ვლადიმერ პუტინი - მთავრობა „არამეგობრული ქვეყნების“ მიერ მოსკოვზე დაწესებულ სანქციებთან გასამკლავებლად საჭირო ზომების იმპლემენტაციას აგრძელებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მისი მთავრობა „არამეგობრული ქვეყნების“ მიერ მოსკოვის მიმართ დაწესებულ სანქციებთან გასამკლავებლად საჭირო ზომების იმპლემენტაციას აგრძელებს.
„რუსეთის მთავრობა იღებს სწრაფ გადაწყვეტილებებს ბაზრისა და ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვმუშაობთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, საბრუნავი კაპიტალისა და ლიკვიდობის მხარდასაჭერად“, - განუცხადა მან ევრაზიის ლიდერებს, ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს ვირტუალურ შეხვედრაზე.
პუტინის განცხადებით, ისინი იმ ქვეყნებისთვის, „რომლებმაც თავი რუსეთის სანდო პარტნიორად დაიმტკიცეს“, ეროვნული ვალუტის შესაძლებლობებს აფართოებენ.
რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა სასურსათო პრობლემაზეც, რომელიც უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ შეიქმნა.
„რუსეთი და ჩვენი ორგანიზაციის სხვა წევრები უმეტესწილად პასუხისმგებლობით იქცევიან“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ რუსეთისთვის ყველა ევრაზიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაღრმავება მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, ყირგიზეთში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) ფორუმის მეორე დღეს ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

























