მედია - რუსეთმა მარიუპოლში პროპაგანდისტული ფურგონები განალაგა, სადაც დიდი ეკრანის საშუალებით რუსული სახელმწიფო ტელევიზიების პროგრამებს ტრანსლირებენ

რუსეთმა, ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში, სხვადასხვა ადგილებზე, მოძრავი პროპაგანდისტული ფურგონები განალაგა, რომელსაც დიდი ეკრანი აქვს დამონტაჟებული, მისი მეშვეობით კი რუსული სახელმწიფო ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამები და პოლიტიკური გადაცემების ტრანსლირება ხდება.
დასავლური მედიის ცნობით, ამ გზით კრემლი უკრაინის სამხრეთით ახლად დაკავებული ტერიტორიების ინტეგრაციის მცდელობებს აგრძელებს.
ვიდეოში, რომელიც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ გამოაქვეყნა, ასახულია ფურგონები, რომლებსაც ის "მოძრავ საინფორმაციო კომპლექსებს" უწოდებს.
„მარიუპოლის მოსახლეობა ელექტროენერგიის უქონლობის გამო სამი თვის განმავლობაში ვირტუალურ საინფორმაციო ვაკუუმში იმყოფებოდა“, - ნათქვამია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში.
ერთ-ერთი ასეთი ფურგონი მარიუპოლის დრამატული თეატრის ნანგრევებთან განალაგეს, სადაც მარტში რუსული საჰაერო თავდასხმის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა. მის გარდა რამდენიმე სხვა სატვირთო მანქანაც პატრულირებს ქალაქში, რომლებიც იმ ადგილებშია განლაგებული, სადაც მარიუპოლის მაცხოვრებლები ჰუმანიტარულ დახმარებასა და რუსულ დოკუმენტებს იღებენ ან იმ პუნქტებში, სადაც სასმელი წყალია ხელმისაწვდომი.
„საჭმელი არაფერია, ამიტომ ტყუილი მიირთვით“ პრაქტიკა სულ უფრო და უფრო მატულობს. ეს არის უმაღლესი დონის ცინიზმი", - აღნიშნა მარიუპოლის ლეგიტიმური მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ აღნიშნულ პროპაგანდისტულ ფურგონებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ესაა რუსული სამყარო.

























