ნიკა სიმონიშვილი - სასაცილოა, „რუსთავი 2“-ის 6 მილიონით დაზარალების საქმეზე მოსამართლემ 50 000- ლარიანი ჯარიმა გამოიყენა, მოუთმინა ამდენი და მანქანით სარგებლობა ვეღარ მოითმინა? - გადაწყვეტილება საკორპორაციო სამართლის პრინციპებს თავდაყირა აყენებს

ნიკა სიმონიშვილი - სასაცილოა, „რუსთავი 2“-ის 6 მილიონით დაზარალების საქმეზე მოსამართლემ 50 000- ლარიანი ჯარიმა გამოიყენა, მოუთმინა ამდენი და მანქანით სარგებლობა ვეღარ მოითმინა? - გადაწყვეტილება საკორპორაციო სამართლის პრინციპებს თავდაყირა აყენებს

ცოტა სასაცილოა, „რუსთავი 2“-ის 6 მლნ-ით დაზარალების საქმეზე მოსამართლემ 50 000 ლარიანი ჯარიმა გამოიყენა, მოუთმინა ამდენი და მანქანით სარგებლობა ვეღარ მოითმინა, ყელში ამოუვიდა და ამიტომ დაუწესა ასეთი სასჯელი? უცნაური ამბავია - ეს გადაწყვეტილება საკორპორაციო სამართლის პრინციპებს თავდაყირა აყენებს , - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც სიმონიშვილმა აღნიშნა, კომპანიისთვის ფინანსური ზარალის მიყენების საქმეზე პროკურატურას გვარამიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს.

„ხელისუფლებას უნდოდა, საზოგადოების განცდებით და შეხედულებებით ემოქმედა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. რომ ნიკა გვარამია არის ცუდი ადამიანი. გასაგებია, რომ ბევრ ადამიანს გვარამია არ უყვარს და ხელისუფლება ამით მანიპულირებდა. რადგან ნიკა გვარამია ზოგიერთი ადამიანის თვალში ცუდი ადამიანია, ე.ი. ის დამნაშავეა - ხელისუფლებამ ასეთი "მესიჯები" გაუშვა. მაგრამ ამას სამართლებრივად რომ შევხედოთ, ჩვენს ქვეყანაში უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს - სანამ არ დამიმტკიცებს სახელმწიფო, რომ დამნაშავე ვარ, უდანაშაულოდ ვითვლები. არ უნდა ვამტკიცო, რომ დამნაშავე არ ვარ. პროკურატურას უნდა წარმოედგინა მტკიცებულება - აი, აქედან რომ ფული დაიკარგა, შენ იმ განზრახვით გააკეთე, რომ ეს ფული დაგეკარგა, კომპანიისთვის ზიანი მიგეყენებინა, შემდეგ კი ამით ბინები შეიძინე. თუმცა ერთია რას ამბობს პროკურატურა, მეორეა, ვის აქვს მტკიცებულებები. მტკიცებულებები არ იყო. როდესაც მტკიცებულებები არ არის, ითვლება, რომ დანაშაული არ იყო“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას საქმის იმ ნაწილს, სადაც კომპანიის კუთვნილი ავტომობილის პირადი მიზნებისთვის გამოყენებას ედავებიან, სიმონიშვილი ამბობს, რომ კერძო კომპანიის შემთხვევაში ეს მიღებული პრაქტიკაა.

„სახელმწიფო სამსახურის შემთხვევაში ეს [სამსახურის მანქანის პირადი მიზნებით გამოყენება] ცალსახად დანაშაულია, თუმცა ამაზე გამოძიება არ გვინახავს. კერძო კომპანიასთან მიმართებით კი რადიკალურად განსხვავებული ვითარება გვაქვს. ზოგადად, მიღებული პრაქტიკაცაა, რომ დირექტორმა, შესაძლოა, მათ შორის პირადი სარგებლობისთვის, ავტომობილი გამოიყენოს. დირექტორის ანაზღაურება სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით მეტიც არის ხოლმე. შესაძლოა, დანამატის ერთ-ერთი ფორმაც იყოს მანქანით სარგებლობა ოჯახისთვის. თან, როდესაც ისეთი კომპანიის დირექტორი ხარ, რომ შესაძლებელია შენი და შენი ოჯახის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდეს და კომპანია ამ კუთხით ზრუნავდეს“,- განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი. სასამართლომ ბრალდებულის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლით დააკვალიფიცირა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნულისთვის გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

ასევე, ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გამართლდა სხვა ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

კახაბერ დამენია „ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე დამნაშავედ იქნა ცნობილი. დამენიას სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირდა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარი.

ზურაბ იაშვილი წარდგენილ ბრალდებებში სრულად გამართლდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობდა.