კრემლი - ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონსა და ოლაფ შოლცთან საუბარში დაადასტურა რუსეთის ღიაობა უკრაინასთან დიალოგის განახლებისთვის

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ტელეფონით ესაუბრა, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან. ამ ფორმატში კონტაქტების გაგრძელებისას მოხდა აზრთა სიღრმისეული გაცვლა უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებულ აქტუალურ ასპექტებზე,“- ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ვლადიმერ პუტინმა გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სპეციალურ ოპერაციაზე“ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„რუსეთის პრეზიდენტმა დეტალურად გააცნო უახლესი მოვლენები სპეცოპერაციის კონტექსტში და აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ზედმიწევნით იცავენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს“, - აცხადებენ კრემლის პრესსამსახურში.
მათივე ცნობით, პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მზადაა განიხილოს გზები, რათა შესაძლებელი გახდეს შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენა.
„თავის მხრივ, რუსეთი მზადაა, ხელი შეუწყოს მარცვლეულის შეუფერხებელი ექსპორტის, მათ შორის შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის, ვარიანტების მოძიებას,“- აღნიშნულია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე მტკიცებით, პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა განაახლოს მოლაპარაკებები უკრაინასთან.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ მდგომარეობას, რომელიც კიევის გამო გაყინულია. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა რუსული მხარის ღიაობა დიალოგის განახლებისთვის,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

























