გორის მერიის ხელშეწყობით, 15 შშმ პირი პარაპლანით ფრენის ღონისძიებაში მონაწილეობდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, 15 გორელი შშმ პირი პარაპლანით ფრენის ღონისძიებაში მონაწილეობდა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, აქტივობა თბილისის ზღვის მიმდებარედ პატარა ლილოს მთაზე გაიმართა.
მათი ინფორმაციით, სპეციალურად დამზადებული ეტლი–კონსტრუქციების დახმარებით, პარაპლანით ფრენა 40 შშმ პირმა განახორციელა, მათ შორის იყვნენ ომის ვეტერანები და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ტოტალურად უსინათლო, ზურგის ტვინის დაზიანების მქონე და ეტლით მოსარგებლე პირები.
„პარაპლანით ფრენა ,,ახალგაზრდული მედია კავშირის“ პროექტია, რომელიც აერთიანებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ხელს უწყობს მათ ჩართულობას სხვადასხვა სახის სპორტულ - კულტურულ აქტივობებში.
გორის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს ,,ახალგაზრდულ მედია კავშირთან“ და სპორტული ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის საშუალებით, მხარს უჭერს გორელი შშმ პირების მონაწილეობას ისეთ შეჯიბრებებში, როგორიცაა ეტლითხილამურების ჩემპიონატი, ჯომარდობა, ზიპლაინი და სხვა.
აღნიშნული აქტივობების განხორციელება საქართველოს მიერ რატიფიცირებული გაერო-ს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციასა და შშმ პირთა მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვრევას უწყობს ხელს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

























