულ გათავისუფლებამდე! / ჯავშანტექნიკა: გამოყენება, შეფასებები / საარტილერიო და სარაკეტო სისტემები რუსეთ-უკრაინის ომში / ომი ზღვაზე / მსოფლიო დიდ მოლოდინშია: შესაძლებელია თუ არა შეთქმულება პუტინის “სამეფო კარზე” / ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას “გეპარდები” და “მერცხლები” დაემატება / მართვადი საავიაციო-საზღვაო რაკეტული შეიარაღება / “ჯარის ქალაქი” მახათას მთაზე / ქართული ემიგრანტული სამხედრო ორგანიზაციის მიერ 1950-იან წლებში შექმნილი ჯილდოების პროექტები / “რუსული მშვიდობა” - უკრაინის ომის სისხლიანი ქრონიკა / ნადირობა ფიდელ კასტროზე / “ქართველი მეომარი რუსეთ-უკრაინის ომში / ქართველების ლაშქრობა გერმანული წყალქვეშა ნავით / “მატადორებით” რუსულ ტანკებზე ნადირობა /

“არსენალის” წინა, მარტის ნომერში ვწერდით იმ დიდ საფრთხეებზე, რაც 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრილ რუს აგრესორებს შეიძლება გაეჩინათ ამ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნისთვის. და, აი, სამი თვის შემდეგ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენი მაშინდელი პროგნოზი თითქმის გამართლდა - სამწუხაროდ, რუსმა აგრესორებმა შეძლეს უკრაინის აზოვის ზღვის სანაპირო ტერიტორიების მთლიანად დაპყრობა და კიდევ ერთი სახმელეთო დერეფნის გაჭრა (ყირიმის ხიდის გათვალისწინებით) რუსეთის ტერიტორიიდან ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულამდე. სამაგიეროდ, რუსეთმა ვერ მოახერხა უკრაინის დედაქალაქის, კიევის აღება, პირიქით, შეტევის ჩრდილოეთი მიმართულებიდან უკან დაიხია. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე ვერ შეძლეს დიდი საზღვაო დესანტის გადასხმა ოდესის რაიონში, ვერ აიღეს უკრაინის შავი ზღვის სანაპირო ზოლი და შესაბამისად, ვერც სახმელეთო დერეფანი გაჭრეს მოლდოვის სეპარატისტულ დნესტრისპირეთამდე”, - წერს ჟურნალი “არსენალი” (N2, ივნისი, 2022) სტატიაში, სათაურით ომი გრძელდება... უკრაინის სრულ გათავისუფლებამდე! / სამი თვე რუსულ სამხედრო აგრესიაში - უკრაინა დასავლეთის დახმარებით მომხდურს აკავებს და დიდ კონტრიერიშზე გადასასვლელად ემზადება.

“თუმცა რუსეთის საოკუპაციო არმიამ შეტევები გაახშირა აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში, სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასასვლელად. რუსეთ-უკრაინის ომში საბრძოლო მოქმედებების საერთო ფრონტის სიგრძე 700 კმ-ს აღემატება - იწყება ჩრდილოეთში, ხარკოვის მისადგომებიდან, და მთავრდება სამხრეთში, მიკოლაევამდე არმისული. დასავლეთის სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, სამხედრო ექსპერტები ამ ნახევარრკალური ფრონტის ხაზს პირობითად 7 მიმართულებად ყოფენ. პირველ, ხარკოვის მიმართულებაზე, სადაც ფრონტის ხაზის სიგრძე 100 კმ-მდეა, თავმოყრილია რუსეთის შეიარაღებული ძალების 5 საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი. მეორე, იზიუმის მიმართულება, ყველაზე საშიშად ითვლება უკრაინელებისთვის, რადგან სულ რაღაც 60 კმ-იან ფრონტზე რუსმა ოკუპანტებმა 22 საბატალიონო-ტაქტიკურ ჯგუფს მოუყარეს თავი და მათი შეტევები სამხრეთით ვითარდება. მესამე მიმართულება სევეროდონეცკისაა - უკრაინელებს 100 კმ-ზე 19 რუსული საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი უტევს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პოპასნის, რუსული შეტევების მეოთხე მიმართულებაზე, 20-მდე კმ-ის ფრონტზე, 7 რუსული საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ცდილობს წინ წაწევას. მეხუთე, დონეცკის ფრონტის სიგრძე 140 კმ-ს შეადგენს და იქიდან აღმოსავლეთისკენ შეტევას 20 რუსული საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფი ცდილობს, მაგრამ თითქმის უშედეგოდ, რადგან რვა წლის განმავლობაში უკრაინელებმა ამ მიმართულებაზე კაპიტალური თავდაცვითი ზღუდეები ააგეს და უკან ერთი ნაბიჯითაც არ იხევენ. შეტევის მეექვსე მიმართულება ზაპოროჟიეს ემუქრება და აქ ფრონტის სიგრძე 130 კმ-ს შეადგენს. 13 რუსული საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფი მზადაა სამხრეთიდან ჩრდილოეთით შეტევისთვის. ბოლო, მეშვიდე მიმართულება, ხერსონშია, სადაც ფრონტის ხაზის ყველაზე დიდი მონაკვეთია – 160 კმ, რომელზეც განლაგებულია მხოლოდ 7 რუსული საბატალინო-ტაქტიკური ჯგუფი, რაც არ კმარა დასავლეთით მიკოლაევზე და მით უმეტეს, ოდესაზე ფართომასშტაბიანი შეტევის წამოსაწყებად”... - განაგრძობს გამოცემა.

“2022 წლის 24 თებერვალი ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ევროპის ყველაზე დიდი ომის დაწყების თარიღად დარჩება. რუსეთის მრავალრიცხოვანმა არმიამ ტანკების, მსუბუქი ჯავშანტექნიკის, არტილერიისა და ავიაციის მხარდაჭერით უკრაინას ერთდროულად დასავლეთიდან (ჯარების აღმნიშნავი სიმბოლო Z), აღმოსავლეთიდან (სიმბოლო V) და სამხრეთიდან (სიმბოლო O) შეუტია. აგრესორის მრავალრიცხოვნობას ხაზი უნდა გაესვა რუსეთის სამხედრო უძლეველობისთვის, ხოლო უკრაინელებში შიში და დაბნეულობა დაეთესა. ნატოსთვის კი ერთგვარი გაფრთხილება იქნებოდა, ჩარევის შემთხვევაში, თუ ვისთან მოუწევდა ომი”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ჯავშანტექნიკა: გამოყენება, შეფასებები.

“რუსული არმია ძველ-ახალი პრობლემებით. ომისთვის ჩამოყალიბებული საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფები რუსეთის არმიის სახმელეთო ჯარების ელიტური მე-2 გვარდიული ტამანის მოტომსროლელი, მე-4 გვარდიული კანტემიროვის სატანკო, მე-7 გვარდიული ნოვოროსიისკის სადესანტო-მოიერიშე (სამთო), 76-ე გვარდიული ფსკოვის სადესანტო-მოიერიშე დივიზიებისა და სხვა შენაერთების ქვედანაყოფთა საფუძველზე იყო შექმნილი. საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფების სატანკო დანაყოფები დაკომპლექტებული იყო როგორც უახლესი (Т-80БВМ, Т-72Б3, Т-72Б3M, Т-90M), ასევე ძველი (Т-64БВ, Т-72А, Т-72АВ, Т-72Б, Т-80У, Т-80БВ და სხვ.) მოდელების ტანკებით. მზარდი სატანკო დანაკარგის შესამცირებლად საჭირო გახდა ჯავშანდაცვაში ტექნიკურ სიახლეთა გამოყენება, რაც საბრძოლო მანქანების მცირე ნაწილს შეეხო და ზოგჯერ საცდელ ხასიათს ატარებდა. სხვადასხვა სახის ნაღმზე ზემოქმედებისთვის ტანკებზე ТМТ-К-ს ტიპის ტრალი გამოჩნდა. შეიცვალა რუსული გამოგონება - კოშკურაზე დადგმული დამცავი ცხაურა, ვინაიდან ძველი კონსტრუქცია საზენიტო ტყვიამფრქვევს სროლაში ზღუდავდა და ეკიპაჟის ჩასხდომა-გადმოსვლასაც აფერხებდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აპრილის ბოლოს ხარკოვის ოლქში დაფიქსირდა Т-90М Прорыв-ის ტიპის ტანკი სტელსმოსასხამით, რომლითაც კოშკურა, ქვემეხი და კორპუსის ბორტები იყო დაფარული. მუხლუხებიანი მსუბუქი ჯავშანტექნიკიდან რუსული დანაყოფების განკარგულებაშია: ქვეითთა საბრძოლო მანქანები (მეტწილად БМП-1 და БМП-2, ნაკლებად БМП-2M, БМП-3, БМП-1АМ Басурманин-ი), მედესანტეთა საბრძოლო მანქანები (БМД-2, БМД-4М, БТР-Д), სხვადასხვა მოდიფიკაციის МТЛБ-ის ტიპის გამწეები. ბორბლებიანი ჯავშანტექნიკიდან რუსები ფართოდ იყენებენ ჯავშანტრანსპორტიორებსა (БТР-80, БТР-82А) და სხვადასხვა დანიშნულების ჯავშანავტომობილებს (Тайфун-К (6ხ6), Тайфун-К (4ხ4), Тайфун-У (6ხ6), Линза Mედევაც-ი, Тигр-ი, Тигр-M, Рысь-ი, Буран-ი და სხვ.). “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” საწყისს ეტაპზე რუსეთის არმია ბევრი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა”... - განაგრძობს გამოცემა.

“24 თებერვლიდან მოყოლებული პლანეტის უმთავრესი მოვლენა რუსეთის უკრაინაში შეჭრა და იქ მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომია. პრაქტიკულად, ყველა სახეობის საბრძოლო ტექნიკისა და მხარდამჭერი ელემენტის უკრაინის საზღვრებთან გადასროლა რუსეთმა ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. ომისთვის სამზადისში რუსეთის შეიარაღებული ძალების თითქმის ყველა სამხედრო ოლქი იყო ჩართული. ბრესტის, გომელის, ბრიანსკის, კურსკის, ბელგოროდის, ვორონეჟისა და როსტოვის ოლქებში ტექნიკა და ცოცხალი ძალა სარკინიგზო ეშელონებით შეიყვანეს. ღია სარკინიგზო პლატფორმებზე დაფიქსირებული ტექნიკის სახეობებსა და რაოდენობაზე დაკვირვებით აშკარა იყო, რომ მოსალოდნელ ომში რუსეთი არტილერიასა და ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექსებს მასობრივად გამოიყენებდა. ასეც მოხდა - ომის დაწყებიდან დღემდე ორივე დაპირისპირებული მხრიდან საარტილერიო სისტემები საცეცხლე ზემოქმედების ძირითადი საშუალებაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არტილერიის მასობრივად გამოყენება პირველად ხდება”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით საარტილერიო და სარაკეტო სისტემები რუსეთ-უკრაინის ომში.

“ომში დიდი რაოდენობითაა ჩართული რუსული საფრონტო და ბომბდამშენი ავიაციაც, თუმცა მისი რეალური საბრძოლო ეფექტურობა მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა. ამის ფონზე კიდევ ერთხელ დადასტურდა და გამყარდა გამონათქვამი, “არტილერია ომის ღმერთია”. რუსული არტილერია და სარაკეტო სისტემები ომში: ომის პირველ ფაზაში უკრაინის მიმართულებაზე თავმოყრილი რუსული ლულიანი და რეაქტიული არტილერიის სისტემების დიდი ნაწილი სტრუქტურულად საბატალიონო-ტაქტიკურ ჯგუფებზე (სტჯ) იყო მიმაგრებული და მათ საცეცხლე მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. სტჯ-ებზე მიმაგრებული საარტილერიო სისტემების სახეობები და ტიპები კონკრეტული მიმართულებების მიხედვით იყო დანაწილებული. უკრაინის საზღვრებთან გამორჩეულად დიდი რაოდენობით შეინიშნებოდა БМ-21 Град-ის სისტემების კონცენტრაცია, სხვადასხვა გათვლით, მათი საერთო რაოდენობა ომის დაწყებამდე 600 ერთეულამდე იყო. რუსული საარტილერიო სისტემების დიდი ნაწილი საბჭოთა პერიოდისაა და მათ ათეული წლებია იყენებენ. თუმცა იყო შედარებით თანამედროვე და მოდერნიზებული სისტემები, რომლებიც რეალურ ომში პირველად იქნა გამოყენებული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კონკრეტულად კი 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნი/ჰაუბიცა 2С34 Хоста, რომელიც რუსულ არმიაში თითზე ჩამოსათვლელია. 122 მმ-იანი Торнадо-Г-სა და 300 მმ-იანი Торнадо-ს ტიპის მოდერნიზებული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები. ჩვეულებრივი სტანდარტული საბჭოთა `გრადისგან~ განსხვავებით, Торнадо-Г აღჭურვილია ინერციული ნავიგაციისა და პოზიციონირების, ცეცხლის მართვის ციფრული სისტემებითა და ГЛОНАСС-ის გლობალური სანავიგაციო სისტემით, რითაც მისი ეფექტურობა დაახლოებით ორჯერაა გაზრდილი, Торнадо-С-ს ტიპის შორსმსროლელი რეაქტიული სისტემები კი პრაქტიკულად მოდერნიზებული `სმერჩებია~. მისი საშუალებით რუსები აქტიურად იყენებენ ახალი თაობის 9М542 ტიპის 120 კმ-ზე მფრენ ზუსტი დამიზნების კორექტირებად რაკეტებს. 9К58 Смерч-ის სისტემიდან კი, ძირითადად, სტანდარტული 70 კმ-მდე მფრენ 9М55 სერიის, აგრეთვე ახალი 9М528 და 9М534 ტიპის 90 კმ-მდე მფრენ რაკეტებს ისვრიან. ამ რაკეტების კასეტური კონფიგურაციებით ომის პირველივე დღეებიდანვე, უკრაინული სამხედრო ნაწილების გარდა, აქტიურად იბომბებოდა ხერსონი, მიკოლაევი, ხარკოვი, ზაპოროჟიე, კიევი და სხვა დიდი ქალაქების დასახლებული რაიონები”... - განაგრძობს გამოცემა.

“უკრაინასთან ომის მზადებისას რუსეთის შავი ზღვის ფლოტი სწავლებებზე ინტენსიურად ამუშავებდა და სრულყოფდა შემდეგ ამოცანებს: ძალის დემონსტრირება, საზღვაო დესანტის გადასხმა და საცეცხლე მხარდაჭერა, სარაკეტო დარტყმები სახმელეთო ობიექტებზე, პორტების ბლოკირება და სხვ. ზღვაზე და ჰაერში უკრაინასთან შედარებით დიდი უპირატესობით რუსეთი მიზნის მიღწევას სწრაფად და უმნიშვნელო დანაკარგის ფასად აპირებდა. 24 თებერვალს კუნძულ ზმეინის შავი ზღვის ფლოტის საფლაგმანო ხომალდი, სარაკეტო კრეისერი "მოსკვა" (პროექტი 1164) კორვეტ "ვასილი ბიკოვის" (პ. 22160) თანხლებით მიუახლოვდა და უკრაინელ მესაზღვრეებს იარაღის დაყრა მოსთხოვა. უარის შემდეგ, უკრაინული ინფორმაციით, კრეისერი კუნძულის უკაცრიელი ნაწილის საცეცხლე დამუშავებაზე გადავიდა და 25 თებერვლის დღის მეორე ნახევარში 82 უკრაინელი მესაზღვრე ტყვედ ჩაჰბარდა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ომი ზღვაზე.

“26 თებერვალს მოსკოვიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტყვეთა ევაკუაციის დროს უკრაინის ფლოტის 16-მა კატარღამ "მოსკვას" შეუტია მესაზღვრეების დასასჯელად, რათა ამაში შემდგომ რუსები დაედანაშაულებინა. “საზღვაო ბრძოლაში” რუსებმა 6 კატარღა ჩაძირეს და მეტი სიმძაფრისთვის უკრაინელთა შეტევის კოორდინაციაში ამერიკული დრონები RQ-4 Global Hawk-ი და MQ-9А Reaper-ი “გამოავლინეს”. ზღვაზე ომის ეს ეპიზოდი იმეორებს რუსების მიერ მოგონილ ბრძოლას ფოთთან 2008 წლის 10 აგვისტოს, როცა ქართულმა კატარღებმა რუსულ კორვეტ “მირაჟს” შეუტიეს... რუსებმა სევასტოპოლში მნიშვნელოვან სადესანტო ძალებს მოუყარეს თავი. ბალტიის ზღვისა და ჩრდილოეთის ფლოტებიდან შავ ზღვაში შემოვიდა 6 დიდი სადესანტო ხომალდი (4 – პ.775, 2 – პ.11711) და ამის შედეგად შავი ზღვის ფლოტის სადესანტო შესაძლებლობებმა 4 500 მედესანტემდე მოიმატა, ხოლო ხომალდებს კიდევ 170-მდე ტანკის ან 255 ჯავშანტრანსპორტიორის ან რამდენიმე ასეული სატვირთო ავტომობილის მიღება შეეძლოთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დესანტირებისთვის შავი ზღვის ფლოტის 810-ე ცალკეულ საზღვაო ქვეითთა და 126-ე სანაპირო დაცვის ბრიგადებს დაემატა წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე, ბალტიის ფლოტის 336-ე და ჩრდილოეთის ფლოტის 61-ე ცალკეული საზღვაო ქვეითთა ბრიგადებისა და კასპიის ზღვის ფლოტილიის 177-ე საზღვაო ქვეითთა პოლკის საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფები. უკრაინელების მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, დიდ სადესანტო ხომალდ “ორსკიდან” 810-ე ბრიგადის დანაყოფები ზაპოროჟიეს ოლქში აზოვისპირა სოფელ სტეპანოვკა-1-ს დაიკავებდნენ და 58-ე არმიის ნაწილებთან ერთად მელიტოპოლს აიღებდნენ. ოპერაციის დაწყება 20 თებერვალს და დასრულება 6 მარტისთვის იყო დაგეგმილი, მთავარი კი ოდესასთან დესანტირება იყო, მაგრამ უკრაინელებმა დროულად მოასწრეს სანაპიროს მომზადება დესანტსაწინააღმდეგო საშუალებებით. ამინდიც ხელსაყრელი არ იყო და თან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოსალოდნელი დანაკარგის შიშით რუსი საზღვაო ქვეითები დესანტირებაზე უარს ამბობდნენ. ამასობაში სახმელეთო ბრძოლებში საზღვაო ქვეითებმა დიდი ზარალი განიცადეს, ხოლო მარიუპოლთან 810-ე ბრიგადის მეთაური მოკლეს. დესანტირების ალბათობა ახლა მნიშვნელოვნად შემცირებულია, თუმცა საფრთხე ისევ არის”... - განაგრძობს გამოცემა.

“უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ და ათასობით მშვიდობიანი უკრაინელის დახოცვამ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იმდენად აღაშფოთა, რომ მათ დიპლომატიური ეტიკეტიც დაივიწყეს: აშშ-ის პრეზიდენტი პუტინს უკვე მოურიდებლად უწოდებს “სამხედრო დამნაშავეს”, “ყასაბსა” და ირიბად მის გადადგომასაც ითხოვს. ბაიდენს არც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ჩამორჩება. სტალინის პერიოდშიც არ იყო იზოლირებული საბჭოთა კავშირი ისე, როგორც დღეს რუსეთია. ამ ვითარებაში ისედაც ეჭვიანი პუტინი ათასჯერ მეტად ფრთხილობს. ვის ენდობა დღეს ყველაზე მეტად ის? ჩვენი აზრით, ასეთი სულ რამდენიმე პირია, მათ შორის კი უმთავრესი ფიგურა ყოველთვის “ჩრდილში” მყოფი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევია. ხშირად გვჩვევია სასურველის რეალობად წარმოდგენა. ახლაც ასეა: შინაური თუ “გარეული” ექსპერტები რუსეთის პრეზიდენტს დღეებს უთვლიან და ხან სახელმწიფო გადატრიალებაზე ოცნებობენ, ხან კი ვინმე ასასინის მადლიან ხელზე. თუმცა არც ასე მარტივადაა საქმე. რამდენად რეალურია რუსეთში სახელმწიფო გადატრიალება, პუტინის რეჟიმის დამარცხება ან პუტინის ლიკვიდაცია?” - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით მსოფლიო დიდ მოლოდინშია: შესაძლებელია თუ არა შეთქმულება პუტინის “სამეფო კარზე”.

“კაცობრიობის ისტორიაში სახელმწიფო გადატრიალება ისეთივე უძველესი მოვლენაა, როგორიც სახელმწიფოს ფორმირება. პირველი სახელმწიფო გადატრიალება, ალბათ, მისი შექმნის მეორე დღესვე მოხდა. დღეისთვის სახელმწიფო გადატრიალების უამრავი მოდელი არსებობს: ცენტრალური და სამხრეთამერიკული, აფრიკული, აზიური, არაბული, სამხრეთევროპული და ა.შ. ასე რომ, ვინც ამ საქმითაა დაკავებული, ფართო არჩევანი აქვს. ქართველებმა თავმომწონედ შეიძლება განვაცხადოთ, რომ სახელმწიფო გადატრიალების თეორია და პრაქტიკა ჩვენც გავამდიდრეთ ორი რეალური და მრავალი ფიქციური “გადატრიალებითა” და “გადატრიალების მცდელობით”. არ დაგვავიწყდეს: ყველა “ერთმორწმუნე” რუსეთის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს და შეასრულეს. სახელმწიფო გადატრიალების “თეორიებს” თუ გავაანალიზებთ, სულ მცირე, ხუთი კომპონენტი მაინც უნდა არსებობდეს, რომ შეთქმულებმა ხელისუფლება დაამხონ. უპირველესად აუცილებელია მოსახლეობის ფართო მასების მხარდაჭერა; მძლავრი კონტროლი მასმედიაზე (მინიმუმ ერთი პოპულარული ოპოზიციური ტელეარხი და ორი დიდტირაჟიანი გაზეთი მაინც); ასეულმილიონიანი ფინანსური რესურსი; ქარიზმული ოპოზიციური ლიდერი, რომელმაც სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ დანიშნულ არჩევნებში დამაჯერებლად უნდა გაიმარჯვოს და რაც ყველაზე მთავარია, ხელისუფლების მოქმედებებით უკმაყოფილო არმიისა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელების აშკარა ან ფარული მხარდაჭერა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორ ფიქრობთ, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან ამჟამად რუსეთში რომელიმე არის მომწიფებული? პირველი ოთხი კომპონენტი აშკარად არ არსებობს: პუტინმა ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთში ოპოზიციურად მოაზროვნე პოლიტიკოსი ცოცხალი არ დარჩენილიყო; მასმედიას უკვე დიდი ხანია პუტინი აკონტროლებს, რუსეთის მოსახლეობა კი პუტინის იმპერიული ზრახვებითა და დაპირებებითაა გონებადაბინდული. მრავალსაუკუნოვანი პროპაგანდისტული მუშაობის შედეგად მესიანური ფანტაზიები რუსეთის საზოგადოების უკვე ყველა ფენაშია ღრმად გამჯდარი. ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება ის, ინტელიგენციის თუ მუშა-მუჟიკი, ყველა თვლის, რომ ახალი ტერიტორიების დაპყრობით (მათი აზრით, “ნებაყოფლობითი შემოერთებით”) “მისიონერულ გმირობას” სჩადიან. მათ მყარად სწამთ, რომ ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინეს და “კულტურა შეიტანეს” აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ხალხებში, შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის ერებში. ამგვარი მიდგომის მთელი ცინიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ერებს, როგორც წესი, გაცილებით დიდი კულტურული, რელიგიური და სახელმწიფოებრივი ისტორია ჰქონდათ, ვიდრე შედარებით ახალგაზრდა რუს ერს. შემდეგ პუტინი უფრო შორს წავიდა და ყველა ეთნიკურად რუსის, რუსული ენისა და კულტურის “დაცვა” გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობდნენ ისინი და ირღვეოდა თუ არა მათი უფლებები”... - განაგრძობს გამოცემა.

“მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები აქტიურად ეხმარებიან უკრაინას იარაღითა და სამხედრო აღჭურვილობით. კერძოდ, ტანკებით, ჯავშანმანქანებით, არტილერიით, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებით, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, საბრძოლო მასალებითა და სხვ. ცოტა ხნის წინ დახმარების პაკეტს დაემატა სხვადასხვა ტიპის საზენიტო სისტემა. მართალია, არც ისე დიდი რაოდენობით და არც მოქმედების რადიუსია შესაშური, მაგრამ დაბალ სიმაღლეებზე რუსულ საფრენ აპარატებთან, განსაკუთრებით, დამრტყმელ შვეულმფრენებთან, ბრძოლაში შედეგიანი იქნება. აპრილის მეორე ნახევარში ბერლინმა პოლიტიკა რადიკალურად შეცვალა, კიევისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებას მწვანე შუქი აუნთო და საკუთარი მარაგებიდან უკრაინას Gepard-ის ტიპის თვითმავალ საზენიტო დანადგარებს გადასცემს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას “გეპარდები” და “მერცხლები” დაემატება.

“Leopard 1-ის სავალი ნაწილის ბაზაზე შექმნილი “გეპარდი” ბუნდესვერის შეიარაღებაში 1976 წელს შევიდა. Gepard-ის ორი რადიოლოკაციური სადგურიდან ერთი საჰაერო მიზნის აღმოჩენას მოდერნიზაციის შემდეგ 18 კმ-ზე პოულობს, მეორე კი სექტორული ხედვისაა და აღმოჩენილი საჰაერო ობიექტების გაცილებას, მასზე შეიარაღების გამიზვნას უზრუნველყოფს. აღმოჩენილ და “ჩაჭერილ” მიზანს ორი 35 მმ-იანი საზენიტო ქვემეხი წუთში 550 გასროლით ანადგურებს. თითოეული ქვემეხის საბრძოლო კომპლექტი 320 მსხვრევად-ფუგასური, ჯავშანგამტან-ქვეკალიბრული და ქვეკალიბრული ჭურვისგან შედგება. დამატებით 20 გასროლა შეჯავშნულ სახმელეთო მიზნებთან ბრძოლაზეა გათვლილი. “გეპარდს” სროლის შედარებით დაბალი ტემპი აქვს, მაგრამ უკეთესია ცეცხლის სიზუსტითა და დიდი კალიბრის ჭურვების სიძლიერით. ბუნდესვერმა "გეპარდები~ რეზერვში 2010-2012 წლებში გაუშვა, ვინაიდან საჯარისო ქვედანაყოფების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაში არჩევანი რაკეტებზე გაკეთდა. მოგვიანებით დაკონსერვებული მარაგიდან 36 "გეპარდი" ბრაზილიამ იყიდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით უკრაინას დიდი ბრიტანეთიც აძლიერებს. Startreak-ი ახლო მოქმედების საზენიტო კომპლექსია, რომელიც შეიარაღებაში 1997 წელს მიიღეს. არსებობს კომპლექსის სამი მთავარი მოდიფიკაცია: ხელით გადასატანი (SL), მრავალმუხტიანი მსუბუქი დანადგარი (LML) და თვითმავალი შეჯავშნულ შასიზე (SP). LML-ზე, წრიულად მბრუნავ გადასატან დანადგარზე, რაკეტების სამი გამშვები კონტეინერი, კვების წყარო და დამიზნება-გამიზვნის საშუალებებია დამაგრებული. დანადგარის საერთო წონა 100 კგ-მდეა. თვითმავალ ვერსიაში კომპლექსი 8 რაკეტით შტორმერ-ის ტიპის მსუბუქ შეჯავშნულ მუხლუხა პლატფორმაზე ბაზირებს. 13-ტონიან დანადგარს 3-კაციანი გათვლა ემსახურება. რაკეტის განსაკუთრებული კომპონენტი მისი საბრძოლო ნაწილია, რომელიც ვოლფრამის შენადნობისგან დამზადებული სამი ისრისებრი “შუბისგან” და მათი განცალკევების სისტემისგან შედგება. რაკეტის კორპუსიდან მოცილების შემდგომ “შუბები” დამიზნების ლაზერის მთავარი სხივის გარშემო სამკუთხედის მწყობრით ეწყობიან და მაღალი სიჩქარის ხარჯზე მიზანს კინეტიკური ენერგიის შედეგად ხვრეტენ. მაქსიმალური ზიანის მისაღწევად თითოეული რაკეტა 450 გ ფეთქებად ნივთიერებას შეიცავს”... - განაგრძობს გამოცემა.

““ომის დაწყების პირველივე დღიდან რუსეთის სამხედრო ავიაცია მართვად შეიარაღებას ინტენსიურად იყენებს. სირიის კამპანიისგან განსხვავებით, სადაც უმეტესად თანამგზავრულ და ტელედამიზნების მართვად ბომბებს ყრიდნენ, უკრაინაში ლომის წილი “ჰაერი-მიწა” კლასის რაკეტებზე მოდის. კრემლმა ომის პირველივე დღეებში გამოიყენა რაკეტა ანტირადიოლოკაციური რაკეტა Х-31ПД. რუსული ავიაცია უკრაინა-რუსეთის საზღვრის ახლოს განთავსებულ საზენიტო კომპლექსებისა და რადიოლოკაციური სადგურების გასანადგურებლად Х-31П-ს, უფრო სწორად, მის მოდერნიზებულ ვარიანტ Х-31ПД-ს ხშირად იყენებდა. თავის დროზე რაკეტა გაზრდილი რადიუსის მქონე ამერიკული საზენიტო კომპლექსების – Improved Hawk-ისა და Patriot-ის წინააღმდეგ შეიქმნა. ჩანაფიქრით, მფრინავს ამ საზენიტო საშუალებათა სამოქმედო არეალში შეუსვლელად რომ ემოქმედა, რაკეტას მინიმუმ 55-60 კმ-ზე უნდა ეფრინა. პერსპექტიული რაკეტები Су-17М4, МиГ-27М და Су-24М ტიპის თვითმფრინავებისთვის იყო განკუთვნილი”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით მართვადი საავიაციო-საზღვაო რაკეტული შეიარაღება.

“დროისა და ფინანსების დასაზოგად რაკეტის ანტირადიოლოკაციური ვერსია ხომალდსაწინააღმდეგო Х-31А-ს პარალელურად და, ფაქტობრივად, მის ბაზაზე იქმნებოდა. ორივე ვარიანტი მაქსიმალურად უნიფიცირებული იყო და განსხვავებული მხოლოდ დამიზნების თავაკები ჰქონდა. სწორჭავლური აირრეაქტიული ძრავით Х-31П-ს ფრენის მანძილი 110 კმ-ია, 2012 წელს შეიარაღებაში მიღებული Х-31ПД-სთვის კი ამ მახასიათებელმა 250 კმ-ს მიაღწია, რაც რაკეტის სიგრძის 4.7 მ-დან 5.3 მ-მდე მომატებითა და შესაბამისად, საწვავის რაოდენობის გაზრდის ხარჯზე გახდა შესაძლებელი. Х-31ПД-ს გამოყენება ორ რეჟიმში შეიძლება. ერთი რეჟიმით რაკეტის პასიური რადიოლოკაციური თავაკი (Л-112Э) მიზანს ჰაერში თვითმფრინავის პილონიდან ეძებს როგორც დამოუკიდებლად, ასევე თვითმფრინავის საბორტო სისტემებით, მეორე რეჟიმით კი მფრინავი მიზნის სავარაუდო მდებარეობისკენ უშვებს რაკეტას, რომლის გააქტიურებული თავაკი გასანადგურებელ ობიექტს თავად ეძებს. გამოყენების რეჟიმს ეკიპაჟი ფრენის სიმაღლისა და მიზნამდე მანძილის გათვალისწინებით ირჩევს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა Х-35У - ომში, სადაც უკრაინის სამხედრო ფლოტმა პრაქტიკულად საბრძოლო მოქმედების დაწყებისთანავე არსებობა შეწყვიტა, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გამოყენება, ცოტა არ იყოს, უჩვეულოა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსები ასეთ რაკეტებს სტაციონარულ სახმელეთო მიზნებს ესვრიან. Х-35 უნივერსალური ტიპის რაკეტაა, რომელსაც აქვს საავიაციო, სახომალდო (კომპლექსი Уран-ი) და მობილური სახმელეთო (კომპლექსი Бал-ი) ვარიანტები. სხვათა შორის, უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა Нептун-ი, რომელმაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი კრეისერი "მოსკვა" ჩაძირა, სწორედ Х-35-ის ბაზაზე შეიქმნა. საბჭოთა კავშირის დროს რაკეტის სერიულ წარმოებას ხარკოვის საავიაციო ქარხანაში აპირებდნენ. სსრკ-ში Х-35-ზე მუშაობა გასული საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს დაიწყო და პირველი საცდელი ფრენა 1983 წელს შესრულდა, მაგრამ ტექნიკური ხარვეზების გამო შეიარაღებაში მიღება გაჭიანურდა. 90-იანი წლების ეკონომიკური კრიზისის გამო რუსეთში რაკეტისთვის არავის ეცალა. ფაქტობრივად, პროექტი გადაარჩინა ინდოეთის ფლოტმა, რომელმაც 1994 წელს 222 რაკეტა შეიძინა, რუსებმა კი Х-35 შეიარაღებაში მხოლოდ 2003 წელს მიიღეს”... - განაგრძობს გამოცემა.

““12 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად მახათას მთაზე “Army City - ჯარის ქალაქის” მშენებლობა დაათვალიერა. პრემიერმა ქართველი სამხედროებისთვის მიმდინარე პროექტის შეფასებისას აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკაა ჯარს ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს და მასზე ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება. “ჯარის ქალაქის” აშენება 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის მიხედვით, მახათას მთაზე 7-სართულიანი 39 კორპუსი აშენდება 1 092 ბინით. სამხედროები საცხოვრებლის შეძენას შეღავათიანი პირობებით შეძლებენ და ფინანსური ვალდებულებები მაქსიმალურად შეუმსუბუქდებათ. კერძოდ, იმოქმედებს 50-პროცენტიანი თანამონაწილეობის პრინციპი – მოწვეული სამშენებლო კომპანიის ნაცვლად, მშენებლობას თავდაცვის უწყებას დაქვემდებარებული სამშენებლო კომპანია აწარმოებს, რითაც თვითღირებულება მნიშვნელოვნად შემცირებულია, ხოლო სამხედროები შეძლებენ არა საბანკო სესხით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით “ჯარის ქალაქი” მახათას მთაზე.

“ბინის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 200 დოლარია და სამხედრო მოსამსახურეებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. უპრეცედენტო შეთავაზებას სამხედრო მოსამსახურეები დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ. პროექტი შემდეგშიც გაგრძელდება და თავდაცვის კოდექსში შევა ცვლილებები, რომელთა შედეგად მაიორი და ზევით ოფიცერთა შემადგენლობა, მასტერ-სერჟანტი და ზევით სერჟანტთა კატეგორია ბინას მიიღებენ, რაც უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა სამხედროების დაფასებისა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის. “კოვიდპანდემიის რთული პერიოდის მიუხედავად, რომელიც ჯერაც არ დასრულებულა, "ჯარის ქალაქის" მშენებლობა კარგი ტემპით მიმდინარეობს. ვფიქრობ, მიმდინარე წლის ბოლოსთვის როგორც მშენებლობა, მიმდებარე ტერიტორია, ეზოები და პარკინგებიც დასრულდება. სულ 39 კორპუსი შენდება, თითოეული შვიდსართულიანია, ყოველ სართულზე ოთხი ბინაა და სულ 1 092 ოჯახისთვისაა განკუთვნილი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლოჯისტიკის სარდლის მოადგილე გია მადურაშვილი და შეკითხვაზე - “სამხედროთა ოჯახებზე ბინები სულადობის მიხედვით როგორ განაწილდება?” - პასუხობს:

“ოჯახები, რომელთაც შვილი არა ჰყავთ ან ერთშვილიანი არიან, მიიღებენ 50 კვადრატულ მეტრს, ორშვილიანი – 80-ს, ხოლო სამ და მეტშვილიანი – 110 კვადრატულ მეტრს. ბინები უპროცენტო განვადებით გაიცემა და ღირებულებას ხელფასიდან გადაიხდიან. დანარჩენს სახელმწიფო დაფარავს. ბინათმფლობელებს თანხის 58 თვის, ანუ დაახლოებით 6 წლის განმავლობაში დაფარვა მოუწევთ”...

“1950-იანი წლების შუახანებში ემიგრაციაში მყოფმა ქართველებმა დასავლეთ გერმანიის ქალაქ მიუნხენში ჩამოაყალიბეს ორგანიზაცია “ქართველ მხედართა დარაზმულობა უცხოეთში”, რის თაობაზეც ვრცლად ვწერდით ჟურნალ "არსენალის" წინა ნომერში (იხ. 2022, N 1). ორგანიზაციას “ქართველ მხედართა დარაზმულობა უცხოეთში” სათავეში ჩაუდგა ვერმახტის ყოფილი გენერალი შალვა ნიკოლოზის ძე მაღლაკელიძე (1894-1976), რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის ხანაში თბილისის გენერალ-გუბერნატორად მსახურობდა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ქართული ემიგრანტული სამხედრო ორგანიზაციის მიერ 1950-იან წლებში შექმნილი ჯილდოების პროექტები.

“ამ ორგანიზაციის საქმეთა მმართველი გახლდათ ვერმახტის ყოფილი ოფიცერი გაიოზ შალვას ძე მაღლაკელიძე (1919-1989), რომელსაც დედა ბალტიელი გერმანელი ჰყავდა. მანვე შეადგინა ამ ორგანიზაციის ემბლემა და ქართული სამხედრო ჯილდოების პროექტები. მათ შორის იყო: დავით აღმაშენებლის ორდენი, წმ. გიორგისა და ქართული ლეგიონის მედლები. ვინაიდან 1954 წლის ზაფხულში სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცრებმა დასავლეთ ბერლინში ჩასული შალვა მაღლაკელიძე მოიტაცეს და სსრ კავშირში გადაიყვანეს, ამ ესკიზების რეალურ სამხედრო ჯილდოებად ქცევა ვერ მოხერხდა. ამის მიუხედავად, აღნიშნული პროექტები ვიზუალურად ფრიად საინტერესოა და ქართული ფალერისტიკის, ანუ ჯილდოთმცოდნეობის ისტორიის უაღრესად მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ორ თვეზე მეტია მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს რუსული არმიის სისხლიან აგრესიას უკრაინაში: ხელებშეკრული და დახვრეტილი ქალები, ბავშვები, მოხუცები, ძალადობა არასრულწლოვნებზე, დახოცილი ტყვეები, მშვიდობიანი ადამიანების ცხედრები ქუჩებში, პურის რიგში მდგარი დახვრეტილები, ველოსიპედით, მსუბუქი ავტომანქანით სამშვიდობოს გასვლის ცდისას ჩაცხრილული ხალხი, ხშირად მთელი ოჯახი – ეს არ არის იმ დანაშაულების სრული ჩამონათვალი, რომელსაც რუსეთის არმიის დანაყოფები უკრაინის ქალაქებში სჩადიან. საერთაშორისო საზოგადოებრიობა, უპირველესად კი უკრაინელი ხალხი იმედს არ კარგავენ, რომ სამხედრო დანაშაულებზე მტკიცებულებებს მოაგროვებენ და დამნაშავეები აუცილებლად გასამართლდებიან. თუმცა მანამდე ირპენში, ბუჩაში, ბერდიანსკსა და კიევის ახლო ქალაქებში რუსეთის არმიის წარმოუდგენელი სისასტიკის კვალს ჯერაც თვლიან და აღნუსხავენ ცხედრებს საერთო საფლავებში”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით “რუსული მშვიდობა” - უკრაინის ომის სისხლიანი ქრონიკა.

“უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის ცნობით, მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვაში თანამონაწილეებად კადიროველები სახელდებიან. ასევე გამოქვეყნდა რუსეთის არმიის იმ ნაწილების ნომრები, რომლებიც ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში იმყოფებოდნენ და შესაძლოა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ ომის დანაშაულში მონაწილეობდნენ. ამასთან, ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტო ღეუტერს-მა დაიწყო მასშტაბური გამოძიება ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებზე, რომელიც იმ პერიოდში მოხდა, როდესაც ქალაქი რუს სამხედროებს ჰქონდათ დაკავებული. სამხედრო ჟურნალისტ ალექსანდრა ბრაგინეცის თქმით, ბრიტანული გამოცემა უკრაინელებისგან მიღებული ინფორმაციისა და მოპოვებული დოკუმენტების თანახმად იუწყება, რომ კიევის ოლქში სამხედრო დანაშაულებში “როსგვარდიის” სპეცდანაყოფ Витязь-ის, ფსკოვის 76-ე საპარაშუტო-სადესანტო დივიზიისა და ჩეჩნეთიდან შეყვანილი სამხედრო ნაწილების მოსამსახურეთა მონაწილეობა იკვეთება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“იაბლუნკის ქუჩაზე, სადაც რუსი სამხედროების შტაბი იყო, ნაპოვნია რვა ცხედარი, რომელთა იდენტიფიკაციის შემდეგ ჩვენმა სამხედროებმა იპოვეს რუსი სამხედრო კონსტანტინ კორშუნოვის საბუთები, რომელიც, ღეუტერს-ის ჟურნალისტთა ცნობით, სწორედ, “როსგვარდიის” Витязь-ში მსახურობდა. ბუჩაში ერთ-ერთ სახლში ნაპოვნია ალექსანდრ ლიგვინენკოს წერილი, რომელიც ფსკოველი მედესანტე იყო, მეზობელ სახლში კი, სადაც ასევე რუსი სამხედროები იყვნენ შეჭრილი, კედელზე დარჩენილია მათი წარწერები, სადაც მითითებული აქვთ, თუ რომელ სამხედრო ნაწილში მსახურობდნენ. რაც შეეხება ჩეჩნებს, მათ ბუჩაში ჩადენილი დანაშაულების ვიდეოები თავად ატვირთეს სოციალურ ქსელში. ჩვენი ინფორმაციით, ბუჩაში, სულ ცოტა, სამი დანაყოფი მაინც მოქმედებდა, რომელთაც რამზან კადიროვთან მუდმივი კავშირი ჰქონდათ. ბრიტანული გამოცემის გამოქვეყნებულ სიაში ნახსენებია “როსგვარდიის” კადიროვის სახელობის 141-ე სპეციალური მოტორიზებული პოლკი”... - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრა ბრაგინეცი.

“კუბის ლიდერ რევოლუციონერ ფიდელ კასტროზე სხვადასხვა დროს ასეულობით თავდასხმა და თავდასხმის მცდელობა იყო. ამერიკის სპეცსამსახურები ცდილობდნენ მოეწამლათ, აეფეთქებინათ ან სნაიპერის ტყვიით მოეკლათ, მაგრამ ერთგული პირადი მცველები ყოველთვის ახერხებდნენ კომანდანტეს გადარჩენას. კასტრო დიდ პატივს სცემდა თავის მცველებს, მაგრამ თუკი რომელიმე მათგანი არ ეთანხმებოდა, ან სურდა სამსახურის შეცვლა, დაუფიქრებლად გზავნიდა ციხეში. პირადი მცველები ფიდელ კასტროს პირველად 1956 წელს მიუჩინეს, მაშინ სიერა-მაესტრას მთებში განრიდებული კომანდანტეს დაცვაზე თანამზრახველ პარტიზანთა მცირერიცხოვანი რაზმი ზრუნავდა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ნადირობა ფიდელ კასტროზე.

“პრეზიდენტ ფულხენსიო ბატისტას ჩამოგდებისა და კასტროს ჰავანაში დაბრუნების შემდგომ კი ლიდერის დაცვა თავად სახალხო-სოციალისტური პარტიის წევრებმა და სოციალისტური ორგანიზაციის ახალგაზრდებმა ითავეს. კომანდანტეს პირადი დაცვის პირველი უფროსი ხოსე აბრანტესი იყო. კასტროს პირადი დაცვის შემადგენლობაში შედიოდნენ საუკეთესოთა შორის საუკეთესონი, მაგალითად, ხუან რონალდო სანჩესი, რომელიც კარატეს, ტაიკვანდოსა და ძიუდოს შავი ქამრის მფლობელი იყო. კუბის ლიდერის პირადი დაცვის წევრებს სპეციალურ სკოლაში ამზადებდნენ და სკოლის დამთავრების შემდგომ ყოფილ კურსანტებს სახელმწიფო უშიშროების ოფიცრების წოდებას აძლევდნენ. სკოლის კურსანტთა მომზადებაში შედიოდა ხელჩართული ბრძოლის ტექნიკისა და უცხო ენების შესწავლა, სხვადასხვა იარაღით სროლაში ვარჯიში, მსოფლიო ლიდერებზე გახმაურებული თავდასხმების დეტალების გარჩევა, სადაც ყურადღება ტერორისტების მეთოდებსა და იარაღზე იყო გამახვილებული. 1980 წლიდან კურსანტების რიგებში ქალებიც გამოჩნდნენ. მათ ხშირად ანდობდნენ კასტროს მონაწილეობით გამართული ღონისძიებების დაცვას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კუბის ლიდერის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ დაცვის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლები. სხვა ორი განყოფილების წევრები პასუხს აგებდნენ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების, მაგალითად, თავდაცვის მინისტრ ფიდელის ძმის, რაულ კასტროს დაცვაზე. პირადი მცველები სამ ნაწილად იყოფოდნენ. პირველის რაოდენობა რამდენიმე ათას კაცს შეადგენდა. ისინი, ძირითადად, კასტროს კაბინეტებს იცავდნენ მის მრავალრიცხოვან რეზიდენციებსა და რევოლუციის სასახლეში. მეორე ასკაციანი ჯგუფი კომანდანტეს ქვეყანასა და საზღვარგარეთ გადაადგილებისას იცავდა. მესამე ჯგუფი ელიტურად ითვლებოდა. მას El Primer Anillo ერქვა, რაც ქართულად “პირველ წრეს” ნიშნავს და მასში შედიოდა 30 რჩეული მებრძოლი, რომლებიც კომანდანტეს დღე-ღამის განმავლობაში არ შორდებოდნენ”... - განაგრძობს გამოცემა.

“ქართველი საზოგადოების ერთ ნაწილს ხშირად ებადება კითხვა, რატომ იბრძვიან ქართველები უკრაინაში, ისინი, რა, გვეხმარებოდნენ ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაშიო?! დიახ, გვეხმარებოდნენ და ესენი იყვნენ მოხალისეთა ბატალიონი “უნა უნსოს” 300-მდე მებრძოლი, მფრინავებისა და მეზღვაურთა ეკიპაჟები, რომლებმაც ათასობით დევნილი გამოიყვანეს აფხაზეთიდან. “უნა უნსო” ომის დაწყებისთანავე ჩამოვიდა საქართველოში და მთელი ომის განმავლობაში ქართველების მხარდამხარ იბრძოდა. ისტორიას დარჩა ბატალიონის მეთაურის ოლეგ ბაბროვიჩის ნათქვამი: “თუ ჩვენ ვერ შევაჩერებთ რუსებს მდინარე გუმისთასთან, მაშინ მათი შეჩერება მდინარე დნეპრზე მოგვიწევს”. სამწუხაროდ, უკრაინელი მებრძოლის წინასწარმეტყველება ახდა. საქართველოში გამარჯვებულმა რუსეთმა 2014 წელს ბრძოლა უკრაინაში გააჩაღა. ახლანდელი ომიც იმ კონფლიქტის ნაწილია. ამიტომაც თვლიან უკრაინელები, რომ რუსეთთან ომი სამი თვის წინ კი არა, 8 წლის წინ დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ქართველი მეომრები თავდაუზოგავად იბრძვიან უკრაინელებთან ერთად, მიმდინარე ომში კი უფრო მეტი ქართველი ერთვება და საერთო მტრის, რუსეთის, დამარცხებაში მონაწილეობს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ქართველი მეომარი რუსეთ-უკრაინის ომში.

“გიორგი შიოშვილი ერთ-ერთია მათ შორის. ის უკრაინელებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ჯერ კიდევ აფხაზეთში იბრძოდა. ქართველი მოხალისე 61 წლისაა. ვინ არის ის, რა მიზანი ამოძრავებდა, როცა ბრძოლისთვის არცთუ სახარბიელო ასაკში ომში წასვლა გადაწყვიტა, როგორია ერთი ქართველი მეომრის თვალით დანახული რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტი, ჩვენს რესპონდენტს ამ საკითხებზე ვესაუბრეთ. გიორგი შიოშვილი: `9 აპრილის შემდეგ დაიბადა იდეა, შექმნილიყო ფორმირება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს დაიცავდა თუნდაც მშვიდობიანი მიტინგის დროს. დავიწყეთ ფიქრი, როგორ შეგვესხა ფრთები იდეისთვის. ვხვდებოდით ავტორიტეტიან პირებს. ერთ-ერთი იყო ჯაბა იოსელიანი, რომელიც სამაჩაბლოში გავიცანი. მოკლედ, სანამ `მხედრიონი~ დაერქმეოდა, მე მანამდე ვიყავი მასთან. ფილოლოგი ვარ, მაგრამ პროფესიით არასოდეს მიმუშავია. სხვათა შორის, ხშირად მინანია, ჩემი კურსელები კარგი ფილოლოგები რომ გამოვიდნენ და მე ეს ვერ მოვახერხე, მაგრამ რაც გავაკეთე, არც იმას ვნანობ, ყველაფერს ვერ გასწვდება კაცი. ამასობაში დავწვრილშვილდი - ოთხი შვილი და შვიდი შვილიშვილი მყავს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი შიოშვილი და შეკითხვაზე - “არ გაგიჭირდათ ასეთი დიდი ოჯახის დატოვება და უკრაინაში საომრად წასვლა?” - პასუხობს:

“ არასოდეს მიჭირდა ომში წასვლა. აფხაზეთის ომის დროს ჩემი შვილები პატარები იყვნენ. ისე იზრდებოდნენ, ფაქტობრივად, ვერ ვხედავდი. აქ წამოსვლის შესახებ მხოლოდ ჩემმა დისშვილმა და შვილებმა იცოდნენ. სხვათა შორის, დიდხანს ვიფიქრე, მერე მიზეზთა გამო დროც გაიწელა და მარტში მოვახერხე ბილეთის აღება. გზის ფულში შვილებიც შემეხიდნენ და წამოვედი".

"ჯერ პოლონეთში ჩავედი სამუშაო ვიზით, რადგან გამაფრთხილეს, შეიძლება დაკითხვა დაგიწყონ, სად მიდიხარ და რატომო, ასე კი დაზღვეული ვიქნებოდი. ბიჭებისგან ვიცოდი, რომ უკრაინას სამხედრო ფორმები უჭირდა და ამიტომ მისი ყიდვა პოლონეთში გადავწყვიტე. ვარშავაში ტაქსის მძღოლი დამეხმარა შეძენაში. როცა მოხალისე ხარ, ან სპონსორი უნდა ნახო, ან შენით უნდა შეიძინო ფორმა. ამის შესახებ ბიჭებისგან ვიყავი გაფრთხილებული. როცა მებრძოლებს იწვევენ, მაშინ თავად უზრუნველყოფენ სამხედრო ფორმით. მართალია, კონტრაქტი გავაფორმე უკრაინის თავდაცვის ძალებთან, მაგრამ მაინც მოხალისე ვარ. კონტრაქტი შეგიძლია არ გააფორმო და ისე იბრძოლო, მაგრამ მე საჭიროდ ჩავთვალე ოფიციალურად მეჩვენებინა, რომ ამათ ვეკუთვნი, მაგრამ ჩემი დისლოკაციის ადგილი არის “ქართული ლეგიონი”, სადაც სხვადასხვა ეროვნების ხალხი მსახურობს, მათ შორის უკრაინელები, პოლონელები, ავსტრალიელები, ინგლისელები, ამერიკელები”... - განაგრძობს რესპონდენტი.

“ქალაქი ბრემენი მდინარე ვეზერზე მდებარეობს და ტრადიციულად გერმანიის სამხედრო გემთმშენებლობის ერთ-ერთ დიდ ცენტრად ითვლება. 1915 წლის სექტემბერში ბრემენის გემთსაშენმა საიმპერიო ფლოტისთვის პატარა წყალქვეშა ნავების კლასის UB II სერიის UB42-ის მშენებლობა დაიწყო. დასრულებული ხომალდი გამოსაცდელად ბუქსირებმა ქალაქიდან 60 კმ-ით დაშორებულ ჩრდილოეთის ზღვაში გადაიყვანეს, შემდეგ გემთსაშენში დააბრუნეს, სადაც სექციებად დაიშალა და რკინიგზით ადრიატიკის ზღვაზე გერმანიის მოკავშირე ავსტრია-უნგრეთის პორტ პოლაში გაიგზავნა. პოლაში 1916 წლის მარტის დამდეგს UB42-ის ხელმეორე აწყობა დასრულდა, ზღვაში გამოიცადა და 23 მარტიდან ექსპლუატაციაში შევიდა. იმავე წლის აგვისტოში კაპიტან-ლეიტენანტმა ფრიც ვერნიკემ ხომალდი კონსტანტინოპოლში გადაიყვანა შავ ზღვაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ სამოქმედოდ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, ქართველების ლაშქრობა გერმანული წყალქვეშა ნავით.

“1917 წლის მაისში UB42-ის მეთაურად უფროსი ლეიტენანტი კურტ შვარცი დაინიშნა და შემოდგომაზე მას დელიკატური მისიის შესრულება დაევალა - წყალქვეშა ნავით კონსტანტინოპოლიდან საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის გასაჩაღებლად ქართველი ემიგრანტები უნდა გადაეყვანა. ბერლინში გამომავალ ქართველ ნაციონალისტთა გაზეთ “კლდეში” 1935 წელს დაიბეჭდა UB42-ის მეთაურის კურტ შვარცის მოგონებები ქართველ ემიგრანტებთან ერთობლივ ლაშქრობებზე. ბორტზე მყოფ ქართველებს გერმანელი საზღვაო ოფიცერი თბილად იხსენებს: “დიდ ომში, სადაც გერმანიასა და მის მოკავშირეებს არსებობისთვის საერთო მტერთან უხდებოდათ ბრძოლა, გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობასთან დაახლოებულმა საქართველოს პოლიტიკურმა წრეებმა თავიანთი სამშობლოს გათავისუფლებაში აქტიური მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს... 1917 წელს UB42-ზე სამსახურის დროს მე საშუალება მომეცა კავკასიელებისთვის ამავე სახის სამსახური ორჯერ გამეწია”, - ამბობს ოფიცერი, რომლის თქმით, “პირველი ოპერაცია წარმატებით დასრულდა, მეორეში კი კავკასიელებს ნაკლებად გაუმართლა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოქტომბრის დასაწყისში გერმანია-თურქეთის ფლოტისგან დავალება მივიღე - ხუთი ქართველი დიდძალი შეიარაღებით საქართველოს სანაპიროსთან უნდა მიმეყვანა. პატარა წყალქვეშა ნავს ამდენი ტვირთის მიღება არ შეეძლო, ამიტომ იძულებული გავხდით სარეზერვო ტორპედოებსა და საარტილერიო ჭურვებზე უარი გვეთქვა. ჩემთვის, როგორც მეთაურისთვის, თავიდან ასეთი დავალება სახარბიელო არ იყო, ვინაიდან ხომალდის შეტევითი ძალა, საბრძოლო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად სუსტდებოდა და ამ ყველაფერს მე კინოფილმივით ვუყურებდი. ჩვენ, როგორც საბრძოლო ეკიპაჟი, შემტევ მოქმედებებზე ვიყავით მომზადებული და არა ამგვარი დავალების შესრულებისთვის. თანაც ბორტზე ბევრი ადამიანი ეკიპაჟის ფიზიკურ აქტიურობასაც ჩვეულებრივზე მეტად ზღუდავდა. წყალქვეშა ნავზე ყოფნისას ჩვენმა სტუმრებმა ჩვენი თანაგრძნობა დაიმსახურეს, ხოლო მათ სევდასა და სიხარულში იუმორი დავინახეთ. ლაშქრობაში თავისუფალ დროს ვავსებდით ჭადრაკით, პისტოლეტის სროლით, ხანგრძლივი დისკუსიებით წარსულისა და პოლიტიკის ათას პრობლემაზე, რამაც ჩვენ უფრო დაგვაახლოვა”... - განაგრძობს ოფიცერი.

“რუსეთის უკრაინაში შეჭრის სამი თვის განმავლობაში ფართომასშტაბიან ომში ათეულობით ახალი საბრძოლო საშუალება ჩართეს, განსაკუთრებით კი უკრაინამ, რომელსაც დასავლეთის ქვეყნებმა სხვადასხვა სახეობისა და ტიპის შეიარაღება გადასცეს. ერთ-ერთი ასეთია გერმანული ერთჯერადი ყუმბარსატყორცნი Mატადორ-ი, რომელსაც უნივერსალური საბრძოლო შესაძლებლობა აქვს - შეუძლია როგორც ჯავშნის გარღვევა კუმულაციური ჭავლით, ისე კედლის განგრევა ფუგასური მოქმედებით. თუკი მსროლელი რაკეტის წინა ნაწილიდან გამოსწევს სპეციალურ ღეროს, რაკეტის კუმულაციური მოქმედების პრინციპი გააქტიურდება და რაკეტა მაქსიმალურ, 500 მ-ზე მიზანში მოხვედრისას 500 მმ სისქის მონოლითურ ჯავშანს ხვრეტს. ამ ღეროს რაკეტის თავის შიგნით ჩაწევის შემდგომ რაკეტის ქობინი ფუგასურ მოქმედებაზე გადადის და კედელს ანგრევს, ამიტომაც “მატადორს” “კარების შემანგრეველსაც” უწოდებენ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით “მატადორებით” რუსულ ტანკებზე ნადირობა / უკრაინელებს გერმანული უნივერსალური ყუმბარსატყორცნებით ჯავშანტექნიკის აფეთქებაც შეუძლიათ და შენობის კედლის ჩამოშლაც.

“ბოლო წლებში შემუშავდა “მატადორის” ახალი მოდიფიკაციები ბევრად გაზრდილი საბრძოლო შესაძლებლობებით, მათ შორისაა ტანდემურად განთავსებული ორი საბრძოლო ქობინის მქონე რაკეტაც, რომელიც მიზანს ჯერ კუმულაციური ჭავლით ხვრეტს და აღწევს ობიექტში, რის შემდეგაც ფეთქდება მეორე, მსხვრევად-ფუგასური ქობინი, და გადარჩენის შანსს აღარავის უტოვებს. სპეციალური ელექტრონულ-ოპტიკური სამიზნის დაყენების შემდეგ (რომელიც ლაზერული მანძილმზომის გარდა, ბალისტიკურ გამომთვლელსა და ლაზერულ ჰიროსკოპსაც შეიცავს) `მატადორის~ კიდევ ერთ მოდიფიკაციას ფუგასურქობინიანი რაკეტის გაშვებაც შეუძლია და მოძრავი მიზნის თავზე დისტანციური ამფეთქით ინიცირდება, ხოლო საჰაერო აფეთქების დროს გამოიტყორცნება ვოლფრამისგან დამზადებული დამაზიანებელი ელემენტების “ღრუბელი”, რაც მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალას ზემოდან აზიანებს. ისრაელმა თავისთვის “მატადორის” განსაკუთრებული მოდიფიკაცია დაამზადებინა, რომელიც 120 მმ ზეკალიბრის რაკეტას უშვებს და განკუთვნილია სახლების კარებისა და კედლების შენგრევისთვის, ისე, რომ შენობაში მყოფნი სასიკვდილოდ არ დაშავდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საინტერესოა “მატადორის” რაკეტის სტარტის პრინციპიც - ერთჯერადი გამოყენების მილში განთავსებულია ორი დგუში, რომელთა შორის მოთავსებულია მცირე სიმძლავრის გამოსაგდები მუხტი. გასროლისას ის ფეთქდება და დგუშებს საწინააღმდეგო მხარეებისკენ უბიძგებს. წინა დგუში გამოტყორცნის რაკეტას, რომელსაც მსროლელისგან უსაფრთხო მანძილზე დაცილების შემდეგ ერთვება სამარშო-სარაკეტო ძრავა და მიზნისკენ განაგრძობს ფრენას. მეორე დგუში მილის უკანა მხარეს აგდებს რაკეტის მასის ტოლ პლასტმასის გრანულებს, რითაც მიიღწევა გასროლისას წარმოქმნილი რეაქტიული მომენტის გათანაბრება და მსროლელზე უკუცემის ძალა აღარ მოქმედებს. ამასთან, მილის უკანა მხრიდან გამოტყორცნილი პლასტმასის გრანულების მოსარიდებლად ორიოდე მეტრიც კმარა, შესაბამისად, “მატადორიდან” რაკეტის გაშვება ოთახიდანაც შეიძლება, რაც წარმოუდგენელია რუსული ერთჯერადი “აგლენიდან”გასროლისას”... განაგრძობს გამოცემა.