„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მხარდაჭერით ფოთში სასათბურე მეურნეობები მოეწყო

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მხარდაჭერით ფოთში სასათბურე მეურნეობები მოეწყო

ფოთში, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მხარდაჭერით, მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულების ნაწილმა სასათბურე მეურნეობები მოაწყო.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვეში 9 სათბური მოეწყო და შესაბამისად, ახალი მოსავლის მოლოდინში 9 ბენეფიციარი ოჯახია.

„მაია თოფურია პროფესიით კვების მრეწველობის ტექნოლოგია. მისი ამჟამინდელი საქმიანობა ახალი სათბურის მოვლა-პატრონობა და მოსავალზე ზრუნვაა. მისი თქმით, სათბური აქამდეც ჰქონდათ, თუმცა სიძველის გამო ვერ იყენებდნენ. საგრანტო პროგრამის ფარგლებში კი სრულად განაახლეს სათბური და მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ატრიბუტები შეიძინეს, მათ შორის წვეთოვანი სისტემის მასალები», - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც მაია თოფურია ამბობს, მომავალი წლიდან სათბური სრული დატვირთვით იმუშავებს.

„გრანტის მოპოვებამ ძალიან გაგვახარა მთელი ოჯახი. ამ პროგრამამ საშუალება მოგვცა განგვეახლებინა სასათბურე მეურნეობა. შევიძინეთ შესაბამისი ტექნიკა და ახალი მოტივაციით შევუდექით საქმეს. პირველ ეტაპზე მწვანილი მოვიყვანეთ და რეალიზებაც მარტივად შევძელით ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა ჩვენი მიზანია მარწყვის გაშენება. ნერგები უკვე შევუკვეთეთ და მომავალი წლიდან ვფიქრობთ,რომ სათბურს სრული დატვირთვით ავამუშავებთ“, - ამბობს მაია თოფურია.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ინფორმაციით, გოდერძი კორკელიას, მეზობლისგან განსხვავებით, სასათბურე მეურნეობაში საქმიანობის გამოცდილება არ ჰქონია, თუმცა მისთვის ეს საქმე რთული არ აღმოჩნდა.

,,რამდენიმე თვეა თავს უმუშევრად აღარ ვთვლი, ჩემს სათბურში ვარ დასაქმებული, რაც ძალიან მახარებს. ეს კი საგრანტო კონკურსის დამსახურებაა, რომლის მიღება ჩემთვის მოულოდნელი იყო. პირველი მოსავალი უკვე მივიღეთ, კიტრი და მწვანილი, თუმცა ვინაიდან მარწყვი გაცილებით მომგებიანია, ვფიქრობ, მარწყვის ბიზნესის დაწყებას. ჩემი საზრუნავი ახლა ზამთრის სეზონზე მარწყვის მოყვანაა, რისთვისაც უკვე დავიწყე მზადება», - ამბობს გოდერძი კეკელია.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ პროგრამის ბენეფიციარებმა აგრონომისგან ინდივიდუალური კონსულტაციებიც მიიღეს, დეტალურად გაეცნენ იმ წესებს, რომლებიც სხვადასხვა კულტურის მოყვანის, მოვლისა და მცენარეთა დამცავი საშუალებებით დამუშავების, ასევე სათბურების სწორად მოწყობის დროს გამოადგებათ.