უკრაინის გენშტაბი - მტერი ლიმანზე სრული კონტროლის მოპოვებას ცდილობს

დონეცკის მიმართულებით მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დასახლებულ პუნქტ ლიმანზე სრული კონტროლის მოპოვებისა და სევეროდონეცკისა და ავდიივკას მახლობლად ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, რუსეთი აქტიურად იყენებს ელექტრონული ომის საშუალებებს ბახმუტისა და ავდიივკის მიმართულებით.
„რუსული ძალები ახორციელებდნენ თავდასხმის ოპერაციებს უსტინივკას დასახლების მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. გრძელდება ბრძოლა ბახმუტის მიმართულებით. მტერმა წარუმატებლად სცადა შეტევა კომიშუვახას, ლიპოვოსა და ნაგირნის რაიონებში. ავდიივკას მიმართულებით რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს თავდასხმის ოპერაციები კრასნოგოროვკას, კამენკას, ავდიივკასა და პესოკის რაიონებში, მაგრამ წარუმატებლად. ნოვოპავლოვსკის მიმართულებით მტერმა შეტევა სცადა ზოლოტა ნივას დასახლების ტერიტორიაზე, თუმცა დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია.
ზაპორიჟიეს მიმართულებით მტერმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა ნოვოპოლის, ჩარივნის, ორიხივისა და კამიანკას დასახლებების ტერიტორიებს. მიკოლაევის მიმართულებით მტერი ცდილობს გააუმჯობესოს ტაქტიკური მდგომარეობა და უზრუნველყოს წვდომა ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებთან. რუსულმა ძალებმა თავდასხმის ოპერაციები განახორციელეს ტავრიისკის დასახლების ტერიტორიაზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია,“- ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონეცკსა და ლუგანსკში მტრის ათი შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს 4 ტანკი, 2 საარტილერიო სისტემა, ჯავშანმანქანა და ერთი ერთეული სპეცტექნიკა. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა კი გაანადგურეს Orlan-10 ტიპის 5 უპილოტო საფრენი აპარატი.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავმა მტრის პოზიციებს დაარტყა - გაანადგურა პერსონალი და ათამდე ერთეული მსუბუქი ჯავშანტექნიკა. ჩვენმა მებრძოლებმა ორი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

























