მედიის ინფორმაციით, 400-მდე მანქანა, რომლითაც სამხრეთ უკრაინიდან ევაკუირებულები გადაჰყავდათ, რამდენიმე დღე რუსულ საგუშაგოზე იყო გაჩერებული

უკრაინული მაუწყებელის Suspilne-ს ინფორმაციით, 400-მდე მანქანა, რომლითაც სამხრეთ უკრაინიდან ევაკუირებულები გადაჰყავდათ, ბოლო ორი-სამი დღის განმავლობაში ვასილივკაში, რუსულ საგუშაგოზე იყო გაჩერებული. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, აღნიშნულ ავტომობილებს გადაჰყავს ოჯახები ბავშვებითა და ჩვილები, რომლებიც წამოსულია ხერსონიდან, მარიუპოლიდან და ბერდიანსკიდან.
მედიის ცნობით, სამხრეთ უკრაინაში, ზაპოროჟიეში მდებარე ქალაქი ვასილივკა არის რუსეთის მიერ კონტროლირებადი ყველაზე დიდი საგუშაგო, რომელიც ევაკუირებულებმა უნდა გაიარონ, რათა უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდნენ.
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსული ძალები პერიოდულად კეტავენ გასასვლელს, რის გამოც ოჯახები იქ ჩარჩენილი არიან და "საშინელ პირობებში ლოდინი" უწევთ.

























