დიმიტრი პესკოვი - რუსეთი კიევისგან დე ფაქტო ვითარების გააზრებას ელოდება

მოსკოვი კიევისგან ელოდება რუსეთის მიერ გაჟღერებული მოთხოვნების მიღებასა და რეალური ვითარების გააზრებას, - ამის შესახებ რუსული მედიის ინფორმაციით, კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„მოსკოვი კიევისგან ელოდება მოსკოვის მოთხოვნების მიღებას და იმ დე ფაქტო ვითარების, რეალური სიტუაციის გააზრებას, რომელიც ამჟამად არსებობს“, - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტების კითხვაზე, რა დათმობებს ელოდება მოსკოვი კიევისგან.
„ეს არ არის ტერიტორიული დათმობები. კიდევ ვიმეორებ, კიევმა უნდა აღიაროს დე ფაქტო სიტუაცია და უბრალოდ ფხიზელი გონებით შეაფასოს ის“, - განაცხადა პუტინის პრესმდივანმა კითხვაზე, ეხება თუ არა ეს ტერიტორიულ დათმობებს.

























