უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთში 59 ოკუპანტი და მტრის საბრძოლო მასალების საცავები გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ერთ დღეში, 59 ოკუპანტი გაანადგურეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოპერატიული სარდლობის, „პივდენის“ პრესსპიკერმა, ვლადისლავ ნაზაროვმა განაცხადა.
"ჩვენი თავდაცვის ძალების ოპერაციულ ზონაში ვითარება დაძაბულია. მტერი ცდილობს გააუმჯობესოს პოზიციები, მაგრამ უშედეგოდ,“- აცხადებს ნაზაროვი.
მისი თქმით, გასული დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა „კა-52“ ვერტმფრენებით უკრაინის პოზიციებზე ავია იერიში განახორციელეს, საპასუხოდ კი უკრაინულმა ავიაციამ მტრის პოზიციებს დაარტყა.
„განადგურებულია 59 რაშისტი, ტანკი და 6 სხვა ჯავშანმანქანა, TOR M1-ის საზენიტო სარაკეტო სისტემა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, თვითმავალი ჰაუბიცა „გვოზდიკა“. ასევე განადგურდა საბრძოლო მასალის სამი საველე საცავი ხერსონის ოლქის 3 სხვადასხვა დასახლებაში“, - განაცხადა სარდლობის წარმომადგენელმა.

























