გუბერნატორი - ოკუპანტებმა სევეროდონეცკი დაბომბეს, დაიღუპა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე

სევეროდონეცკში მტრის დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერჰი გაიდაიზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, რუსული ჯარები რეგიონულ ცენტრს ქაოტურად და თითქმის განუწყვეტლივ ბომბავენ.
„სევეროდონეცკში ოთხი ადამიანი დაიღუპა ერთ-ერთ მაღალსართულიან კორპუსში. მაშველებმა ადგილზე ორი მამაკაცის და ერთი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. მძიმედ დაშავდა კიდევ ერთი ქალი. მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც საოპერაციო მაგიდაზე გადაიცვალა“, - აცხადებს გაიდაი.

























