თურქეთის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელი შვედეთის საგარეო მინისტრს „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ეს არის დეზინფორმაცია დეზინფორმაციასთან ბრძოლის სახელით, - ასე გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფაჰრეთინ ალთუნი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ან ლინდეს განცხადებას, რომლის თქმითაც, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ოლოფ პალმეს მთავრობამ „ქურთისტანის მუშათა პარტია“ ტერორისტულ ორგანიზაციად ჯერ კიდევ 1984 წელს გამოაცხადა და ეს პოზიცია უცვლელია.
ფაჰრეთინ ალთუნის თქმით, თუ შვედეთი ნამდვილად თვლის „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ ტერორისტულ ორგანიზაციად, მან უნდა გააკეთოს ის, რაც საჭიროა.
„შვედეთი არ ცდილობს შეაჩეროს „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მუდმივი პროპაგანდა, თანხების მოზიდვა და დაკომპლექტება. შვედეთი ასევე იარაღით ამარაგებს ტერორისტებს. კეთილსინდისიერება საუკეთესო პოლიტიკაა. გვიყურებთ თვალებში და აგრძელებთ ტყუილს, აგრძელებს ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერას. თუ შვედეთი ნამდვილად თვლის „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ ტერორისტულ ორგანიზაციად, მან უნდა გააკეთოს ის, რაც საჭიროა,“- წერს ფაჰრეთინ ალთუნი „ტვიტერზე.“

























